დღესასწაულის დღესასწაულობა ფერხულსა და ფეერიულ სამოსელში, ყვავილებისაგან დაწნულ გვირგვინებსა და საზეიმო სიმღერაში აჩვენებს თავს…

და ესეც აქილევსის ფარზე შეიძლება ვიპოვოთ გამოხატული.

არის რაღაც საერთო ჰომეროსსა და ფიროსმანს შორის;

არა გენეტიკური, არამედ ჰერმენევტიკული მსგავსება…

ორივე მათგანისთვის არსებითია არა ის, რომ ლექსად თუ სურათად გამოხატული, რომელიმე ნამდვილად არსებულს წააგავდეს, არამედ ის, რომ არსებულის პარალელურად, ყოფიერების პრინციპი წარმოჩნდეს.

თეზისი იმის შესახებ, რომ კერძო ადამიანი ყოფიერების რომელიღაც სახის გამოვლინების თვალთახედვით უნდა განვიხილოთ, შეიძლება გურამიშვილთანაც ვიპოვოთ.

მოსწავლე „დავითიანში“ ნიშნავს არა იმ ადამიანს, რომელმაც სათანადო მოცულობის სასწავლო ინფორმაცია უნდა მიიღოს, არამედ ადამიანს, რომელმაც ადამიანად ყოფნა უნდა ისწავლოს.

ცხადია, ნებისმიერ ადამიანში ადამიანობის სახე სამყაროულობის სახეს უკავშირდება.

ასე იღებენ ადამიანურ სამყარო-ში-ყოფნის შესაძლო სახეები „ათთა სახმართა საქმეთა“ სახეს.

სამყაროს სამყაროულობამ თავისი თავი სხვადასხვა მოდიფიკაციებით შეიძლება წარმო-აჩინოს.

ისე, რომ არსებულის ყოველ გამოხატულებაში ყოფიერება ა-მოიკითხებოდეს.

ა-მოიკითხებოდეს – ნიშნავს, არსებობა არსებულში წარმო-ჩინ-დებოდეს.

მაგრამ ყოფიერება თავის თავს ისევე მრავალგვაროვნად შეიძლება აჩვენებდეს, როგორც აქილევსის ფარის შემთხვევაში.

აი, ახლა კი, შეგვიძლია ფიროსმანთან მიახლოება…

დიახ, ფიროსმანი სწორედაც აპროქსიმაციით შეიძლება მოვიმხროთ და მის სამყაროში მიმდინარე ხდომილებანიც აპროქსიმაციითვე შეიძლება გადავფაროთ.

ორი ფუნდამენტური სურათი – „წმინდა გიორგი ბოლნისში“ და „ალაზნის ველი ანუ კახური ეპოსი“.

პირველ სურათში, ადამიანური ყოფიერება მთელი თავისი მრავალსახეობით, მთელი თავისი varieta-თი წარმოჩნდება.

რას ნიშნავს „მრავალსახეობა“?

იმას, რომ ხიფათი და დაცულობა, წყალი და ხმელეთი, ქეიფი და ჩარდახიანი ურმის გადაადგილება სიმულტანურ სცენებად მთლიანდება.

„კახური ეპოსის“ მარცხენა ნაწილის კრებითი-პროტაგონისტი სამი მოქეიფეა. კომპოზიციის ცენტრალური ნაწილი მდინარის ხეობით ნაპრალივით იპობა.

მარცხენა ნაწილის უკანა პლანს შეადგენს სოფელი;

სოფელი – თავისი სოფლურობით…

წინა პლანზე წისქვილია.

სოფლელებს წისქვილში დასაფქვავად სახედრებით მიაქვთ მარცვლეული;

სახედარნი – ადამიანთა კეთილშობილი თანამოძმენი ტვირთის გადაზიდვის ჟამს.

წისქვილი და მეწისქვილე კალოობის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმებიან.

ისევე, როგორც მარანი და საწნახელი – რთველის აუცილებელი გაგრძელებაა…

მიწისადმი მინდობილი ადამიანის – მიწის მუშის მიერ ჭირ-ნახულის დაბინავება – აი, ამ სურათის ინტონარატივი.

კომპოზიციის ცენტრალური ნაწილის „ავანსცენაში“ ურმები მიჭრიალებენ.

ტაძრისაკენ მიემართებიან…

დიდი მანძილი გადაულახავთ – წყალსა და ხმელზე გადაუვლიათ, რათა საკრალურ სივრცეს მიეახლონ.

„კახური ეპოსის“ ეკლესია აქტუალურად არ ასრულებს თავის ფუნქციას – მრევლს თავი მოუყაროს ცისა და მიწის წინაშე;

თუმცა, პოტენციურად, მზადაა ამ მისიის განსახორციელებლად.

თითქოსდა, ფიროსმანიც იმავეს ხატავს, რასაც ჰეფესტო – სოფლურობის ყოფიერებას არსებულის გამჭოლ დიმენსიად წარმოადგენს.

და თითქოს, ფიროსმანთანაც, არსებულის გამჭოლი განზომილებით შეიძლება შე-ვხვდეთ ადამიანური ყოფიერების განსხვავებულ მოდუსებს:

„საფრთხე” და “დაცულობა“;

„ზეიმი” და ქეიფი“;

საკრალური სივრცისადმი ლტოლვა და ამ-გვარ გარემოში სუფევა…

აქილევსის ფარის დარად, სამყაროულობის ფენომენები, როგორც თავის-თავის-თავის-თავში მაჩვენებლები, ფიროსმანთანაც ერთმანეთისაგან არიან გამიჯნულნი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11