ნელა მოქმედებდნენ: ნელა მოვიდნენ საბარგულთან და ნელა გახსნეს. საკეტს ისეთი ხმა ჰქონდა, ჯერ ტვინი გაიარა რიხინით, მერე გული, სადღაც კუჭსაც ჩაუარა, რა თქმა, უნდა ყვერებში ჩაიელვა და კოჭებთან რო დაეცა, მე უკვე საბარგულიდან ამოთრეული ვიყავი, მანქანის წინა მხარეს ვიდექი და „დალნები“ მქონდა მონათებული. ნეტა ქართულად როგორ არის „დალნები“ და „ფარები“, შორი მაშუქები? ნათელში ვიყავი, ოთხი სილუეტი ჩემს წინ ტრიალებდა. “კონტრაჟური“ როგორ არის ქართულად? „ჩხაააკ!!!“ გრუხუნით გადაწია ვიღაცამ ჩახმახი… ჩახმახი… რანაირი სიტყვაა ჩახმახი…

*

– მართლა ესროლეთ, ბიჭო???

სამივემ თავი დახარა.

– კაი, დამაცადეთ.

“…გრუხუნით გადასწია ვიღაცამ ჩახმახი, რანაირი სიტყვაა ჩახმახი…… კინოებშია ხოლმე, შენელებული კადრი როა, იარაღიანი ხელი რო იწევა დაძაბულობის გასაძლიერებლად. მერე მოსაკლავის თვალები ან ხელები, შარვალზე რო იმშრალებს ოფლს, თუ გოიმური კინოა, შეიძლება გულისცემის ხმა ისმოდეს, მერე „კუროკზე“ თითი…“კუროკი“ როგორ არი ქართულად, „კუროკ, კუროკ, კუროკ“- ჩახმახი არა, სასხლეტი… არა ჩახმახი, ამის დედაც მოვტყან, ან ჩახმახი იქნება, ან სასხლეტი… ჰო, ეხლა სად შეიძლება მესროლონ? ანუ მოკვლით მგონი არ მომკლავენ… რაში ჭირდებათ… ჰა, ჰა, კოჭებში მესროლონ… აურელიანო ბუენდია ვარ ეს დედა მოტყნული… აღმოვაჩინე, რო გინება ისევ დავიწყე, ვითომ გინებისთვის ვისჯები? არადა, მართლა გინებისთვის ვისჯები და გამეცინა…

– რა აცინებს ეე, შიგ ხო არაა აქ?

– გარეკა ამ სირმა… მიდი ფეხებში დაუშვი და გავაჯვათ, არა მაქ ამის ნერვები…

– რა გაცინებს, შე ყლეო?

– ისა… რავი…- მგონი, მე მეუბნებიან, ისევ ის ხმაა, მანქანაში პირველად რო შემაგინა, სამხედროქურთუკიანი, – ყლეც ხარ და ტრაკიც! – როგორ მომინდა მეთქვა, მარა…

– ისა კი არა… ესროლე რა შე ჩემისა, შენც კაი ქვეშაჯვია ხარ, ამ სირის არ იყოს.

როგორ იყო… რა გაიხსენა, სად იდგა?… კედელთან ჰოო… ფეხები გამიბუჟდა და მუცელში მომიარა, „კალბასი“ ფუუჰ, დამიტრიალდა მუცელში ტკივილი… კუჭი ამეშალა მგონი… აუუ, ძალიან მომაწვა და გაკუება მომინდა… ოოო, მოგიტყაააან- ამოვაყოლე.

– ფუ, შენი დედა მოვტყან… მოკალი დროზე, თორე ჩაიჯვა ამ შობელძაღლმა!- ან ისა, ის სირი შეფი, აუ, რა გაუსწორდებოდა ეხლა ამათ რო დამადუღონ, გასაგდები რო აღარ ვეყოლები სამსახურიდან… თან სკანდალური სიუჟეტი, თან უმტკივნეულოდ მომიცილებს… და ნინჩოსაც აღარ მოუტყნავ…

ბადაახ, ბადაახ, ბადააახ!!!

*

– გაკუებისთვის ესროლეთ, თქვე ნაბიჭვრებო, თქვენა?

– არა… რა გაკუებისთვის?

– აბა, ისე რამ გასროლინათ?
– რა გაკუებისთვის… სირობები უწერია… აფერისტია… გაკუებისთვის რატო ვესროდით, ტოო??

