მოხმარების „შიშველი საგნები“ მუდმივი ჩანაცვლებისთვის არიან განწირულნი და ამდენადვე, ისინიც მიუსაფარნი არიან.

და როგორც ჩვენი მიუსაფრობა, უინტიმურეს ნივთთა გა-ქრობაც საგნობრიობის სფეროს განეკუთვნება.

ჩვენი არსის უსაფრთხოდ ყოფნის მოთხოვნამ კი ნივთები შიშველი პირისპირდგომიდან უნდა იხსნას.

„ხსნა“ გულისხმობს, რომ ნივთები კავშირთა მთლიანობის უფართოეს თვალსაწიერში, ანუ ერთიმეორეში შეუზღუდავ გარდა-ქცევაში დაფუძნდეს.

ასე არიან ფუნდირებულნი ფიროსმანის „დიდ ნატურმორტში“ ნივთები.

ასე დგანან ამ ნატურმორტში ნივთები თავიანთ შე-უზღუდავ გადა-ქცევებში…

ეს ნატურმორტი ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა.

ფიროსმანის მიუსაფრობის სამყაროული მუნ-ყოფნის შიდასამყაროულ სივრცეში გა-დაქცევა ერთგვარი იმპლიკაციაა იმისა, რომ პირისპირმდგომ საგანთა სისუსტე და წარმავლობა მაწარმოებელი ცნობიერების შინა-განობიდან და უ-ხილაობიდანაა შობილი.

1925 წლის 13 ნოემბერით დათარიღებულ წერილში რილკე წერდა, ჩვენი ამოცანაა, ეს წარმავალი, ფაქიზი მიწა ჩვენში ისე ღრმად, ისე ტანჯულად და ვნებით შთავბეჭდოთ, რომ მისი არსი, ჩვენში „უხილავად“ კვლავ აღვადგინოთო…

მერე კი დასძენს, ჩვენ უხილაობის ფუტკრები ვართო.

და ფიროსმანიც ონტოლოგიური უსაფრთხოების თაფლს ამზადებდა თითქოს, რათა იგი ხიფათის დიდ ყვითელ სკაში შე-ენახა…

შე-ენახა – ნიშნავს, გა-ეხსენებინა!

გა-ხსენება მოგვაქცევს მარტოოდენ დამამკვიდრებელ, მსწრაფველ არსებებად.

გა-ხსენებით ვმკვიდრდებით სამყარო-ში, სადაც ყოველივე შინა-განია.

და ყოველივე არა მარტო საკუთრივ ცნობიერების შინა-განობაში გარდასულად რჩება, არამედ ამ შინაგანობის წიაღში „სხვად“ შემოგვექცევა.

მხოლოდ „შინა-განის“ ამგვარი შე-ნახვის წყალობით ვუწყით გარე-განი“!

 

* * *

ფიროსმანის ერთ ტურფას ხელში ვარდი უჭირავს.

ეტრატზე ასეთი ტექსტია: „აბა მნახეთ რა დღეში ვარ“.

ეს ტურფა არათუ ნდობის გარემოულობიდანაა ამოვარდნილი, არამედ საერთოდ გარემოულობასაა მოწყვეტილი…

როგორც მის ფერხთით დაყრილი ყვავილები არ არიან ის მცენარეები, სანდოობით დამუხტულ ეზო-ყურეში რომ ხარობენ.

ნდობით გარემოში ჩართულობის ჩუმი სიხარულისა და ასეთი გარემოდან ამოვარდნილობით გამოწვეული სევდა-ვარამია უშვილო მილიონერისა და შვილებიანი გლეხი ქალის იკონიკურ ნარატივში.

ამ სურათში სამყარო-ში-ყოფნის ორი ფორმის შეხვედრაა: ერთი მათგანი ნდობასთანაა დაკავშირებული, იმავდროულად ნა-ყოფიერების ფერმენტსაც რომ გულისხმობს.

მეორე კი მოკლებულია ამ ფერმენტს.

ნაყოფიერება შვილიერებას არ მოასწავებს.

ნა-ყოფიერების ცნება გაცილებით ფართოა.

ნა-ყოფიერება გულისხმობს შიდა-თავსის ორგანულ გადა-ქცევას ნდობის გარემოს რომელიმე ყოფიერზე.

ამ გაგებით, მილიონერი მარტო იმ აზრით კი არაა ნაყოფიერებას მოკლებული, რომ ის ბერწია, არამედ იმდენად, რამდენადაც ნდობის გარემოში ვერ ჩაფლულა და არავინა ჰყავს გარშემო ისეთი, ვისაც თავის შინა-განობას გაანდობს.

ნაყოფიერება შინაგან ბუნებაზე დამყარებული ორგანული მატებაა.

ასეთი ზრდის პრინციპს ძველი ბერძნები „ფიუსისს“ – ბუნებას ეძახდნენ.

ესაა სიტყვა, ფასო-ს, სინათლეს, ნათელს, მერე კი, ორგანულ დუღილს, ასე ვთქვათ, გა-ფუებას რომ უკავშირდება.

ასეთი დუღილით იხატებოდა ფიროსმანის ნათელი სამყარო;

სამყარო გულის-ხმიერი და სანდო;

სანდო და უსაფრთხო…

ადამიანის ყოფიერება საფრთხე-ში ყოფნის ყოფიერებაცაა.

უმთავრესი საფრთხე წაბილწვაა.

„ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“ – ეს ვაჟაა.

და არც ფიროსმანი შეკვრია ზავით სიბილწეს, ადამიანურ მუნყოფნას, მუდმივი განსაცდელის სახით რომ სდევს.

ამასობაში ის მორალურადაც მაღლდება ადამიანზე, რომელსაც ეზარება იზრუნოს საკუთარ თავზე და ცხოველივით ცხოვრობს.

სიბილწეში ცხოვრობს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11