-აბა, რა ვქნათ?
-ეხლავე…- ნინჩომ ტელეფონზე ნომერი აკრიფა, – ანანო, გენაცვალე, ბატონ ნიკოლოზს დაუძახე…. ბატონო ნიკოლოზ, გელოდებით… ძალიან კაი….
ხუთ წუთში ანანო ქვემოთ იყო, ოფიციალური, მკაცრი და გულნატკენი.
-წამობრძანდით.
ავედით მეორე სართულზე, ისევ დავიდიჩის კაბინეტში შევედით. სამნი იჯდნენ,- მეოთხე?- იკითხა ნინჩომ.
-მოვა, – გვიპასუხა უხეშად დავიდიჩმა, – და საყვედურით გადმომხედა, ცოლის მონა! – მითხრა თვალებით და ალბომი დემონსტრატიულად, ჩემს დასანახად ჩაკეტა სეიფში. გონი გადავრჩი.
დაახლოებით ათი წუთი ვისხედით ასე ჩუმად.
-მოეთრეს რა დროზე! – წამოიკნავლა “არდამთავრდამ”.
დერეფანში ჩქარი ნაბიჯის ხმა გაისმა. კიბეზე ვიღაცამ ამოირბინა და კარი გაიღო. ესეც ვიცანი. ამას ეცვა სამხედრო ქურთუკი, პირველი ამან შემაგინა.
-ესეც მეოთხე… როგორ არიან?- ჰკითხა ღიმილით ნინჩომ
-კარგად, რა ვიცი, – დაიბნა შემოსული, ეტყობა, ნინჩო იცნო, უაზროდ გაეღიმა,- გიორგი დავარქვი, გიორგობის ამბავში, ნორმალურად არიან,- მოათვალიერა ოთახი და დამინახა, დაიძაბა- ისა… რა ხდება?
-გუშინდელ თქვენ ვაჟკაცობაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, ქალბატონ ნინოს ხომ იცნობ, გუშინდელი თქვენი ოპერაციის ფიგურანტი მისი ქმარია და თან ცნობილი მწერალი….
-მერე?
-მერე ეხლა რაღაცებს გკითხავთ ქალბატონი ნინო, სანამ ტელეკამერები გამოუძახია.
-აუუუჰ!- გულწრფელად ამოიოხრა ოთხივემ.
-ისა… გისმენთ?
-კარგით, რახან ბავშვი გაგიჩნდათ და გეჩქარებათ, თქვენგან დავიწყოთ, ანანო Gგენაცვალე,- ნინჩომ ჩანთიდან პატარა ვიდეოკამერა ამოიღო, გადასაღებად მოამზადა და ნინჩოს მიაწოდა, – აი, ჩემო კარგო, აქ დაიჭირე და გადაიღე ყველაფერი, შევამოწმებ იცოდე და… წაიკუზე, – უთხრა ოპერს.
-რა?
-წაიკუზე… აი, მაგიდას ხელებით დაეყრდენი.
-რას შვები ტო?- გადავირიე.
-შენ ხო, გითხარი, მერე მოგხედავ-მეთქი, თუ არ გსიამოვნებს გადი, გუშინ გესიამოვნა ხო, რო გიხმარეს კინაღამ და ქმარი რო მომიკლეს კინაღამ? გინდა მეორე თვალიც ჩაალურჯებინე? მერე ბოდიში მოვუხადოთ და თუ ნებას მოგვცემენ, სახლში წავიდეთ.
დამანგრეველი არგუმენტები იყო, გავჩუმდი.
-შეშინება გვინდოდა, მეტი არაფერი, – აღშფოთდნენ ოპერები.
-ჰოდა, მეც შეშინება მინდა, წაიკუზეთ ეხლა, სანამ მსუბუქ შეშინებას ვჯერდები,- ოპერი მაგიდას ხელებით დაეყრდნო- ჯერ იტყვი შენ სახელსა და გვარს, მერე იტყვი, რო 2003 წლის 23 ნოემბერს დაატერორე ესა და ეს და ეგრე ოთხივე… აბა, ჰე…
მე გავიჯახუნე კარი და გარეთ გავედი.
შიგნიდან, ყრუდ მესმოდა დარტყმის ხმა, ყველას ორ-ორ პანღურს ურტყამდა. წამოძახილებიც ორ-ორი იყო, მოგუდული, მაგრამ გულიდან წამოსული. ყოველი დარტყმის ხმა იმ გასროლებივით მძაბავდა, თვალებს ვხუჭავდი და მთელი ტანი მეკუმშებოდა, იატაკიც კი მიზრიალებდა ფეხებთან. ნიკოლოზ დავიდიჩის ოთახიდან ერთი მეორეს მიყოლებით გამოდიოდნენ აჭარხლებული და გაბრაზებული ოპერები.
ჯერ კეთილი გამოვარდა,- გიჟია ეს დედამოტყნული- დამინახა, შეცბა,- ბოდიში, – მომიგდო და გაიქცა.
მერე ახალშობილის მამა გამოვიდა, წელში მოხრილი იყო, ვერ სუნთქავდა, ზედ მომადგა, თავი აწია და ტკივილისგან სუნთქვაშეკრულმა ამოიხავლა:
– მაგ შენ ცოლს ყვერებისა და ტრაკის გარჩევა ასწავლე.
– იცის, ეგ არაფერია, შვილი ხო გყავს უკვე?- მივაყოლე.
– წადი თქვენი! – დამიტოვა და გაბობღდა.
-ღირსები ვართ, რაა, – გამოვიდა კნავილით „აღარდამთავრდა“.
მერვე დარტყმის შემდეგ ბოროტთვალებიანი გამოჩნდა კარში, კოჭლობდა, წელს ძლივს მოათრევდა.
– რა გჭირს? – მართლა შევწუხდი.
– კუდუსუნიიი… ამას სახლში როგორ უძლებ, შე ჩემისა,…- და კოჭლობით ჩაუყვა კიბეს.
ბოლოს ნინჩო გამოვიდა.
-აჰა, შენ მოთხრობის ფინალიც… ნახე, – მომაწოდა ვიდეოკამერა და კიბეს ჩაუყვა.
-სახლში ვნახავ, – წავიბურდღუნე და გავყევი უკან. მციოდა, მშიოდა და მეძინებოდა. ჰო, მეღიმებოდა კიდე.
2003 წლის 24 ნოემბრის წვიმიანი საღამო იყო, მთელი მსოფლიო ახალ რევოლუციაზე ლაპარაკობდა, რომელიც სადღაც კავკასიაში მოხდა.
თბილისი. 2018.
