– კი, ბატონო, შემდეგ, ისიც გავარკვიეთ, რომ ნინჩო თქვენი მეუღლეა, თან ასეთი ცნობილი ჟურნალისტი და არანაირი ნაშა, – ბოდიში ამ სიტყვაზე, ჰოოო… კიდე მთავარი აღმოვაჩინე, გავარკვიეთ, რომ მწერალი ხართ და ძალიან ცნობილიც კი… ისიც გავარკვიეთ – აი, დავკითხე ესენი და არც, ბოდიშით ამ სიტყვისთვის, და ჰაერი გაგიფუჭებიათ, მაგრამ მაგრად შეუშინებიხართ, ამისთვის მიიღებენ… ის თქვენი მეგობარი, რომელთანაც ვითომ ანაშა მოწიეთ, გუშინ საერთოდ არ ყოფილა სამსახურში… კიდევ ის გავიგეთ, რომ თქვენი შეფის მოადგილე უშიშროების თანამშრომელია… კიდევ მისი მეუღლეც დავკითხეთ… ანუ მარტო მე დავკითხე, არ იღელვოთ და ძალიან დიდი სიყვარულით მოგიხსენათ, როგორც მამაკაცი მამაკაცს გეუბნებით, რომ მართლაც კარგი ქალია ფიზიკურად… პირად ცხოვრებაში არ ჩავერევით, რა თქმა უნდა… ჰო, გავიგეთ, რომ გერი მართლა გყავთ, თუმცა ჯერ პატარაა და საკმაოდ წარმატებული ბიჭი ყოფილა და ფულის მოპარვა კი არა, ამჟამად ევროპაშია სამეცნიერო კონფერენციაზე, მათემატიკოსი ხომ? თქვენგან განსხვავებით, იმან დათვლა, ეტყობა, კარგად იცის…

– რა დათვლა… ვერ მივხვდი? – აპარსული შუბლისკენ მზერა გამექცა, გულისრევის შეგრძნებამ ჩამირბინა გულიდან კუჭისკენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მომეწონა კორუფციობანას თამაში.

– რა დათვლა და… იმედია, ყველაფერზე შევთანხმდებით.

– და რაზე უნდა შევთანხმდეთ? – დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან გავხალისდი, კორუფციობანას ადრენალინი სცოდნია.

– აი, მაგალითად, არ იტყვით, რომ ჩემებმა მართლაც გესროლეს.

– მაშანტაჟებთ?

– არა, კაცო, რა შანტაჟი… ამდენი ტყუილი ჩვენება რომ მომეცი, ამაზე მეც შემიძლია მუხლი მოგიყენო და… ამ ჩემს ცხოველებს კი ვერ გააგებინებთ, ეს რა არის… წიგნის წაკითხვა კი არა… წიგნი სკოლის მერე არ უნახავთ, ეგეთ რაღაცეებს უცებ ივიწყებს მაგათი ტვინი, ნუ, იმას, რაც თავში უდევთ, თუ შეიძლება ტვინი დაარქვა… აი, თქვენ რო, გაჭედილი გაბრტყელებული ტყვია გირაკუნებდათ თავის ქალაში, ძალიან მინდოდა გაცინება, როცა ვკითხულობდი, მაგრამ ესენი ვერ გამიგებდნენ, ის კი არა, პანიკაში ჩავარდნენ, ექსპერტიზა ჩავუტაროთო… ძალიან მიხარია რომ გაგიცანით, ვწუხვარ, წაკთხული არ მაქვს არაფერი. ისეთი პროფესიაა, ხანდახან ჩვენების წაკითხვის თავი არ მაქვს, თუმცა ამან თავიდანვე გამიტაცა…. კიდე, ესე დაწერა იმიტო გაბედეთ, რომ იცოდით გიშველიდნენ, არა? თქვენი მეუღლე, ნინო გარეთ დგას და გელოდებათ… სულ არ მეგონა, რომ ესეთი მკაცრი ჟურნალისტი, ასეთი თბილი ადამიანი აღმოჩნდებოდა… გადაყოლილია თქვენზე, რაც მაგან იწვალა… აქ რაც წერია, არაფრის სჯერა… რა თქმა უნდა, მწერლის მოგონილი ჰგონია და ეცინებოდა, როცა კითხულობდა, თუმცა მე ხომ ვიცი, რა არის აქ მართალი და ტყული… ისეთი მომიწყო ამ შუა რევოლუციაში, ჟურნალისტები მარტო თქვენთვის მოიცლიანო, – მითხრა, მაგრამ შევთანხმდით და მე თქვენ გაგიშვებთ, ის კი, რამე რომ იყოს, სიტყვას შემაწევს, რომ კარგი პოლიციელი ვარ… აი ასე… ხომ არ ბრაზობთ?

