ახლა მოქეიფეთა ორ მაგიდასაც შევავლოთ თვალი.

ქეიფში უდარდელობა და ყველაფრის მიმართ გულგრილობის მოდუსი წარმოჩინდება-მეთქი.

ამ მოდუსის თანამაკონსტიტუირებელ ელემენტებს შეადგენენ ზურნა და არღანი, გუდასტვირი და ფაეტონი.

ეს უკანასკნელი, უდარდელობის სფეროში, იმის ანალოგიაა, რაც საკრალურ სივრცესთან მიღწევის სფეროში – ჩარდახიანი ურემი.

ცალკე მოდუსს წარმოგვიდგენენ ხიდის სიახლოვეს მდგომი პოლიციელები, მგზავრის ძარცვით გართულ ყაჩაღებს რომ ეპარებიან.

და ეს მიპარვა კარგად აჩვენებს ყაჩაღობის არსს: სხვისი ყოფიერების მუდმივად საფრთხეში ჩამგდები ყაჩაღების ყოფიერება ხომ თავად მუდმივად დგას ხიფათის წინაშე?!

ეს მომენტი დანაშაულისა და სასჯელის უბრალო მონაცვლეობაზე კი არა, გაცილებით სიღრმისეულ მოვლენაზე მეტყველებს: ხიფათი ხიფათთან მეზობლობს და სხვისი ყოფიერების ხიფათში ჩაყენება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

ფიროსმანის სამყარო სანდოობის სფეროში ჩართული ხელმყოფი ნივთებითა და ცოცხალი არსებებითაა დასახლებული.

და ისინი ადამიანის შემწევ ყოფიერთ წარმოადგენენ.

ეს შე-წევნა, გარემოებისდამიხედვით, განსხვავებულია.

აი, ფიროსმანის სახედარი;

მშვიდი და მორჩილი სახედარი, სოფლის ექიმს გზის დაძლევას რომ უადვილებს, ყმაწვილს კი შეგროვილი შეშის გადატანაში ეხმარება.

ორივე შემთხვევაში ეს შემწეობა მინდობილ ადამიანს ეხმარება, თავის არსებასთან შესაბამისი სახით მყოფობდეს: ექიმის შემთხვევაში – გზის ტაატით გალევის მომლოდინე, ყმაწვილის შემთხვევაში კი – ოთხფეხი მეგობრის მიერ, თავის თავზე განუზომელი ტვირთის აღებით კმაყოფილი…

მინდობილი ადამიანის ყოფიერების გარემოში სხვა თანა-შემწე ცოცხალ არსებათა შორის – ძროხებია.

ძროხა, ასე „საგანგებოდ“ დახატული, ოთხ სურათში გვხვდება.

ორჯერ – გლეხის ქალთან ერთად, წყაროზე, ბავშვებთან ერთად მიმავალ პერსონაჟს რომ წააგავს. ორჯერაც – დამოუკიდებლად.

ყველა შემთხვევაში, ძროხასთან ერთად, სცენაში რძით სავსე ვარცლი „მონაწილეობს“.

ვარცლი ის ჭურჭელია, სადაც ძროხის მიერ სანდოობისადმი მიძღვნილი სითხეა დავანებული.

მეორე მხრივ, ეს მიძღვნა მხოლოდ იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც, თავად პირუტყვია ჩართული სანდოობის გარემოში და „რაღაცას ეძღვნება“.

ეს ურთიერთმიძღვნა შეადგენს სანდოობითი რელაციის გამოხატულებას.

ამ რელაციას პოსტთანამედროვე ყოფიერება აღარ იცნობს:

„ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს“ – ამ დევიზმა რახანია ნდობითი განზომილებებიდან პრაგმატულ-სასაქონლო ურთიერთგაცვლის სფეროში გადაინაცვლა.

საგულისხმოა, რომ busines ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასასრულს, საერთოდ, ყოველგვარი სახის ურთიერთგაცვლას – ბარტერს ნიშნავდა.

თავის „კომერციულ“ მნიშვნელობას ეს სიტყვა კომერციული ეპოქის დადგომისთანავე იძენს.

რახან სიტყვამ მოიტანა, ფიროსმანის „ბიზნესი“ და მარგარიტასათვის მირთმეული ვარდების ისტორიაც შეიძლება გავიხსენოთ.

ნდობის გარემოს ფიროსმანთან სხვა ტიპის რელაციები ქმნის, ვიდრე არბიტრაჟისა თუ ნოტარიუსის, და მისთანა მიმართებები, უნდობლობის მოდუსში მოარსებე ადამიანთან გარანტირებული ხელ-შეკრულების სახეს რომ იღებს.

ფიროსმანისეულ ნდობის გარემოში კი ასეთი ხელ-შეკვრა გამორიცხულია;

გამორიცხულია იმდენად, რამდენადაც ყოველგვარი შეკვრა ყოფიერების ჩაურაგაობაზე დამყარებული ტიპის კონტრფორმაა.

 

* * *

ახლა კი ისევ გარემოს შესახებ:

ფიროსმანის გარემო ბევრწილად ეზო-ყურედაა შემოფარგლული.

„ეზო-ყურე“ არ ნიშნავს მხოლოდ იმ სივრცეს, რომელიც „სახლს“, „ბინას“, გნებავთ, „ქოხმახს“ შემოწერს.

„ეზო-ყურე“ ის საფუძველია, რომლის შუქზეც, მასში შე-მხვედრი არსებული საერთოდ შეიძლება არსებულად მოგვევლინოს.

მეტიც, „ეზო-ყურე“ არსებითი სტრუქტურაა, რომელიც სამყარო-ში-ყოფნის გარკვეული სახის საზრისს მი-აკუთვნებს არა ცალ-ცალკე „ქოხს“, „ეზოს“, თუ „ღობეს“, არამედ ყოველივე იმას, ერთ განუყოფელ მთლიანობაში წარმო-დგენის საშუალებას რომ იძლევა.

„ეზო-ყურე“ მხოლოდ იმ კონტექსტს კი არ შეადგენს, რომლის ფონზეც უსულო საგნები გარემოული ერთიანობის მიმართებაში ერთვებიან, არამედ ცოცხალ არსებებსაც, თავიანთ არსს ამ „ეზო-ყურესთან“ მიმართებაში რომ იძენენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11