სიუჟეტი ერთი საათით გვიან გავიდა, მე დამიბარეს და ხვალ დაგელაპრაკებით უფრო სერიოზულადო. შეფის მოადგილემ მითხრა: “ბიჭოო, ქვეყანაში ნახე რა ხდება? ახალი ცხოვრება იწყება და შენ რას შვებიო… მოწეული იყავიო?“- ვისი ცოლიც მეზასავა, ის მეუბნება. რას ვეტყოდი, – არა-მეთქი. ნინჩოც მაგრა დატუქსეს. წასვლის წინ შემხვდა, ამ მანიაკს, ეტყობა კამერები აქ თავის კაბინეტში, მგონი გვიყურებდაო. რა იცი-მეთქი, თითქმის ყველაფერი მომიყვაო. აბა, შიგ არა აქ ეხლა?

შენობიდან რო გამოვედი, უცებ იდეა მომივიდა. კართან დამონტაჟებული კამერის წინ სკამი მივიდგი და შუათითი გავუშალე. მეც მაგრა შიგ მაქ რა, გამაგდებენ აბა რა იქნება.

გამოვედი გამწარებული, ხალხი მირბი-მორბის, დროშებს დააფრიალებენ, მღერიან. რა ყლეები არიან ეე, ამათ რა უხარიათ… ეტყობა, ელოდებიან რო, მერე რამეებს ჩამოურიგებენ, აბა, ტყუილად დარბიან, ტო?… პირველი საათია ღამის, სახლში რითი წავიდე, ტრანსპორტი არ არი, ყველა რევულუციაზეა. ტაქსის ფული არ მაქ, ხო არ გადავაგდო-მეთქი ვინმე, მარა გადავიფიქრე, აღარ მინდა შარი. მეტროსკენ გავიქეცი, სანამ პირველი გახდება, იქნებ მივასწრო ბოლო მატარებელს… აი, უნდა შევაღო კარი და პოლიციამ, – „ვსიო, მორჩა დაიკეტაო“. კაი ეხლა-მეთქი, რევოლუციაა, შემიშვითქო, ჰოო და რევოლუცია როა, იმიტო არ გიშვებო. ძაან შორს ვარ ფეხით წასასვლელი-მეთქი, ყრუდ მომიკეტა კარი. მეტისმეტად ბრტყელი შუბლი ჰქონდა, რამე რო გაეგო. თან ჰალსტუხიც ყლესავით ეკიდა და ყელში უჭერდა, ფუ, შენი კარგი მოვტყანთქო, ჩავიბურდღუნე. რააო?- მინის იქიდან დამიძახა, კიდე შევაგინებდი მარა, ჩემს ზურგს უკან, გოგონების ჟღურტული გავიგე, იქნებ შევყვე-მეთქი. რუსებს გავდნენ (რა მნიშვნელობა აქვს, მარა ისე, მაინც), დააკაკუნეს, ყელი გამოუწიეს და არ შეუშვა, ეე?! მეც მინდა შევყვე და მომიჯახუნა ამ ნაბიჭვარმა, [ „შენ მგონი შემაგინეო“. ორი წუთი ვარახუნე, გამოიხედა, გამომღრინა. ნაშები კი კაკანით ჩაქანდნენ კიბეზე და ბოლო მატარებლის ჩაქროლების ხმაც გავიგე. ამოვედი კეთილ-კარგებ-დედის-ოჯახმკვდარ-ცოცხლის გინებით და წავედი ფეხით. მგონი მართლა გადაირია ხალხი, რას ელოდებიან, ეეე? ერთმა ნაძირლებმა გააჯმეინეს მეორე ნაძირლებს, ამათ კიდე მესამე ნაძირლები გააჯმეინებენ და მე სულ ესე სირივით უნდა ვიყო მათხოვრად, თქვენც!!! ისა, ბოდიში, ეს ხალხიც… გადავწყვიტე გავაჩერო მანქანა, – ან გადავაგდებ, ან, სახლში ჩემ ცოლს ექნება ჩაკუჭული სადმე რამე და ჩამომიტანს, მარა ისეთი დროა, საკუთარი ძმის გეშინია, ვინ გაგიჩერებს. ერთი გაფიქრება ვიფიქრე, რევოლუციონერებს გავყვები-მეთქი, ესეც გადავიფიქრე, ბევრი მაქ წაკითხული და ვიცი, რევოლუციას გაყოლილებს რა მოსდით. მივუყვები ქუჩას, ფეხები