– რა მითხარით დავიდიჩ, რა უნდა გამეგო?

– ფუ, შენი…

– ააა… ისააა.?… მოიცა… – უკან გამოიხედა, რომ არავის გაეგო საიდუმლო დავალების პასუხი, განსაკუთრებით მე დამემალა, – ვიღაც კოლუმბიელის ვიღაც რაღაცააო… ვერ გავიგე კარგად, და შარში არ გავეხვეთ, კოლუმბია ის არ არი… აი, კოკაინი და ესკობარი და რამე… ხო კოლუმბიაა?

– რააა? აუ… გადი, გადიი… გადი… – ჩემი წუხანდელი დარაჯი გავიდა, – და აღარ მოხვიდე, სანამ არ დაგიძახებ, – იღრიალა დავიდიჩმა.

– ჩვენც?- იკითხეს დანარჩენებმა ფრთხილად.

– თქვენც… არა, ჯერ არა… მაიცა… წუხელ ესენი იყვნენ?- მკითხა დავიდიჩმა, თვალი მისი მაღალი შუბლისკენ გამექცა.

– ესენი და კიდე ერთი…

– სამხედრო ოპერაცია გქონდათ, თქვე შობელძაღლებო? ის სად არი?

– ცოლი მშობიარობს, გთხოვათ რო…

– იმის ცოლი მშობიარობს და ამ პატივცემული კაცის შვილები, რო უმამოდ დარჩენილიყვნენ, მოსულა?

– რა უმამოდ, შევაშინეთ, დავიდიჩ! გვაგინა – ამოღერღა ბოროტთვალებამ. გავიხსენე, ამან ჩამილურჯა ყვრიმალი.

– პირადად შეგაგინა?

– მთელ პოლიციას, ხელს იქნევდა ესე… – თქვა “აღარდამთავრდამ“. სასაცილო ხმა ჰქონდა, არც წვრილი, არც ბოხი. გარდატეხის ასაკში რომ გვაქვს ბიჭებს, გამკივან-ხრიანწიანი ხმა, ისეთი. ეხლა გამახსენდა, რომ იქ ხმა არ ამოუღია.

– მთელ პოლიციას მთელი ქვეყანა აგინებს და მიდით ყველა დააბაგაჟნიკეთ და მერე დაუკოჭეთ… ისე, შენ კი დააბაგაჟნიკებდი… ამ დეგენერატს,- მომიბრუნდა დავიდიჩი, – ერთი თვის წინ ვიღაც “ზაკონიკმა” სამი ტყვია ესროლა და სამი დღის მერე იგრძნო, ფილტვში ჰქონდა სამივე გაჩერებული, ძლივს გადარჩა,- შემაცოდა ოპერი. “აღარდამთავრდამ“ დაიმორცხვა.

– ააა, მივხვდი… მერე ჩემზე იყარა ჯავრი, ეტყობა… მე კიდე მეგონა, ისე მესროლა, თავისთვის,- გავიღიმე, მასაც უხერხულად გაეღიმა, ოპერს ყბა მოექცა და რაღაც ჩაიბურდღუნა, სავარაუდოდ, შემაგინა.

– მე არ მისვრია,- ამოიკნავლა „აღარდამთავრდამ“.

– ვაა, რა უცებ გაბოზდი? შენც ხო არ დაწერ ჩვენებას?- გაეცინა დავიდიჩს, – ეხლა გაეთრიეთ აქედან… თქვენ მერე მოგხედავთ… თუ, რა თქმა უნდა, დამტოვეს აქ,- ყველა თავჩაღუნული გავიდა.

– აუ, ერთი წუთით რა… შეიძლება რაღაც ვკითხო?- ვგრძნობდი, ჩემ უკან, მთელი მასმედია იდგა და მოთხოვნების წამოყენება დავიწყე, დავიდიჩს გაოცება დაეტყო, ოდნავი, მაგრამ მაინც გაოცება, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მაღალმა შუბლმა თვალი მომჭრა, ვერ მივხვდი რა მეუცნაურა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და კარში გაჭედილ ოპერებს შევაცქერდი, გამოცნობა მინდოდა, რომელმა მესროლა, ვერ გამოვიცანი.

– რომელმა მესროლეთ, მითხარით რა?- ხმა არ ამოიღო არც ერთმა, დავიდიჩს მივუბრუნდი – ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით თუ არ მეტყვიან?- და მივხვდი, რომ კორუფციის ჭაობში ვეფლობოდი. გავხალისდი.

– რომელმა ესროლეთ?- შეღრინა უფროსმა, – სამივემ იმ კეთილს შეხედა, რომელიც გამომელაპარაკა.

– აი, კაცურად, რატო მესროლე? რო მომხვედროდა იმ სიბნელეში, სად მიდიოდი მერე? თუ მართლა ერთით მეტი, ერთით ნაკლები ამ რევოლუციის დროს, ჰა? – სასაცილოდ დავსერიოზულდი.