– ბიჭო, რაღაც მიზეზი ხო უნდა, კაცს რო ესროლო… სადღაც ქუჩაში შეიგინა და ადექით დააბაგაჟნიკეთ და ესროლეთ… გაკუებისთვის მაინც გესროლათ, რაღაცით გაგამართლებდით… თან რა გჭირთ ეს, რახან რეჟისორია, ან ხატავს, ან წერს ყველა პიდარასტი როგორ არი, თქვე შობელძაღლებო, თქვენ რო გკითხოთ კაცმა ვაჟა-ფშაველაც პიდარასტია და შოთა რუსთაველიც ხო, ლექსებს ვინც წერს ყველა ხო?

– ეგ რა შუაშია, დავიდიჩ, ჩვენც ვიცით რაღაც… კაი რა დავიდიჩ… პოლიციას შეაგინა და… ამ არეულობაში შეილება პოლიციისთვის გინება?

– რა დავიდიჩ? შე ჩემისა, სროლით ხო ნაღდად ესროლეთ?

– ჰოო… სროლით ვესროლეთ… ეგრე იმდენისთვის…

– ხო არ დაჭერით ეე, როგორ არი??

– არა, რა დავჭერით… არი რა??

– მოიცა, ბოლომდე ჩავიდე… მერე უნდა მოგიტყნათ კეთილები… აურელიანო ბუნდია ვინ ჩემი სირია იცით ვინმემ?

ყველამ მხრები აიჩეჩა.

*

“…ეგრევე დავამონტაჟე, აი, ეგრევე, ჩახმახი, ჩახმახი კი არადა, სახლეტი კი არადა… თითი, ნელი მოძრაობა… გავასხმეინებ ამ სირს, ამის დედა მოვტყან, ოღონდ რატო გამასხმეინებს, არ იცის. მეორე ტვინავს,- რას შვები, ტოო? ამ სირის გულისთვის გვიხმარენ ტრაკში… თან ტელევიზიაში და რავი… გადავაგდოთ და ვსიო, ამ რევოლუციაში ვინ დაუწყებს ძებნას… რაზბორკებს შეტენიან- ამათი სიფათები ცალ-ცალკე, სახეები დაძაბულები, მე უკვე ვერ ვხედავ მარა… მარა დაძაბულები იქნებიან… მერე ერთმა, აუ, თქვე სირებო დაამთავრეთ დროზე… მეორე გადატენვა გავიგე, თუ ატრაკებთ ბოლომდე ქენით რაა?!…

და, – ბადაახ, ბადაახ, ბადააახ!!!

ყველაფერი დაზრიალდა… მე კიდე, აი, ეგრე ტერფებიდან შემდიოდა და თავში ამდიოდა ცხელი ზიზინა ტყვია. აი, ეგრე, ხარშავდა და წვავდა გავლისას ყველაფერს, შემწვარი ღვიძლის სუნიც კი მომივიდა. ჩემ ცოლს ვუწვამდით ხოლმე ფეხმძიმე რო იყო მეორეზე, სისხლში რაღაც ქონდა, გემაგლობინის ნაკლებობა… და ექიმებმა დაუნიშნეს… სისხლი რო გასდიოდა, ეგეთი უნდა ეჭამა და ვერ ჭამდა, გული ერეოდა. მე კიდე ეგრევე ვასკდებოდი, ვჭამდი, თან მაშინ მაგარი შიმშილობის პერიოდი იყო… რეებზე ვფიქრობ ეს დედამოტყნული. მგონი მართლა სირი ვარ, ეეე… ჰოდა, ეგრევე ამიარა ტყვიამ რა, ცხელმა და დგაცან თავის ქალას მიასკდა ქვემოდან… აუუ, მტკივნეულია,- გარეკავ. აი, რო დაეჯახა ძვალს, წკაპან ამობზარა ცოტა და მიეჭლიტა შიგნიდან გადადუღებული ტყვია… მეორეც ეგრევე… ზანზარებს ფეხებთან მიწა… ფეხის თითებიდან ბჟუილი… მესამედ მომინდა გაკუება… ისე უნდა მოვახერხო, ხმა ვერ გაიგონ, იქნებ მესამეთ მესროლონ და ხმას დავამთხვევ… აუ, მესროლეთ თორე… გამიმართლა, მესროლეს: „ბადაახ, ბადაახ, ბადაახ“- და დავამთხვიე… ეხლა ნინჩო რო მხედავდეს, მაგრა დამცინებდა.

– ფუ, კიდე გააკუა მგონი, – იღრიალა, რომელმა, არ ვიცი, – დააბაგაჟნიკეთ და გადავაგდოთ სადმე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10