ამტკივდა და შემცივდა ეს დედანატირები, ნოემბერის ბოლოა მაინც. ყველას და ყველაფერს ვაგინებ: ჩემ გერს, ბანკს, თავისუფლებას, რევოლუციას, ნინჩოს, ჩემ ცოლს, ჩემ თავს, ყლის ჭკუაზე რო დავდივარ, სამშობლოს, პოლიციას, ყოფილ და ახალ მთავრობას, კეთილებს, ბოროტებს ვაგინებს, ბოროტებს- კეთილებს, დედაჩემს და მამაჩემს, რო ამ ქვეყნიდან არ წამიყვანეს თავისდროზე. მოკლედ, ყველას ვინც ცხოვრებაში ხელს მიშლის. ჩაივლიან დროშიანები, ბღავიან, მეც მივაყოლებ ბღავილს – გაუმარჯოოს, – თქვენ მოგიტყააანთ…!!! ვუშვებ ადრენალინს და ვერთობი. კვარტლები მოკლეზე გადავჭერი, ქუჩაზე უნდა გავიდე და გაჩერებაზე იქაური უბნის ტიპები დგანან, არაყი აქვთ ორი ბოთლი- ერთს ცლიან, მეორეს ხსნიან. პური, ვაშლი, ძეხვი კი არა, აი, „კალბასი“, დიდი თეთრი ქონებით, ცოტა რო გადაზელილია დანარჩენ წითელ მასაში, სასაზე რო გეგლისება და რო ვერ იცილებ… კიდე, ორი ცალი მჟავე კიტრი, ეგრევე, ცელოფნის პარკზე გაშლილი. ჩაიხრიალეს ისევ დროშიანებმა. ძმაა! – დამიძახეს გაჩერებიდან, შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ფუ, თქვენი დედას შევეცი,- გავიფიქრე, ოღონდ ღიმილით გავხედე, მოდი ძმა, ახალი ცხოვრება დალოცე, პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში დაუშვეს არაყი და აყროლებული თითებით ქონიანი „კალბასის“ ბუტერბროდიც მოამზადეს. დავლევ, გავთბები-მეთქი და მივედი. ჭიქა გაავსეს ბოლომდე, ბევრიათქო, მიდი კაცო გვაქ კიდეო. ბუტერბროდიც მომაწოდეს და დაილოცე, ძმაო, ნახე რა ხდება ქვეყანაში, ის ბებერი ახვარი და მაგის ღორები გაიქცნენ და ახალგაზრდა ცოფიანები მოვიდნენ, ორი გზა გვაქ ან გვეშველება, ან დედა მოგვეტყნა, საშუალო არ არსებობსო.- თან გიორგობაა, დიდი გოთვერნები არიან, მაინცდამაინც გიორგობას დაამთხვიესო. ჰოდა, გიორგობას გილოცავთ-მეთქი. ჩაიქროლეს ისევ დროშიანებმა. ერთი ძაან მთვრალი იყო, გახედა დროშიანებს, არ მევასება ეს რევოლუციები და თუ გინდა, შემეცითო. წავედი მე სახლში შარს არ გადავეყაროო, ადგა და წავიდა. მეორემ, ვინც არაყი მომაწოდა, შიგა აქ ამ ჩემისასო, რაც ცოლი მოუკვდა, სულ დაყლევდაო. მესამემ, ვინც ბუტერბროდი გამიკეთა, კიდე კარგად უძლებდა ის ცოლიო. ამასობაში ჩავიცალე მთელი ჭიქა, ვუკბიჩე „კალბასს“ და ის თეთრი ცხიმი სასაზე ამეკრა, ენით ძლივს მოვიცილე და დაუღეჭავად გადავყლაპე, გემო რო არ გამეგო. ფუ, როგორ ჭამენ მართლა ეს გამოყლევებულები, წამომაზიდა, არ შემატყონ-მეთქი და გავუღიმე. გმადლობთ, ძმებო! – ვუთხარი, კიდე დალიეო, არაა, არათქო, აღარც დამაძალეს, სად ჰქონდათ უცხოსთვის მისაწოდებელი არაყი. მოვცილდი, ხეს ამოვეფარე და რაც პირში მქონდა ხო ამოვაფურთხე დანარჩენი იქვე მივაგდე დედისტრაკის ჩუმი გინებით.

