* * *

ფიროსმანს არა-ჩვეულებრივი ვიზუალური რწმენაც ახასიათებს.

რწმენა, რომელიც ნეგატიურ სიწმინდეს ეფუძნება.

მორის მერლო-პონტი ამბობს, რომ ერთადერთი საშუალება, მოაზრებულ იქნეს ნეგატიური, ესაა მოაზრება იმისა, რომ იგი არ არის, ხოლო ერთადერთი საშუალება, შეინახო მისი ნეგატიური სიწმინდე, ესაა მოწოდება, მიეახლო ყოფიერებას, როგორც არარას.

აი, სწორედ ამგვარ არარას, როგორც აბსოლუტურ სისავსეს, გვთავაზობს ფიროსმანი; სისავსეს, რომელიც ტოტალური სიცარიელეცაა.

ფიროსმანი შავიდან, როგორც არა-ფერიდან ამოდის და ამ სიშავეშივე აბრუნებს ჩვენს მზერას; ოღონდ, ემფატიკურ სიშავეში…

ფიროსმანი გამუდმებით ეძებს იმგვარ ონტოლოგიურ კავშირებს, რომლებშიც თვით მისი, როგორც მხატვრის სხეული, სახელდობრ, მისი ხელი იკისრებს უკიდურეს ფუნქციას; მე ვიტყოდი, მისიასაც, რათა მოგვევლინოს არა უბრალოდ მეგზურად ყოფიერებაში, არამედ საკუთრივ ამ ყოფიერებისა და დროის გამტარებლად;

და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყოფს ხელს მხატვარი სივრცის ათვისებას, კერძოდ, მონიშვნას იმ ტოპოსებისა, თავის მხრივ, მისი მზერით ათვისებული გარემოს ლაკუნებად რომ გვევლინებიან; ანუ იმ სიცარიელეებად, რომლებშიც თავად ამ სურათების დამხატველის „არარაა“ დასადგურებული.

ამრიგად, ნეგატიურის მოაზრება ფიროსმანთან იმის მომცემია, რასაც ეძებს და რასაც „მკვდარი წერტილისაკენ“ მიჰყავს იგი.

ეს „მკვდარი წერტილი“ კი, ის აბსტრაქციაა, სრული პერცეპტუალური მოძრაობის შემდეგ კონტრაბსტრაქციად რომ გვიბრუნდება.

თუ რამ მესიჯი აკავშირებს ფიროსმანს ვაჟა-ფშაველასთან, ესაა: „ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია“.

ფიროსმანის პერცეპტუალური რწმენა, ისევ მერლო-პონტის სტრატეგიიდან თუ ამოვალთ, „სათხოვართან“, როგორც ვედრებასთანაა წილნაყარი.

ესაა ინტენცია, ყოფიერებას გა-მოსთხოვოს არა ის, რაც მის მიღმაა, არამედ ის, რაც მასშია…

ესაა თხოვნაცა და მო-თხოვნაც, კითხვაცა და მო-კითხვაც; და გა-მოკითხვაც…

გა-მოკითხვა – აბსოლუტური ინდივიდისა და უნიკალური სივრცული და დროითი პოზიციის მასშტაბით.

და მხოლოდ ასეთი სათხოვარის, როგორც „ვედრების“ შემდეგ შეიძლება ინებოს ყოფიერებამ, დავანდეს შენს სურათში; მოინდომოს სუფევა შენს ქმნილებაში…

ეს ყოფიერების ნებაა, მუნ-ყოფნის ფორმით მოევლინოს შენს ნა-წარმოებს, დაისადგუროს მასში და სივრცისა და დროის გონებაჭვრეტითი სერიებით, ანდა ამ სერიათა წმინდა იდეაციონისტური დიმენსიებით კი არა, ამ სივრცისა და დროის ონტოლოგიური ვიბრაციებითა თუ ფიორიტურებით გარე-მოცული ფორმებით გაზიაროს სურათის ცოცხალ ნოეზისს – მუდმივ ორსულობას, მუდმივ დაბადებას, მუდმივ გენერაციულობას, მუდმივ მო-ვლინებას…

ესაა მიმართებათა ველი, როდესაც „შინა“ და „გარეთა“ ოპოზიციური ბინომის სახით კი არ არსებობენ, არამედ ისეთ ქვალიტეტურ განზომილებაში არიან, სადაც, ფაქტობრივად, უქმდება ლიმინალობა, როგორც საზღვარი; თანაც, საზღვარი, რომელიც მხატვრის სულს სწყურია, „როგორც უსაზღვროება“.

„ჩაურაგობა“ ფიროსმანთან ნიშნავს გადასვლის თავისუფლებას, იმ ლიმინარულ ტრანსგრესიას, რომელიც მას XX საუკუნის უდიდეს ავანგარდისტთა (და პოსტავანგარდისტთა) კოჰორტაში აყენებს.

გადა-სვლის ონტოპოეტიკის საფუძვლად კი ფიროსმანთან ისევ და ისევ, ადამიანური ყოფიერების გა-ხსნილობა შეიძლება დავიგულოთ.

სხვათა შორის, როგორც წესი, ტექსტის წერის დროსაც გა-ხსნილობისა და შეკვრის პრობლემა დგება ხოლმე და ნელ-ნელა მეც უნდა შევკრა ეს ტექსტი, რომელიც საბოლოოდ მაინც „Opera aperta“-დ (უმბერტო ეკოს სტრატეგია) დარჩება ალბათ…

„შესაკრავად“ კი ფიროსმანის „სამყაროს“, როგორც ასეთის, რემოდელირება დამჭირდება.

ცხადია, ამ „სამყაროს“ შეუძლებელია ჩავწვდეთ, როგორც სისტემას, ანუ წინასწარდადგენილი წეს-რიგით დაკავშირებულ ობიექტთა მთლიანობას.

ყოველივე ეს სულაც არ მოასწავებს, თითქოს ფიროსმანის სამყარო მოკლებული იყოს მთლიანობით, ჰოლისტურ ხასიათს, ოღონდ, ისიც საკითხავია, თუ რა ბუნებისაა ამგვარი მთლიანობა.

ფიროსმანთან ყველაზე რთული იმ პრომორდიალური მიმართების პოვნაა, რომლის თანახმადაც იქნება შესაძლებელი, სამყარო საერთოდ მოგვევლინოს სამყაროდ.

ამ არსებით სტრუქტურას ექსისტენციალურ ანალიტიკაში სამყარო-ში-ყოფნა ეწოდება.

ეს საწყისისეული მიმართება უდევს საფუძვლად სამყაროსადმი (მათ შორის სისტემურესთეტიკურსაც) ნებისმიერ მიდგომას და ადამიანური ყოფიერების არსებობის მახასიათებელსაც ამდენადვე შე-ადგენს.

ადამიანის ყოველი ქმედება ანდა ამა თუ იმ ქმედების პროდუქტი ამ საწყისისეული მიმართებითაა შესაძლებელი.

და საქმეც ისაა, რომ ეს სტრუქტურა სრულიად განსხვავებული სახით შეიძლება ფუნქციობდეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11