ყველა დროის ყველაზე დიდმა პოეტმა აღწერა, თუ ვითარ იშოვა უდიდესმა გმირმა ანტიკურობისა თავისი ფარი.

ეს პოეტი ჰომეროსი იყო;

გმირი კი – აქილევსი.

ფარი აქილევსის დედის, ქალღმერთ თეტისის თხოვნით ჰეფესტომ გამოსჭედა.

ჰეფესტო “ილიადაში” ხასიათდება, როგორც  – „ჩანაფიქრისათვის ხორცშემსხმელი“.

და ალბათ, ამაშიცაა პოიესისის მთელი იდუ(ო)მალება!

ჰაიდეგერისამებრ,  ნიშნავს იმის ცოდნას, ანდა უფრო ზუსტად, ხილულად და თვალსაჩინოდ აღქმას, თუ როგორ წარმოაჩენს თავის თავს ყოფიერება არსებულში; ვთქვათ და, ბრძოლა – მებრძოლში, სიყვარული – შეყვარებულში, ოსტატობა – ოსტატში…

რა და როგორ ავლენს თავის თავს ჰეფესტოს მიერ გამოჭედილ აქილევსის ფარზე, ამ უკანასკნელის პრაგმატული ანუ დაცვითი ფუნქციებიდან განყენებისას – საკითხავი, აი, ეს არის!

„ფარისა“ და „ფარობის“ არსი თითქოსდა, ერთი შეხედვითაა გასაგები და წმინდა მილიტარისტული ფუნქციით ამოიწურება.

შესაძლოა, სასურველი იყოს, რომ საომარი მოხმარების საგანმა მეორეული, ესთეტიკური ფუნქციაც შეიძინოს, რომ ფარს, გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, რაღაც სხვაც მოეთხოვოს, სახელდობრ-თავდაცვითობას სილამაზეც დაერთოს.

ამ გაგებით, სილამაზის დამატებისათვის, სასურველია, ფარზე გამოხატულს ნარატიული ქარგაც გაჩნდეს.

და დროის პრაგმატული ფუნქციის ესთეტიკური დანამატიც ეს იქნება!

და მაინც, გაურკვეველია, რა საჭირო იყო მხედრულ იარაღს, თავდაცვისუნარიანობისათვის, ესთეტიკური მომენტიც დამატებოდა?!

საკითხავი რჩება ისიც, თუ ფარისათვის, როგორც საომარი იარაღისათვის, იყო თუ არა სულერთი ის, რაც მასზე იყო გამოსახული?!

და რა იყო გამოსახული ჰეფესტოს გამოჭედილ ფარზე?

ცა და მიწა, მზე და მთვარე, ზღვა და ხმელეთი, ანუ ყოველივე ის, რაც სამყაროს სამყაროულობის შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენს.

სხვაგვარად: ჰეფესტოსეულ ფარზე დაუფარავად წარმოჩინდება სამყარო – თავისი სამყაროულობითა და საზღვრებით.

სამყაროს სამყაროულობა ადამიანის არსებობასაც მოითხოვს: ადამიანმა თავის თავში უნდა შეინახოს და ატაროს სამყაროულობის, გინა სამყაროულ არსთა დასაბამიერის ურთიერთმიკუთვნებულობის იდეა.

და ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ფარზე, სტიქიებთან ერთად ადამიანებსაც შეხვდეს კაცი…

ეს ადამიანები რეალურ პირთა ასლები კი არ არიან, არამედ არსებანი, სამყაროულობის განსაზღვრულ სახეებს რომ ი-ნახავენ და წარმოაჩენენ.

სამყაროულობის ერთ-ერთი სახე შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქალაქურობა და ქალაქად ყოფნა.

როგორ ვლინდება ქალაქურობის პრინციპი?

როგორც მშვიდობიანი სა-მოქალაქო ცხოვრება, გნებავთ, სა-მოქალაქო ბრძოლა.

აი, რატომაცაა ათინა პალადა ერთის მხრივ, სამოქალაქო ცხოვრების მფარველი, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქთა მრისხანე შემმუსვრელი.

ამიტომაცაა ფარზე გამოხატულ ერთ ქალაქში სამოქალაქო მშვიდობა რომ სუფევს, მეორეში კი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა მომხდურებთან.

და შესაბამისად, ფარზე გამოსახული სამოქალაქო მშვიდობის რეპრეზენტაციას შეიძლება შევხვდეთ როგორც ქორწინების, ისე სამოქალაქო (და საქალაქო) სამართლის მიზღვის სცენებში. სა-მოქალაქო ცხოვრება სამყაროული არსებობის მარტოოდენ ერთი სახეა;

და ასეთივე სახედ წარმოგვიდგება სასოფლო ანუ რურალური ცხოვრება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11