არაყმა თავისი ქნა და ეგრევე მომათბო, ჯანზე მომიყვანა. სახლამდე დამრჩა ნახევარი კილომეტრი. ეს დროშიანები ისევ ბღავიან, მეც კიდე ჯანიანად მივაყოლე ბღავილს ბღავილი: !- გაუმარჯოოს- თქვენ მოგიტყააანთ…!!!

გვერდით ამომიდგა თეთრი რუსული მანქანა, 07 როა, ახალგაზრდა კაცმა გადმოყო თავი და-„პრივეტო“. „პრივეტ-მეთქი” გავუღიმე ცოტა აცანცარებულმა, მაინც ამიტანა რა ამ რევოლუციის გოიმურმა ავარდნამ. „რამ გაგამწარაო?“, ცხოვრებამთქო. გამიცინა და “გაგაზა”. ერთი კი ვიფიქრე, რაღაცა ახვრობას აქვსმეთქი ადგილი, თან მეტროს გამოცდილება მქონდა და ხმამაღლა აღარ შევაგინე, მარა გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა, დამცინა ამ შობელძაღლმა,- ვფიქრობ და თან მიზიზინებს ის ერთი ჭიქა ტრუხა არაყი ტვინში. აი, სულ ახლო ვარ სახლთან და შევუყევი ფინიშს. იქვე ჩვეულებრივი ძაღლობა, ბოდიშით, პოლიციის განყოფილებაა, დაგმანულ-ჩარაზული. წითელი ქართულ-ინგლისური წარწერით “პოლიცია – POLICE”. ეს ის ძაღლობაა, ოთხმოცდაათიანებში, ომის დროს, ვიღაც პატარა ბიჭი რო დაიჭირეს, ამ ბიჭის ხუთი ძმაკაცი მიუვარდა, ისეთი დამართეს, პოლიციის უფროსი ეხვეწებოდა, წაიყვანეთ თქვენი ძმაკაცი და წამოვდგებით ასფალტიდან, ყვერები დაგვეყინაო. ერთი თვე გარეთ არ გამოდიოდნენ და ფანჯარას ვერ აღებდნენ,- ეხლა სულ სხვები იქნებიან ალბათ, უფრო მაგრები. ვინც მიცნობს, ემოციური ტიპი ვარ და ამ “პოლიცია – POLICE“-ს დანახვაზე ყველაფერი გამახსენდა, რაზეც დაბოღმილი ვარ. რა მეტაკა ეხლაც ვერ ვხვდები, – ამეჭრა რა, გამიგებთ, თქვენც ხო მოგსვლიათ. გავჩერდი, პოლიციისკენ ხელი გავიშვირე და ამოვიხავლე, ხმამაღლა მომივიდა რა და შევიგინე, ორჯერ შევაგინე… ამოვანთხიე რა, მე სირმა და დამშვიდებული ავუყევი აღმართს. პატარა აღმართია ჩემ სახლამდე, 200 მეტრი უნდა გავიარო. მოულოდნელად მოდის ის თეთრი 07. ბოდიშიო რა,- თავი გამოყო ისევ იმ ბიჭმა,- გვეჩქარებოდა, მაგრა გაგვიტყდა ქუჩაში რო დაგტოვეთ და აგიყვანთო,- კეთილად მითხრა. არა, აქვე ვცხოვრობ-მეთქი. იმის გვერდით ტიპი ზის, ბოროტი თვალები აქ,- მივხვდი, შარში ვარ. უკანა ფანჯარაც ჩაწია ვიღაცამ, სამხედრო ქურთუკი ეცვა, ჩაეგდე თორე დედას მოგიტყნავთო, ამ რევოლუციაში ერთით ზედმეტი ერთით ნაკლები,- ვინ გაიგებსო. ეუჰ, დამიარა