იმისათვის, რომ წინდაწინ ვიცოდეთ სამყარო-ში-ყოფნის ის სახე, „ფიროსმანის სამყაროში“ რომაა გაცხადებული, ყველაფერი იმთავითვე ნათელი იქნებოდა.

არადა, საკითხავი (ისევ საკითხავი!) თავად ეს სახეა.

გამოდის, რომ ფიროსმანის „სამყაროს“ ექსისტენციალურ-ანალიტიკური რემოდელირებისას, „სამყაროს“ პირველადი მნიშვნელობა, ყოველივე იმის ჯამია, სამყარო-ში-ყოფნის საწყისეულ სტრუქტურას რომ ეფუძნება, თუმცა, ამ უკანასკნელის ჩვენთვის სა-ინტერ-ესსე-ო სახე მაინც დაფარული რჩება.

„სამყარო“ ფიროსმანთანაც გულისხმობს იმას, „რაშიც“ ცხოვრობს ადამიანი; მის ფაქტიურ გარემოს…

„გარემოს“ ცნებაში კი რაღაცნაირად ერთიანდებიან „სამყაროს“ ჩვენთვის სა-ინტერ-ესსე-ო მნიშვნელობები.

ბოლოს და ბოლოს, ინტერ-ესსე-ყოფიერებაში დგომას ნიშნავს და ჩვენი ფილოსოფიურესეისტური ინტენციაც ფიროსმანის სამყარო-ში, როგორც ყოფიერების მოდელში, დგომის შესაძლებლობაა;

ფეხის მოკიდება ამ სამყარო-ში; მასში „ყოფნა“ და მოწონება.

პარადოქსი ისაა, რომ ფიროსმანს, როგორც დიდ არტისტს, აღმოაჩნდა უნარი, მასა დაენახვებინა ისეთი, როგორიც იგი არის – როგორც უბირი ხალხი, როგორც სოციალური სტრუქტურის ერთერთი მარტივი ინგრედიენტი; ინგრედიენტი ინგრედიენტთა შორის; როგორც „ისტორიული პროცესის ინერტული მატერია და სულიერი კოსმოსის მეორადი ფაქტორი“ (ხოსე ორტეგა-იგასეტი).

და მეორეც: ფიროსმანმა შეძლო, „ხალხური ესთეტიკა“, ანუ მშვენიერების ხალხური წარმოდგენები, გნებავთ, „ბარბაროსულ გემოვნებად“ კვალიფიცირებული ესთეტიკური გამოცდილება „წმინდა გემოვნების“ ფენომენად ექცია; „დაუკმაყოფილებლობის“ უცნაური გრძნობა, რომელსაც მისი სურათები – ცოდვა გატეხილი სჯობს და, – თანაბრად ტოვებენ, როგორც „ზიარებულთათვის“, ისე „პროფანთათვის“, ნორმატიულ მოცემულობად ექცია და თავისებურად გაემართლებინა კარლ კრაუსის აფორისტული ნათქვამი – „ლექსი (resp. სურათი – დ. ა.) მოგვწონს მაშინ, როდესაც ვიცით, ვინ არის მისი ავტორი“.

როლან ბარტი კი წერდა, რომ თუ მხატვრულ ტექსტს აღმოაჩენენ ანონიმურობის მდგომარეობაში, ავტორის ხელახალი აღმოჩენის მცდელობებიც აქედან იწყებაო.

ფიროსმანის, როგორც „ავტორის“, თავიდან აღმოჩენის მცდელობებიც ანონიმურობის მდგომარეობაში ჩაისახა; გარკვეულწილად, დღემდე გრძელდება და მოასწავებს თავიდან აგებას იმ „გონიერი არსებისა“, რომელსაც „ავტორი“ ჰქვია.

ესაა ალტერნატიულ სამყაროთა და ამ სამყარო-ში-ყოფნის მოდუსთა მსახველი…

ეს სამყაროები ონტოლოგიურ დიფერენციათა ნიშნებიცაა…

ნიშნები, რომელთა მიღმაც „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ ლივლივებს;

სიმსუბუქე, რომელიც კიდეც გვიზიდავს და კიდეც – გან-გვიზიდავს…

ესაა თავშესაფარიცა და მიუსაფრობის ტოპოსიც…

ეს არაა სამყაროსადმი პირისპირ დგომა, დროსა და სივრცეს გამოთვლის საზომად რომ მიიჩნევს და დროის არსზე ისევე მცირედი ძალუძს უწყოდეს, როგორც სივრცისაზე.

ფიროსმანის სამყარო-ში-ყოფნა წარმოდგენის „შიგნით“ გვიზიდავს.

ამასთან, ფიროსმანი რილკესავით, კონკრეტულად, არც შიდასამყაროული სივრცის ვრცეულობებს იაზრებს და არც თავად ამ სივრცეზე ამბობს რაიმეს – მარტოოდენ დროულობაში დაფუძნებული პრეზენცის სამყოფელს გვიცხადებს;

სამყოფელს (და სამყოფს), როგორც პრეზენცს…

ამ პრეზენცის არსებითი დრო კი არსებით სივრცესთან ერთად ქმნის ერთიან ჰომოგენურ ქრონოტოპს, რომლადაც საერთოდ ყოფიერება გვევლინება.

წეღან რილკე ვახსენე და, „კუნსტდინგების“ ავტორი ახალდროული მეტაფიზიკის „მრგვლოვანებაში“, ანუ სუბიექტობის სფეროში, შინაგან და უხილავ პრეზენცში, ადამიანის თვითდამამკვიდრებელი არსით დაფუძნებული მიუსაფრობის იმგვარი გაგების მოცემას ცდილობს, რომლის თანახმადაც, თავად შე-მოქცეული გვფარავს უფართოესი შიდასამყაროული სივრცის უუღრმესსა და უუხილავეს ალაგას.

აქ კი „უფსკრულოვანი“ ცნობიერების კონტურებიც ისახება.

დიახ, მიუსაფრობა, როგორც ასეთი – ფარავს (sic).

ფარავს, რამეთუ ის თავისი არსითაა ნიშანი ღიას საპირისპიროდ განშორებიდან შე-მოქცევისა.

უკუ-მოქცევა ღიას-ს წიაღში რჩება.

და ამიტომაც, ცნობიერების უკუმოქცევა ფიროსმანისეულ ონტოტექსტებში გულის-ხმიერების შინაგანი პრეზენცია; წარმოდგენის საგანთა იმანენცის მო-გონება…

ადამიანი გან-ზრახულ თვითდამკვიდრებაშია გათქვეფილი, იგი არათუ მარტოოდენ თავადაა მიუსაფარი, არამედ ნივთებიც მიუსაფარნი არიან, პირისპირმდგომ საგნებად ი-ქცევიან.

აი, რაში მდგომარეობს ნივთის გადა-ქცევა შინაგანსა და უხილავში.

ამასთან, ეს გადა-ქცევა გამო-თვლილი საგნების შეთხზული სურათის გზით ცვლის ნივთების არამყარობასა და, გნებავთ, იმანენტურ სიმყიფეს.

გამო-თვლილი ნივთები არიან ნა-წარმოებნი გამოყენებისათვის; და რაც უფრო სწრაფად იცვითებიან ისინი, მით უფრო საჭირო ხდება მათი უსწრაფესი და უმტკივნეულო შეცვლა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11