-არა, ყველას დაბეჭდვა არ არის საჭირო, რომელსაც გამომცემლები ამოირჩევენ, მხოლოდ ის დააბეჭდინეთ, გეტყვით მე, – შემეცოდა მბეჭდავი. ნიკოლოზ დავიდიჩი მოვიდა, კარი თვითონ გააღო და რამდენიმე წამს მიმაცილებდა პოლიციის დერეფნების ჯურღმულებიდან ფოიესკენ. პატარა ნათელ ოთახში ნინჩო და ანანო გველოდნენ.

დერეფნებში ნომერ პირველ საბრძოლო მზადების ეტაპზე მყოფი პოლიციელები დაიზლაზნებოდნენ, არა, დათრთოდნენ- ეს სიტყვა ჯობს აქ. ნამდვილად დათრთოდნენ და ვინც იცოდა ჩემი ამბავი, პატივისცემანარევი სიძულვილით სავსე მზერით თუ პირიქით, სიძულვილნარევი პატივისცემით შემომცქეროდნენ.

ანანო და ნინჩო სიგარეტს ეწეოდნენ.

-როგორ ხარ? – მეტაკა ნინჩო. -აგერ გაბარებთ უვნებელს და ჯანმრთელს, ქალბატონო ნინჩო- გაიბადრა ნიკოლოზ დავიდიჩი.

– ეს არის უვნებელი? აბა, მაჩვენე?- ფრთხილად შემეხო ჩალურჯებულ ყვრიმალზე,- რა უვნებელი და ჯანმრთელი… ხო არ გაგიჟებულხართ, აქედან მესამედიც რომ მართალი იყოს, პასუხს გაგებინებთ! – ააფრიალა ჩემი ჩვენების ასლი ნინჩომ, მერე ტელეფონი ამოაძრო და ფოტო გადამიღო.

-ეე, რას შვები და მომე ეგ აქ! – გავღიზიანდი, ახლაღა შევატყვე, რომ ანანო დაძაბული იყო და ნერვიულად, ღრმა ნაფაზებით ეწეოდა სიგარეტს.

– რა რას ვშვები? შენ მერე დაგელაპარაკები! – შემომღრინა, – ამათ რო, მივხედავ, – ანანო კიდევ უფრო დაიძაბა და თვალები მოუცრემლიანდა. დავიდიჩს შავ წინწკლებიან შუბლზე ოფლის წვრილმა, მბზინვარე წინწკლებმა დააყარა.

-ისა და…- ამოილუღლუღა დავიდიჩმა, – ჩვენ ყველაფერზე…

-ეხლა ყურადღებით მომისმინეთ, ბატონო, როგორ მოგმართოთ?

-დავიდიჩი… კი არადა … უუუჰ!

-ეს რუსული მიმართვა მომაცილეთ… სახელი არ გაქვთ?

-ჰე, ბიჭო, წამო რააა, ნერვებს ნუ მიშლი, – უკვე სერიოზულად გავბრაზდი.

-მე გიშლი ხო ნერვებს… როგორ მოგმართოთ?

-ნიკოლოზი.

-ჰოდა, ბატონო ნიკოლოზ, ეგ შეთანხმება ჩათვალეთ ჟურნალისტურ ხრიკად, პოლიციურ ხრიკებთან შედარებით ალბათ, ხვდებით როგორი კეთილშობილია… მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ იმათ არ დავსჯი… გამოიყვანეთ ყველა, ისიც, ცოლი რო მშობიარობს… ის თუ ცოლია, მეც ცოლი ვარ და უნდა მიხვდეს….

-ისა და……

-არანაირი ისა და… დაველოდებით…

-ქალბატონო ნინჩო!- ვედრებით გაჟღენთილი საყვედურით ერთდროულად თქვეს დავიდიჩმა და ანანომ.

-ნინჩო არა, თქვენთვის ნინო… და გელოდებით… თორე მთელი ჟურნალისტური კორპუსი აქ იქნება, კი იცით, რა შემიძლია.

დავიდიჩმა მხრები აიჩეჩა და შენობაში შევიდა. მერე გამობრუნდა და ლექსების ალბომი ხელიდან ამართვა, – აბა, თქვენ იცით, – ნაწყენი ანანო უკან გაჰყვა. ნინჩომ თვალი გააყოლა.

– ვიცით, ბატონო ნიკოლოზ, ვიცით.

-წამო რა, – მოვკიდე ხელი წასაყვანად, თან მიხარია, თან მეჩქარება წასვლა, პოეტმა პოლიციელს რომ აჯობოს და უკან გამოიტანოს ალბომი?

-შენ კიდე რამ გამოგაყლევა, რეები დაწერე ეს?

-ოოო, გავერთე რა, აბა, რა მექნა?

-რა ხდებოდა იცი ტელევიზიაში? ბასა გაგიჟებული დარბოდა, ამ კოტეს ცოლს ხო განსაკუთრებული დაკითხვა მოუწყეს… მართლა ეზასავე?

-აუ, ნერვებს ნუ მიშლი და წამო, – ძალიან დაღლილი ვიყავი უკვე და ფეხზე მეძინებოდა.

-რა სისულელეს მელაპარაკები, ეხლა შენ გინდა რო, ის სირები ეგრე დატოვო და იძახონ ვიღაც გამოყლეებული მწერალი დავიჭირეთ, ვეკაიფეთ, აი, ის ცნობილი ჟურნალისტი როა იმის ქმარი, რაღაც სირობები წერაო… ამ სირობას მერე გამოდებენ სადმე და შენ რა გენაღვლება, შეილება რამე ლიტერატურულ ამბავზე კარგად იმოქმედოს და აბა, მე მკითხე ჟურნალისტი რო ვარ და თან ესე ცნობილი….

-აბა, რა ვქნათ ვიჩივლოთ და სასამართლოებში ვირბინოთ? თან ეხლა? შენთვის რო არავის სცალია?

-გოიმი ხარ რა…

-რატო??

-აუ, მართლა დავიწყებ გარკვევას ეზასავე თუ არა იმას ჩემი სახელი რო ქვია, რომელი ჟურნალისტუკა იხმარე ეგრე, და საერთოდ, რახდება ჩემს თავს?!

-გაგიჟდი ხო?

-ბიჭო, ყურადღებით მომისმინე, არ ვღადაობ, ამათ ესე უპასუხოდ ვერ დავტოვებ, პოლიციელები არიან, მტერი ენდო ამათ, თან ცნობილები რო არ ვიყოთ, კიდე შეიძლებოდა, კაცმა არ იცის რა აქვთ ჩაწერილი და რას შეკერავენ, შენ მარტო ქსეროასლი მოგცეს ჩვენების…. თან ჩემთვის დანაშაულის დაფარვაა. – ერთი, ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა- მეორე… კაცმა არ იცის, ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში ვის რა მოუვა თავში… შეილება ნაბიჯი არ გადაგადგმეინონ წინ და არც უკან…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10