– რავი, – დაიძაბა კეთილი.

– თუ არ უნდოდა, არ მოგხვდებოდათ, ორი კვირის წინ პირდაპირ “კუროკში” გაარტყა ვიღაც “პრესტუპნიკს”… რაც იცის, იცის… ისე, რამ გაგამწარა, ბიჭო?

– ხო რავი… მაგრა ვისვრი… შესაშინებლად რა?!

– აი, მართლა რამ გაგამწარა, – გადავწყვიტე ადამიანობაზე მემოქმედა, – ან ოჯახი არ გყავს, ან ძმა, ან ძმაკაცი… რა პონტია, ტო… რა კაცობაა, – მგონი მართლა გავბრაზდი,- შენთვის რო ექნათ ეგრე?

– ისე, მართლა, შენთვის რო ექნათ ეგრე?- ამყვა დავიდიჩი.

– აუ, ჩესნად გითხრათ რატო შევაშინე? – არ ველოდი გულწრფელობას.

– რატო?

– რატო და დილას, ძმაო,- აი, ამ რევოლუციის თუ რაღაც სირობის მიტინგზე რო გამაგზავნეთ, დავიდიჩ, ამ წვიმაში და სიცივეში ვდგევარ და ამ გამოსირებულ მუსიკოსებს ვუსმენ, მაგათ დასაცავად ვარ რა მისული და უცებ, ტოო… სცენიდან ჩემი სახელი და გვარი მესმის… ერთმა მიცნო… უცნობი მომღერალია, არც გინახიათ მაგისი სიმღერა, ტრაკს ათამაშებს რა თავისუფლების პონტში და პირდაპირ სცენიდან სიმღერ-სიმღერით სულ ახვარი პოლიციელი მეძახა… მერე ვიცანი, რო ჩემი უბნელია, ცხოვრებაში არ შემიწუხებია… ბოლოს რას მეუბნება, ტოო? მიკრაფონში, ეგრევე ხალხში, სცენაზე რო არ ვიყო, უარესად მოგმართავდიო. კი გავიფიქრე, სცენაზე არ იყო, რას მომმართავდი, იმასაც ვნახავდი-მეთქი, ყველამ მე დამიწყო, ყურება სუ ფურთხებით გამომაგდეს, მერე მოვეფარე რაღაცას, იქ უნდა ვყოფილიყავი როგორც მიბძანეთ დავიდიჩ… რა მექნა… იმათ დასაცავად ვიყავი და მე გამომაჯმეინეს და მაგინეს…

– და მე რა შუაში ვარ?

– და მართლა ეს რა შუაში იყო, შე ჩემისა? – გაბრაზდა დავიდიჩი.

– რავი, ტო… თავიდან, ქუჩაში, მომეჩვენა რო ის იყო, მივამსგავსე… მერე შეგვაგინა პოლიციას… მანქანაში მივხვდი, რო ეს ის არ იყო, მარა… მერე მაინც რო რავი…

– მორჩა, გადით!- ოთხივე თავჩაღუნული გალაგდა. – კარიი!!- კარიც მიხურეს, – მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც თქვენ ხართ ანგელოზი, – გამიღიმა თბილად,- ეს ისე, ხუმრობით, სხვათა შორის ჩვენც გვწყინს ძაღლებს რომ გვეძახიან, მაგრამ რას ვიზამთ… გავისაუბროთ?

– მე ბოდიშის მოხდით დავწერე… თქვენებს ჯერ არ მოუხდიათ ბოდიში… გავისაუბროთ, გისმენთ,- ცოტა გამაკვირვა კულტურული პოლიციელის ირონიამ. ისევ შუბლიკენ გამექცა თვალი და მივხვდი, – არავითარი მაღალი შუბლი, შუბლი ჰქონდა ვიწრო ოღონდ თმა აეპარსა შუბლიდან ისე, რომ ნორმალურს კი არა მაღალშუბლიანსაც კი იტყოდი. ეტყობა, ყოველდილა საგულდაგულოდ იპარსავს, შუბლის სივიწროვე რომ არ შეემჩნეს, მაგრამ ჩემს ცინიკურ მზერას ხომ არაფერი გამოეპარება, მაგალითად, ეს რუხი წვრილი წინწკლებისგან შემდგარი ზოლი შუბლზე. ეს უკვე კაია, ესე იგი უნდა რომ უკეთესი იყოს, ვიდრე არის და ამისთვის ზრუნავს კიდეც.

– მე უნდა გისმენდეთ, მაგრამ დავიწყებ… ის გავარკვიეთ, რომ ტელევიზიაში უკვე ერთი წელია აღარ მუშაობთ, თუმცა თქვენ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოგსვლიათ და იმიტომაც წამოსულხართ, ამის გამო საბანკო ვალები გქონიათ რთულად, ეგეც ვიცით… სხვათა შორის სათვალთვალო კამერებს მართლაც უყურებს თქვენი შეფი კაბინეტში.…

– ჩემი შეფი აღარ არის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10