„გიორგობაში“ სამყაროულობის ორ სახეს ერთურთისაგან კვლავაც მდინარე მიჯნავს.
„ერთი მხრივ“, ტაძარი, რომელიც ტაძრობს – მრევლს თავს უყრის და ზეციურისა და მიწიერის საკრალურ კავშირს ახორციელებს.
მეორე მხრივ, ყაჩაღები, მავან მგზავრს ღამის(ეულ) მარტოსულობაში იპყრობენ და ძარცვავენ.
„თავისმოყრა“VS„მარტოსულობაში პყრობა“ – ესეც, გენერალიზებადი ონტოთემატური კოდი.
ნიშანდობლივია, რომ ძველი ბერძნების ცნობიერებაში სამართლიანობა –
თავმოყრასთან კავშირში იაზრებოდა, ხოლო უსამართლობა –
– განცალკევებასთან და იზოლირებასთან ასოცირდებოდა.
„კახურ ეპოსში“ ტაძარი მრევლს თავს არ უყრის-მეთქი.
არადა, ცენტრალური ნაწილის უკანა პლანზე ბორცვის ძირას შემოკრებილ მრევლს შეგვიძლია ვკიდოთ თვალი.
თავად ბორცვიც – ამაღლებული ადგილი – შეიცავს იმის შესაძლებლობას, რომ ცისა და მიწის საკრალური ერთიანობა გავიაზროთ.
ბორცვის ძირას შეკრებილი ხალხი თითქოსდა, თავს მაინც იყრის იმ მანდილოსნის მეცადინეობით, ჯვარი რომ უპყრია ხელთ.
ბორცვის თავზე უზრუნველად წამოწოლილა მწყემსი.
არადა, მწყემსის უზრუნველობა სულ სხვა ჰაბიტალური საქციელია, ვიდრე მოქეიფის „სულერთობა“.
მწყემსის „სხვათაშორისობა“ მინდობას ითვალისწინებს.
მოქეიფეთა მიზანსცენა კი, თავის თავში, არანაირ ნდობას არ შეიცავს და ოდენ „სულერთობის“ მოდუსში სუფევს.
„სხვათაშორისობა“ და „სულერთობა“ – აი, „ყოფნის“ ორი განსხვავებული მოდუსი!
ტრიპტიქის მარჯვენა ნაწილში ისევ ვხვდებით სამყარო-ში ყოფნის ორ, განსხვავებულ ხატს:
ტაძრულობასა და ყაჩაღობას.
თუმცა, „ბოლნისობისაგან“ განსხვავებით, ეს კონტრარულობა ერთი სურათის წინა და უკანა პლანებს შორის ხორციელდება და არა კომპოზიციის მარჯვენა და მარცხენა სეგმენტებს შორის.
ტაძრულობისა და ყაჩაღობის სამყაროს ერთურთისაგან კლდე მიჯნავს.
სხვაფრივ, ფიგურების წარმოჩენილი ტიპები – ყაჩაღებისა და პოლიციელების ჩათვლით, ერთნაირია.
და ეს ერთნაირობაც ფიროსმანის ფარული (sic) ონტოთემატური ჰორიზონტია.
სამყაროული ხდომის რეპრეზენტაციაა „დღესასწაული ცხენისწყლის პირას“.
ამ სურათის მაჯვენა და მარცხენა ნაწილებშიც, ადამიანურ სამყაროში – ყოფნის განსხვავებულ სახეებს ვხვდებით.
ესაა სოფელი – ახოს, ანუ ტყეში გაკაფულის კვალს რომ ატარებს…
განაპირას – კოკიანი ქალი, თოხიანი მამაკაცი და მსროლელი (მეთოკე).
და ესეც – სოფლურობის არსის რეპრეზენტაციაა.
„თოფი მეთოფესა და მეთოფე სოფელსო“…
კომპოზიციის მარჯვენა მხარეც ახოს წარმოადგენს, ოღონდ – „გაუკაფავ“ ახოს;
აქ მშვიდად თანა-მყოფობს ძაღლი და ირემი; ანდა მესათხევლე ბადითა და დაჭერილი თევზით…
დაბოლოს, კომპოზიციის ცენტრალური ნაწილი – ვრცელ განაკაფს რომ გვიხატავს.
ტაძრისკენ მიმავალ გზაზე შემდგარ Homo festivus-თა კოლონით…
ახლა, „გვიმრაძეების ქეიფიც“ შეიძლება მოვიხმოთ:
აქაც სოფლისა და ქალაქის საკრალური შეხვედრაა; თითქოსდა, მსგავსი (და ხატი) იმისა, აქილევსის ფარის აღწერაში რომ ვხვდებით.
და მაინც, რა არის ეს „სოფლური“ ყოფიერება?!
„სოფლური“ ყოფიერება არ ამოიწურება ოდენ ხიფათითა და ფათერაკით.
იგი საფარსაც შეიცავს.
ამგვარ სა-ფარად ფიროსმანთან ტაძარი გვეგულება.
ტაძარი, მრევლს თავის გარშემო, უზენაეს დაცულობაში რომ იკრებს.
მრევლის დაცულობაში თავმოყრა მარტოსული მგზავრის დაუცველობის ანტითეზაა.
ფიროსმანის სურათში მდინარის მეორე მხარე ტაძრული ნათელითაა მოცული;
და დაცულიც…
ტაძარი თავისკენ იზიდავს მოკვდავთ.
ასეთი მიზიდვა ხორცს ჩარდახიანი ურმის მეოხებით ისხამს.
ჩარდახიანი ურემი ნდობის გარემოში მოხვედრის ისეთივე საკრალური ინსტრუმენტია, როგორც სოფლის ექიმის სახედარი თუ ქოლგა.