-ჰო… ის მინდოდა გამეგო, მართლა ესე შეიძლება წერა? მე მეუხერხულება…- გადაიტანა საუბრის თემა.

-რა?

-ეგრე წერა… მე ვერ ვახერხებ

-რისი წერა, რას ვერ ახერხებთ?

-ნუ წერა, – დავიდიჩი კიდევ უფრო დაიძაბა. მე ყურადღებად ვიქეცი, რაღაც საინტერესოს მიმზადებდა. დავიდიჩმა თვალი გამისწორა. ცოტა მეც დავიძაბე. მიყურა, მიყურა, მივხვდი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. აპარსულ შუბლზე ოფლის წინწკლებიც კი გაუჩნდა.

-მოდით, პირდაპირ გეტყვით, – ამოხეთქა, – ოღონდ….

ვაჰ, რა უნდა? „ოღონდ რა?“ – მინდოდა მეკითხა, მაგრამ ციცქნა სადისტმა გაიღვიძა ჩემში და არ ვკითხე. ნეტავ რამდენი ხანი იწვალებს? არ დავეხმარები. რამდენ ხანს დაიტანჯება, რა უნდა? პირდაპირ ფულს ვერ მთხოვს, თანამდებობის თხოვნას აზრი არ აქვს. ჰა, ჰა, ნინჩოს სთხოვოს, კარგად გამოუძიებია და იცის. დაჟინებით მომაშტერდა და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ოფლისგან სველი, აპარსული შუბლი მოიმშრალა, ღრმად ჩაისუნთქა და:

-მოკლედ, – თქვა მოწყვეტით, დაიხარა ისე, რომ აღარ ჩანდა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში გასაღები ააჩხაკუნა, გამოაღო და ამომხედა, ხელს ვერ ვხედავდი, მარტო თავს,- ოღონდ დამპირდით, რომ არსად არ იტყვით, – და მოულოდნელად დავიდიჩი ქუჩის ბიჭად იქცა, აი, ისეთად, ჩემს უბანში მთელი ცხოვრება, ჩემს გვერდზე რომ იზრდებოდნენ, ზოგთან რომ ვმეგობრობ… რაღას ვმეგობრობ. 16 წლისები რომ იყვნენ, მერე 26, მერე 36, მერე 46 გახდებიან და სულ თექვსმეტისებად რომ რჩებიან, მარადიულ თავდაცვა-შეტევის პოზაში რომ დგანან, მარადიულად დაძაბულები, მარადიულად კაცური შეცდომის რომ ეშინიათ, სულ რომ თავის სიმართლეს ამტკიცებენ და სულ ჩხუბობენ, აი, ისეთ ბიჭად იქცა, – კაროჩე, ბრაატ, უნდა შემიფასო გაუბაზრებლად, ღირს თუ არ ღირს რა… – ისევ უხერხულ პოზაში ზის, ხელი ქვემოთ, უჯრასთან და მარტო თავი უჩანს მაგიდის ზემოდან,- პროსტა, რამე რო იყოს, დაჟე გამოქვეყნებაზე ვარ წამსვლელი, ოღონც სხვა სახელით, ჩემი არა, ტეხავს მაგრა… ათი წუთი დამითმე, ძმა, ნიჭიერი კაცი ხარ, ეგრევე დაჩოტკავ რა და როგორ და გაიქაჩება თუ არა, ოღონც ფაიზაღს მეუბნევი… რამე, ზდილობა და ამბები არ გაუშვა… ეგრევე შეგილია მაჯახო… მიდი გულიანათ ქენი და შენი ძმა ვარ ცხოვრებაში… მე ისეთ პონტში ვარ აქ, სუ რო ამერიკელები დაჯდნენ…- გრძელი პაუზა, – ნუ, დაჟე რუსები, მე მაინც დავჭირდები… აჰა, მიდი ძმა- და მაგიდაზე სქელი ალბომი დააგდო, – სხვა პონტში გენდე, ძმაო, და რამე იაღლიში რო მოხდეს, მაგრა დაგსჯი, აი, ძაან მაგრა, ჩემი დედა მოვტყან.

ვერაფრით მივხვდი რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა. კარადის მუქ მინაში ჩემი პორტრეტის ანარეკლს მოვკარი თვალი, აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა ღირდა შეხედვად: გადიდებული თვალები, ოდნავ ჩამოშვებული ყბა, ლეკვებმა რო იციან უცნაური ამბის დანახვისას თავის გვერდით გადაწევა და ხშირი სუნთქვა, წინ გადმოგდებული ენით, აი, იმ ლეკვს ვგავდი. აბსოლუტურად მექანიკურად ავიღე ალბომი და მექანიკურადვე გადავფურცლე. ვკითხულობდი და ვერ ვხედავდი, ისე მომნუსხა ამ მეტამორფოზამ- „ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ…”.… ეტყობა, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანის დაცვა დაიწყო. ვაჰ, რა მაგარია, მართლა გულწრფელად შემეცოდა, ძალიან მინდოდა მეკითხა რა ოჯახში გაიზარდა,- მამა ხომ არ სცემდა და დედა იცავდა ან დედა სცემდა და მამა იცავდა. როგორ მინდოდა, მაგრამ კითხვის ფორმა ვერ მოძებნე, პირდაპირ კითხვას კარგად ვერ გაიგებდა.