ფეხებში, რატო მაგინებთქო, გამიკვირდა ჩემი თავხედობა და იმათ როგორ გაუკვირდებოდათ ხო ხვდებით? გაბრაზებულმა მაკაროვი ამოაძრო სამხედრო ქურთუკის უბიდან. მეოთხეც გამოჩნდა,- ეს მეოთხე ძალიან დიდი აღმოჩნდა, იმხელა იყო, რო გადმოდიოდა მანქანიდან, აღარ დამთავრდა,- იზრდებოდა და იზრდებოდა, მომიახლოვდა, „ნაზად“ ამიტაცა და მანქანის უკანა სავარძელზე აღმოვჩნდი ბრაზიან მაკაროვიანსა და „აღარდამთავრდას“ შორის გაჭედილი. უცებ ბოროტთვალებიანი მოტრიალდა და იარაღის ტარი ჩამარტყა ყვრიმალში, მოწითალო-მომწვანო ნაპერწკლები გავყარე, გამაზრიალა თავში. რამე საბუთი გაქო? ამოვიღე ტელევიზიის პირადობის მოწმობა, სადაც ეწერა რო მონტაჟის რეჟისორი ვარ, – უი, შენ პიდარასტი იქნები და ეხლა ტრაკში მოგტყნავთო. რატო ვართ-მეთქი პიდარასტი, მივხვდი- სექსუალირი უმცირესობის თავგადადებულ დამცველებს შევხვდი. მძღოლის გარდა ყველამ ორი-სამი მითავაზა, სხვათა შორის ყველაზე მსუბუქად “აღარდამთავრდამ“. წადი, ჩვენ რო ვიცით, იქო, ბოროტმა თბილად უთხრა კეთილ მძღოლს. გარეთ დაქრიან დროშიანები, გავცდით ამ დროშიანებს, აღარავინ დაქრის. ბოლო ლამპიონმა ჩამიქროლა. სადღაც სიბნელეში გააჩერეს. ეტყობა, სახალხოდ მაინც არ მაკადრებენ ხმარებას. გინებ-გინებით გადმომათრია ოთხივემ მაქანიდან, არადა, რო ეთხოვათ, მე თვითონ გადმოვიდოდი, რაღა თქმა უნდა, მაგრამ არა, არ უნდოდათ რო ვეწვალებინე სექსის წინ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, „აღარდამთავრდამ“ მანქანის საბარგული ახადა და „დამაბაგაჟნიკა“. აღარ მინდა აქედან გადმოსვლა. აი, ვიწვებოდი და ვიწვებოდი ესე ბედნიერად. მანქანა მიდის. რა კაი ბიჭია ეს ჩემი გერი, აღარასოდეს გავუტრაკებ,- რა ქნას, დაჭირდა ფული; ან იმ კრედიტოფიცერს რას ვერჩი, მშვენიერი კაცია, სახლიც რო გამიყიდოს, ქირით გადავალ; ის ჩემი ნიუსების შეფი ძალიან კარგი ტიპია, ძალიან. გამაგდოს სამსახურიდან,- მართალი იქნება, ოღონდ ამ საბარგულში ვიწვე და ვიწვე. მანქანა გაჩერდა. ოთხივე კარის გაღება-მიჯახუნების ხმა გავიგე. კაია, სახლში რო აჯახუნებ ხოლმე კარს გაბრაზებულზე? ჰა, როგორია? აბა, ეხლა ამათ აგინე შე… აღმოვაჩინე, რო არც ერთი უწმაწური სიტყვა არ მომდიოდა თავში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10