ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა? დროის ამ მონაკვეთში ქრებოდა, ითიშებოდა ან იკარგებოდა მისი ცნობიერება, მისი აქაური, ამქვეყნიური გონება?
სად იყო ამ დროს, – სამყაროს განზომლებათა ამ უცნაურ მექანიზმში, სად მოძრაობდა?.. არ იცოდა, ან არ ახსოვდა…
ერთხელ შემაჩნია, ადამიანი რომელიც მისგან შორს, ქედზე მოქცეულ ბილიკზე მოძრაობდა, რაღაც მომენტში თვალსაწიერიდან გაქრა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი იმავე ადგილას გაჩნდა.
ამას დასაწყისში არ მიაქცია ყურადღება, ჩათვალა, რომ მოეჩვენა ანუ “მოებლანდა”… მაგრამ მერე იფიქრა, რომ იგივე ალბათ მასაც ემართებოდა. ნახევარი საათიდან ორმოცდახუთ წუთამდე… ის უხილავი ხდება ამ სამყაროსთვის…
საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ ეს ხშირად არ ხდებოდა. მხოლოდ ზოგჯერ… ხანდახან… მაგრამ, როცა ხდებოდა, “იქიდან” დაბრუნებულში რაღაც სხვა, ახალი იღვიძებდა? და ეს რაღაც ალოგიურად, უცნაურად ჩქეფდა, ბობოქრობდა მასში და დიდ სიამოვნებას ანიჭებდა…
“დაკარგული დროიდან დაბრუნებულს”, უჩნდებოდა სურვილი, სადმე ჩამომჯდარიყო და მთებსა და გორაკებზე დაკიდებული ცისთვის დიდხანს ეცქირა… თითქოს იქ, ფირუზისფერი ფარდის უკან დამალული რაღაც, ესაუბრებოდა და ეს “რაღაც” მას უნდა ეწილადა აფორიაქებული სამყაროსთვის… “ამ დროს ვხევდები!” – იხუმრებდა ხოლმე თავის თავზე. ალბათ მართალიც იყო, ქვები, ლოდები, კლდეები,ბალახები და ხეები ყველაზე ჭკვიან, და სამყაროს არსში ბოლომდე ჩამწვდომ, იდუმალებას ბოლომდე ნაზიარებ ქმნილებებად მიაჩნდა.
“რადგან თუკი იცი, თუკი მიაგენი, აღარ ეძებ, აღარ მოძრაობ!” – ისიც მოძრაობაში ცდილობდა უძრაობას. არა ჭაობივით, არამედ ოკეანესავით. წყნარსა და უქარო ამინდში. შტილის დროს. ოკეანე – როგორც სიცოცხლის არა გარეგანი, არამედ შინაგანი, უკიდეგანო სიღრმე.
უძრაობდა მანამ, სანამ კაკუნის ხმას არ გაიგონებდა, რომელიც „იქიდან – ააქ“ დაბრუნებას აიძულებდა.
…
გაკრული ხელით დაწერილი განცხადება ვის შეგიმჩნევიათ:
“ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!
კარზე ნუ აკაკუნებთ, არავინ გაგიღებთ, რადგან ის გაუქმებულია!
შემოსასვლელი კარი, შენობის უკან, საფეხმავლო ქუჩის მხრიდან!
(იქ სადაც ჩიხია)
ესაა “რაკუნის” შედევრი.
