ბადრია – ნაუნივერსიტატელი, ნამაგისტრალი, ნადოქტორალი, ნალექტორალი და ასევე, ნაწითელდიპლომიანი, ნაოქროს მედალოსანი, ნასწავლ–ნაკითხი კაცი იყო.
მაგრამ ამ ქვეყანაში, ამჯერად, ცხოვრების ჭაპანს ეწეოდა ზუსტად ისე, როგორც თითქმის ყველა მისნაირად განათლებული და წესიერი კაცი, ანუ ცხოვრებისგან გადაგდებული – ინტელექტ დათრგუნული, თავისი “საქმიანი უსაქმურობით” არ იკლებდა არც ხორციელ და არც სულიერ საზრდოს… მხოლოდ კვირის ყოველ მეოთხე დღეს.
დანარჩენ დღეებში კი ის უბრალოდ ბადრია “ნიახურა” იყო.
მოკლედ, თავის თავზე ხელჩაქნეულ ბადრიას გამთენიისას უყვარდა „მუშაობა“ და დღესაც, სწორედ ამ დროს “მიეახლა” ბორცვებად დახვავებულ ნაგავთა სამყაროს და მათ შორის „ბორიალისას“, გაფაციცებით დაუწყო ძებნა ოთხი დღის სარჩო – საბადებელს… ჰოდა, უეცრად ვიღაცის ხვრინვა და კრუსუნი შემოესმა.
ხმა დიდი გატეხილი ქოთნიდან მოდიოდა და როცა მასში ჩაიხედა, პირდაღებული, მშვიდად ჩაძინებული, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა მხვრინავი ქალის სახე დაინახა.
მანდილოსნის შეღებილი ქერა თმა ამშვენებდა, ოდნავ აწეწილი და დაუვარცხნელი. გემოვნებით დახატული თვალები და შინდისფერი პომადით გათხუპნული ტუჩები საოცარი სიმშვიდითა და ნეტარებით ანათებდნენ… ირგვლივ ძვირადღირებული სუნამოს არომატი ტრიალებდა, რაც “ნიახურას” მამაკაცურ პოტენციაზე, საკმაოდ პოზიტიურად ზემოქმედებდა.
მოკლედ ხვრინვის პირველწყარო სექსუალურად გამოიყურებოდა, მაგრამ კაცის საუბედუროდ ქალს მხოლოდ თავი ჰქონდა, ტანი და შესაბამისად სხვა, მშვენიერი სქესის დამადასტურებელი და „აუცილებელი“ ატრიბუტები კი არსად ჩანდა…
ბადრიამ ხელი ჩაიქნია – „ვარდი უკელოდ ვის მოუკრეფიაო! და თავი ფრთხილად ჩადო შედარებით სუფთა პოლიეთილენის პაკეტში….
ის, განათლებული, საშუალო ხნის კაცი იყო და მანდილოსანში, როგორც უყვარდა თქმა „იტაცებდა პირველ რიგში ინტელექტი და სულიერი სიღრმე, ვიდრე გრძელი ფეხები, დიდი მკერდი და ფუმფულა უკანალი!“…
თუმცა, ქალის ხვრინვამ, ეს ინტელიგენტი კაცი მაინც გააკვირვა და სხეულის დანარჩენი ნაწილების მოძებნა სცადა, „რამე ხომ არ მეშლება და ქალის მაგივრდ ტრანსვესიტი, ხომ არ შემხვდაო“, მაგრამ თოჯინა ბარბის, მოგლეჯილი ფეხის გარდა ვერაფერი იპოვა… ამ ძებნაში მანდილოსანსაც გამოეღვიძა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და… კაცი, საბოლოოდ დარწმუნდა ნაპოვნი თავის – ქალობაში.
“კიდე კაი თავი ვიპოვე და არა სხვა რამ! კიდევ კარგი ბრუციანი არაა!” – გული გაიმხნევა ბადრიამ პლასტმასის ბოთლებით გავსებული ჩანთები მხარზე შეისწორა და ჩაახველა… ქალმა კი მომაჯადოებლად გაუღიმა და მეწამულ ბაგეებს შორის მოქცეულ ოქროს კბილებზე, ამომავალი მზის სხივები აუციმციმდნენ .
– ლამრო. მე მქვია ლამრო! – დაბალი, სასიამოვნო ხმით უპასუხა თავმა, როცა სამზარეულოში შეიტანა მამაკაცის ხელებმა და ფრთხილად დადო მაცივრის თავზე. ქალის ტემბრმა სხეული გაუთბო, უკვე შეყვარებულ ბადრიას:
– ბა… დრი! – მორცხვად უპასუხა მან და ხელი გაუწოდა… ამ ჟესტმა, უხერხული პაუზა ჩამოაგდო, მაგრამ ქალმა ისე ოსტატურად ააჟუჟუნა თვალები, რომ კაცმა მეათე კლასელივით გადაიკისკისა. ლამრომაც გაიცინა… ქალის სითბოს დანატრებული კაცისათვის, ეს სიცილი პოეტური, რომანტიული და მყუდროების მომგვრელი იყო…
– ისე “ნიახურას” მეძახიან, იმიტომ, რომ… – კაცს უნდოდა მოეყოლა, მისი სამეცნიერო სტატიის შესახებ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ადამიანური ენერგიის, სიცოცხლის სუბსტანცია, ანუ წყარო არა ფიზიკურ სხეულში, არამედ ასტრალურ სხეულში იყო და დაავადებებით გათანგულ კაცობრიობას, უნდა მიექცია ყურადღება არა ხორციელი სხეულისთვის და მისი მკურნალობისთვის, არამედ ასტრალურზე ზემოქმედების გზების ძიებისთვის… ბადრი ამტკიცებდა, რომ თუკი მას მისცემდნენ საშუალებას და საჭირო თანხებს, ის უახლოეს მომავალში შექმნიდა ასტარულ აპარატს, რომლითაც ადამიანი შეძლებდა თავისი ნახევრად სულიერ–მატერიალური, ანუ ასტრალური სხეული დაენახა და დაავადერბული ორგანოები აღმოეჩინა… ასე შესაძლებელი გახდებოდა ასტრალურად ორგანოების განწმენდა, მატერიალური სხეულის გამოჯანმრთელება, მასზე ქირურგიული ან მედიკამენტური ჩარევის გარეშე… მოგვიანებით კი უფრო მეტს შეძლებდნენ… მაგალითად, დასახიჩრებული სხეულისა და თანდაყოლილი დეფექტების გამოსწორებას და ა.შ… თავის დროზე, ბევრს მოეწონა ეს იდეა, მაგრამ ერთმა, ყოვლისშემძლე და ტიტულოვანმა მეცნიერმა, ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ამ ნაშრომს “ნიახურის თეორია” უწოდა და ეს სახელწოდება, ავტომატურად იქცა ბადრიას მეცნიერულ ფსევდონიმად, საერთო ქილიკის საგნად… მერე კი, მარად თანმდევ “კლიჩკად”…
– იმიტომ, რომ… მიყვარს, როცა კერძში ბევრი ნიახურია! – უბოროტოდ იცრუა კაცმა და მანდილოსანს, მაცივარზე გადმოკიდებული კულულები გაუსწორა.