– აგიწყვიათ უჩემოდ ცხოვრება.

– ნუ, არეულ დროს ერთმანეთს დავეხმარეთ, ასე შევთანხმდეთ.

– კარგით… ძალიან მეძინება, მშია და წავალ რა…

-ანანოოო!!! ყავა შემოიტანე.

ოთახში გაქერავებული პატარა ტანის, გაბუტულ-ტუჩებიანი და წვეტიანძუძუებიანი ანანო შემოვიდა. მოტკეცილ ჯინსებში გამოჭედილი კოხტა ტაკოს მოძრაობაში და დიდ შავ, რაღაცნაირად…მოსულელო თვალებში დავიდიჩის მიმართ უღრმესი აღფრთოვანება და ძაღლური ერთგულება იგრძნობოდა. და კიდევ აბსოლუტურად ტრივიალური და ბანალური პლასტიკუროპერაცია გამოვლილი, სხვა სახეზე დაკოპსებული სხვისი პაჭუა ცხვირი, გაშიშვლებული ნესტოებით, აი, დანებებულ ვაგინას რომ გავს, ისეთი. იმ სუნამოთი ყარდა, ალბათ დავიდიჩს რომ მოსწონდა. დავიდიჩსაც ეტყობა, რომ მოსწონდა მისი მორჩილება. ანანოს კი ის მოსწონდა, დავიდიჩს რომ მოსწონდა ყველაფერი, რაც თვითონ მოსწონდა, დავიდიჩს რაც მოსწონდა- და ასე ჩაკეტილ წრეზე.

-ცოტა ხანი კიდევ ვისაუბროთ, სულ ნახევარი საათი დამითმეთ და… ანანოო, გარეთ ქალბატონი ნინო დგას, იცნობ შენ, ჟურნალისტი, შემოიყვანე და ყავით გაუმასპინძლდი, ნახევარი საათი გაართე… დღეს მაინც არავის სცალია ჩვენთვის, ერთი წუთით დავაკვალიანებ ხალხს…- სელექტორს თითი დააჭირა.

– გისმენთ დავიდიჩ! – გაისმა სელექტორიდან. – არ უნდა გადაეჩვიოთ ხო ამ რუსულ მიმართვას? ბიჭო, სულ რო კვდებოდეთ, სამორიგეო არავინ დატოვოს… სამივე ჯგუფი უბნის გარშემო მოძრაობთ, პატრულირებთ… არავის ატერორებთ, გაიგეეთ? არავის ატერორებთ, იქნებ გადარჩეთ თქვე გამოსირებ… – გამომხედა, – თქვე ბედოვლათებო, თქვენა…- ადვილად იპოვა სიტყვა,- მარტო ადმინისტრაციისა და საგამოძიებოს უფროსი დარჩეს… და ყველა ოპერი გამოიძახეთ, დანარჩენები სახლში… ნომერ პირველი მზადებაა! გესმიით… თუ ჩამოვიდე?

-ყველაფერი გასაგებია… ნომერ პირველი მზადება… დავიდიჩ… კი არადა ისა…

-კაი… მორჩა…- გათიშა სელექტორი, ანანო ოთახიდან გამქრალიყო.

-რად გინდათ ესეთები სამსახურში?

-გაგეცინებათ და ამათ რომ წიგნი წაიკითხონ და დაფიქრდნენ, იმ საქმეს ვეღარ შეასრულებენ, რასაც ასრულებენ… ყოველ შემთხვევაში ამ გარემოში…

-ვხვდები, ისე წუხანდელის მერე თქვენნაირ კაცს არ ველოდი ამ ოთახში, – დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო ჩავეძიებოდი სიღრმეებში, მაგრამ ძალიან დამეზარა და ისევ კორექტულობა ვარჩიე, რაღაცის გამო უნდოდა ჩემი გულის მოგება, თორემ უბრალოდ ამომკრავდა პანღურს და გამომაგდებდა, ან სულაც ნინჩოს მოიპატიჟებდა სასაუბროდ და იმას დაუწყებდა ლაქუცს. იციან ამათ მიზნობრივი საუბარი, სად აქვთ ტაქტისა და დიპლომატიის დრო. ან უბრალოდ დრომ მიმაჩვია შეთქმულების თეორიებს. ისევ დამეზარა ფიქრი.

-გმადლოობთ კომპლიმენტისთვის… ალბათ სწორედ ამიტომაც ვარ ამათი უფროსი.

-სხვათა შორის მშვენიერი ქართულით ლაპარაკობთ.

-აი, სწორედ მაგაზე მინდოდა მელაპარაკა…

-გისმენთ! – ყურადღებად ვიქეცი,

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10