-თქვენ სულ პირიქით ხართ, ჩემგან განსხვავებით, ნორმალურად, გამართულად საუბრობთ, მოწესრიგებული… კულტურა, ზრდილობა… თუმცა 30 წელია პოლიციელი ვარ და ესეთი უხამსი, რაც თქვენ დაწერეთ, არ წამიკითხავს, ლიტერატურაზე ხომ საუბარი არ არის… ვერც წარმოვიდგენდი…. მე ახალი მწერლების არაფერი წამიკითხავს… აი, მე უფრო… აი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე… შეიძლება საერთოდ ეგრე წერა?… თან ალბათ ამას დაბეჭდავთ ხო, ბევრი წაიკითხავს, ყველა გაიგებს და მერე იმ საინფორმაციოს ხელმძღვანელმა, რომ შავი პიარით გადაგიხადოთ სამაგიერო? ის კი არა, ჩვენ სხვათა შორის თქვენი მეგობარი თენგიზას დაკავება შეგვეძლო…. კი არადა ახლაც შეგვიძლია. კიდე… აი, მაგალითად, არ გააპროტესტებს თქვენი მეუღლე?… თან ძალიან გაბრაზება იცის, როგორც მივხვდი.

-ოოო… კი… გამოსცადეთ უკვე? ისე, ნეტა მაგდენი კითხულობდეს, რომ სკანდალი იყოს შესაძლებელი და მეტი არაფერი მინდა…

-მე, მაგალითად, მეუხერხულება, ასეთი ენით წერა, ვერაფრით დავწერ ასე… მით უმეტეს წაკითხვით ვერავის ვურჩევ…

-მართალი ბრძანდებით, იცით, ერთხელ წიგნების მაღაზიაში შევედი და დავინახე ახალგაზრდა გოგონა როგორ ათვალიერებდა წიგნებს და ჩემს წიგნს მიადგა, გადმოიღო, გადაფურცლა… კრებული იყო, პირველი მოთხრობის პირველივე წინადადება ბოდიშით და დედის ტრაკის გინებით იწყებოდა… აი, ხო არის ცნობილი დასაწყისები: „ – ტომ! პასუხი არ არის – ტომ! პასუხი არ არის…“ – ტომ სოიერი… მარკ ტვენი…. ან ისა, მარკესი, – „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს…“ ან კაფკას- რა ჰქვია, კაცო, მეტამორფოზა- „ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ…“

-ა, ჰო… ტომ… კი არადა, ტომ სოიერი ხო? და ის რა მითხარით მეორე?

-მეორე ? მეორე რა გითხარით… აა… ჰო მარკესი…

-ეგ მოთხრობაა?

-გაბრიელ გარსია მარკესი, კოლუმბიელი მწერალია, მარტოობის 100 წელიწადი აქვს რომანი და გმირია აურელიანო ბუენდია, – დავიდიჩმა ფურცელზე გაკრული ხელით სწრაფად დაწერა, კისერი წავიგრძელე: მარკესი 100 წელი… ურრ…ბეინდ…

-აურ… ბუენდ… აურელიანო ბუენდია, ანუ- ვაგრძნობინე უპირატესობა – ჰოდა, მეც მინდოდა ესეთი ეფექტური დასაწყისი გამომსვლოდა და დავიწყე ესე, ხულიგნობით- და იმ გოგომ, მაღაზიაში წიგნის თაროსთან, გადაშალა პირველი გვერდივე, ველოდები გადაირევა და ეგრევე იყიდის, გულიც კი ამიჩქარდა და იმან კიდე, წაიკითხა პირველი წინადადება, სახე მოექცა და ფუ, შენი დამწერის, ბოდიშით და დედას შევეციო…

-აჰა… მერე თქვენ?- წარბები გაექცა დაწინწკლულ შუბლზე.

-მე ჯერ ძირს დავენარცხე და მერე ამიტყდა სიცილი… გოგომ გამიღიმა, ალბათ ეგონა, რომ გამოსირებული მწერლების ამბავში სოლიდარობა გამოვუცხადე… რა იცოდა, რომ წიგნის ავტორს უყურებდა თვალებში… მიაგდო წიგნი თაროზე და გავიდა, ეტყობა, სხვა წიგნის წაკითხვის სურვილიც გავუქრე…

-აი, ხო ხედავთ? გინება არასოდეს კარგად არ მთავრდება.

-კიი… იმ გოგოსი არ ვიცი, მარა ჩემი რო ცუდად დამთავრდა, ეგ ვიცი და ეჭვი მაქვს, თქვენი ბიჭებისაც შეიძლება არ დამთავრდეს კარგად…

-ააა… ისა გასაგებია, – დაიძაბა დავიდიჩი, – ცუდი სიტყვები… ცუდი სიტყვები, ერთხელ ბებიაჩემმა ძალიან დამსაჯა ცუდი სიტყვებისთვის და მერე ვერიდები, ნუ, როგორც ეს საქმე მაძლევს საშუალებას.

ამ დროს ანანომ ყავა შემოიტანა, კეკლუცი სიმსუბუქითა და უცნაური ტრაექტორიით გააცურა ლამბაქები მაგიდაზე. მთელი ტანით გადაწვა და გააცურა, ძალიან მორჩილად და სექსუალურად. ცხელი ყავა მოვხვრიპე,

-ჩემი მდივანია… სხვათა შორის მან გიცნოთ… და ქალბატონ ნინოს მერე დავუკავშირდით.

– ძალიან სასიამოვნო… გმადლობთ ანანო… და ისა, ერთი კითხვა მაქ… – მივხედე დავდიჩს,- აი, რო ვერ ვეცნე და ჩემი ცოლიც რო არ იყოს ტელევიზიაში და ჟურნალისტი და რამე… მაშინ რა მოხდებოდა? ალბათ წამალს დამიდებდნენ ბიჭები არა?!… ნუ მინიმუმ ჰაშიშს. – დავიდოვიჩმა გრძელი პაუზა გააკეთა, აპარსული შუბლის ქვემოდან ახედა ანანოს, რომელსაც მორჩილი ღიმილი ჩემი უმადურობისგან სახეზე შეჰყინვოდა, ანიშნა, რომ გამქრალიყო. ანანო გაქრა.

-ჩათვალეთ, რომ გადარჩით, – ვერ მოთოკა ნერვები.

-თუ პირიქით, თქვენ გადარჩით… ამ ჟურნალისტებმა, ამ რევოლუციისას რო მოგაკითხონ და ატეხონ ამბავი ადამიანების უფლების ამბავში, არ გეშინიათ?- გავღიზიანდი ცოტა.

-კარგით, ნუ ვიკამათებთ, – გაიღიმა. მეც გამეღიმა, ყავა მოვსვი, დავმშვიდდი, მესიამოვნა დავიდიჩის დაძაბულობა. ახლა შევუტევ – გავიფიქრე, მაგრამ ისევ დამეზარა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10