სასოფლო ცხოვრებას მიწის მოხვნისას და დამუშავებისას შეიძლება გადავეყაროთ.

ჰომეროსი წერს:

„ფარზე ხატია ფართი ველი და ხოდაბუნი,

ფხვიერი, სამგზის გადახნული.

მიწათმოქმედნი

უღელში გაბმულ მოზვრებს სვეზე ერეკებიან

და როცა ისევ მოუხვევენ ყანის სამანთან,

თვითეულს ღვინის თასით აძლევს კაცი სალხინოს.

და ოდეს კვლავ სვეს თავიანთსას უბრუნდებიან,

ჩქარობენ ბოლოს გაიტანონ უხეში ხნული.

თუმც ხოდაბუნი ოქროსია, ხნული შავდება

და უკან რჩება. სასწაული რამ სურათია!“

სასოფლო ცხოვრების მეორე ხატი შეგვიძლია კალოობაში განვჭვრიტოთ:

„შემდეგ დახატა ყანა მაღალ თავთუხიანი,

მოპირულ ნამგლებს მომკელთ ხელში ბზვინვა გაუდის.

ზოლ-ზოლად ხშირი თაველები მიწაზე ცვივა,

მარჯვედ კონავენ შემკვრელები ძნებად და ძნებად.

სამ-სამი მისდევს თითოეულს, უკან ბავშვები

თავთუხს თავთუხზე ამატებენ კონა კონებად

და მათ აძლევენ. იქვე მოჩანს ყანის პატრონი

კომბალით ხელში, გულში სიამე შემოჰფენია,

შორს კი მსახურნი სუფრას დგამენ მუხის ჩეროში,

ხარი დაუკლავთ, ფუსფუსებენ, ხოლო დიაცნი

თეთრ ფქვილს ურევენ, რომ მოასწრონ ტკბილი სამხარი.“ 

სხვა სასოფლო სახეს შეიძლება რთველისას წავაწყდეთ:

„ზემოთ მოხატა დახუნძლული ოქროს ვენახი,

მხოლოდ მტევნები კიაფობენ სურათზე შავად,

ვაზი უჭირავს ვერცხლის ჭიგოს.

ვენახთან ახლოს

მუქლურჯი თხრილი და ბრძენისაგან თეთრი კედელი

გამოსახულა. ვაზებს შუა ვიწრო ბილიკზე

ჩანან მზიდავნი.

რთველი არის ბარაქიანი

ქალწულთ და ყმაწვილთ გული უცემთ

ლხენით და შვებით,

სავსე გიდელით როცა მიაქვთ ტკბილი ნაყოფი.

იმათ შორის დგას მშვენიერი ერთი ჭაბუკი,

წკრიალა ფორმინგს რომ ამშვენებს და ტკბილად მღერის,

ჭაბუკის გვერდით მხიარულად როკავენ ყრმანი,

დგას ჟრიამული, ჟღერს სიმღერა, ქუხს საფერხისო.“ 

სასოფლო ცხოვრება მიწის დამუშავებით არ ამოიწურება.

ეს მოტივი შეიძლება მწყემსობაშიც ვიპოვოთ.

აქილევსის ფარზე მსხვილფეხა საქონლის მწყემსები გვხვდებიან.

მწყემსობა ნახირზე ზრუნვასა და თავდადებას, ნახირის ხიფათისაგან დაცვას გულისხმობს.

ჰეფესტო გამოსახავს ყველაზე მრისხანე ცხოველებს: ლომებს, ნახირს რომ დასცემიან თავს.

მწყემსები და მწყემსური ყოფიერების უპირველესი შემწენი – ნაგაზნი კი ნახირის ფათერაკისაგან გამოხსნას ლამობენ.

და ბოლოს, სამყაროული ყოფიერების რურალური ხატი სოფლური დღესასწაულის ფორმით შეიძლება შემოგვეყაროს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11