რა ვქნა, როგორ გამოვძვრე ეხლა ამ ამბიდან?- “შენ ტახტო…სულის ასაოხრებლად”, – რა ვუთხრა, რით ვანუგეშო?- „სინაზე შენგან შთენილი,”- რისი იმედი მივცე,- წავედი პათეტიურ ფიქრებში, – ”დაისერა სახის ღარები”, – მართლა გულწრფელად, ადამიანურად შემეცოდა,- “ყვითელი ჯვრებით… ხელზე დაღვრილი…“.

ნინჩო მეუბნება, რბილი ხასიათი გაქვს, დამყოლიო, არ ვუჯერებ და აჰა, ესე გული არასოდეს მომლბობია,- “… თაროზე ხოხავს… მოდი გაშიშვლდი საყვარელო… “- ტირილი მინდა, დედას გეფიცებით, – ”…ცრემლთა თარეში…ფოთოლზე წვეთად დარჩენა”… – მართლა ტირილი მინდა,- “…სამყაროს მხილებით მე დავიზაფრები…” – ვერ ვპოულობ სიტყვებს, ჩავშტერებივარ ფურცლებს,- “…ძველი შანდალი… რუხ დალალებთან…” – ყველა ლექსის… – “…ძარღვთა წრეწირი……მკერდის გამყინვარება…” – ყველა სიტყვის ყველა ასო მხატვრული გრეხილით იყო გამოყვანილი, – ”…გამაძღე ცქერით… მძინარე მთვარე აირეკლება…“ – უაზროდ ვათვალიერებ – ”…და მაშინ შენთან მოვცოცდები…” – ვცდილობ დრო გავწელო, ამას კი ჰგონია თვალს ვერ ვწყვეტ, – “…ფოთლების ბნედა… “, – ერთხელ ავხედე და კიდევ უფრო დამეწვა გული, – “…მაგრამ ქუჩები, ვით ობობები… ჭლექიან ფილტვებში…” – გადიდებული, მავედრებელი, რა სიტყვა ეს მავედრებელი, თვალებით შემომცქერის, – ”…ნებივრობ მარტო…შენით ქანაობს… უშენობით გულში დაჭრილი…” – მოკლედ მავედრებელი თვალებით შემომცქეროდა, მოწყლიანებოდა – რა მაგარია, ე? მავედრებელი მოწყლიანებული თვალები, უუხ, გამაჟრიალა ტანში, – ”…წევხარ საწოლში, ჩემი სულის სამეფო… შემკრთალი სახე… ეს გულიც მკერდში…”- და აპარსულმა შუბლმა გადამარჩინა, დავიდიჩს ავხედე და შუბლის შავი წინწკლები თვალებში დამეჯახა, წამომაზიდა და რეალობაში დამაბრუნა, მოვახერხე არ შემმჩნეოდა, ისევ მოვაცილე მზერა და ჩავხედე ასოგრეხილებს.

-გამოვა რამე მეგობარო… ძმაო… ერთადერთი ხარ ვისაც ვანდე, – გავიგე მავედრებელი ჩურჩული, ეს სულ სხვა დავიდიჩი იყო, რბილი და დამყოლი. ყველაფრის ღირსი ვარ. იმის მაგივრად, რომ მეთქვა, წადი, შენი დედაც მოვტყან და შენი ლექსებისაც, გაიკეთე ტრაკში ეგ შენი ასოგრეხილ-სიტყვაკაზმულები და შენი მავედრებელ-მოწყლიანებულები, გირჩევნია შენი საქმე წესიერად აკეთოთქო……მაგრამ ჩავისვარე, ოღონდაც დროზე წავსულიყავი აქედან და ჩავისვარე. ამის მაგივრად კი ვუთხარი: – იცით რა არის, უკაცრავად, თქვენი სახელი?- ნიკოლოზი- მიპასუხა, აღელვებას ახშობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. – ბატონო ნიკოლოზ, ძალიან ემოციურია, ასე ვერ წავიკითხავ, გინდათ გამატანეთ?(გიჟი არა ვარ ეხლა?) გადავხედავ, თუმცა მე პროზას ვწერ და პოეზიის ექსპერტს მივუტან, ჩემს მეგობარ გამომცემლებს, უმჯობესია ერთი-ორი ლექსით დავიწყოთ, ეს გამომცემლებიც, ხომ იცით როგორები არიან, ეშინიათ ახალი ავტორის. თან ეს ხელნაწერია და… იქნებ…- მე წამოვდექი იმის ნიშნად, რომ, მოლაპარაკება შედგა და უნდა დავიშალოთ.

– აი, ნაბეჭდიც მაქვს, – ხელის კანკალით ამოაძრო თაბახის ფურცლების დასტა, – ოღონდ ნაბეჭდი არა, აი, გავაკოპირე, ქსეროქსი… კარგად ავაკინძინე, წიგნივით, რომელსაც მეტყვით დავაბეჭდინებ, შემილია გადავიხადო… ყველა ხომ არ დავაბეჭდინო?

ღმერთო მიშველე, მაგრამ რაღა დროსია, ხელში მეკავა დასტა. ნიკოლოზ დავიდიჩიც მიხვდა ჩემს დიპლომატიურ მინიშნებას, – შენც დასვენება გჭირდება, განერვიულეს ამ დედ… კი არადა,- დაება ენა, მე კარებისკენ გავიწიე, – ამ ესე იგი …ისა… გიჟებმა, – გაჭირვებით შეარჩია სიტყვა, მე კიდევ უფრო ახლო მივედი კართან და სახელურს მოვეჭიდე, – ისე, ნამდვილი გაწვრთნილი მგლები არიან, ნუ ხდება ხანდახან,- წამოდგა გასაცილებლად.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10