3316. არ უმცირდება ოსტატს მადლი ზენაარისა,
თუკი ამბობს, ალეფს არარა გააჩნიაო!26

3317. განსასწავლად იმისა, ვინც პირდახშულია,
შენი ენიდან საჭიროა გარეთ გახვიდე;

3318. შემოსვლა კი საჭიროა მისი ენიდან,
რომ აითვისოს შენგან ცოდნა და ხელოვნება.

3319. მისთვის შვილივით არის ყოველი (ღვთისაგან) ქმნილი,
შეგონების ჟამს საჭიროა ფირს ეს (ახსოვდეს).

( შეიხის იმ მიმდევარმა იმ ავყია კაცს
ამოსვრილს ურწმუნოებასა და გზააბნევაში,

უთხრა: ალესილ მახვილს თავზე თვით ნუ დაიცემ,
ფრთხილად, სულტანს და ხელმწიფეს წინ ნუ აღუდგები!

თუკი აუზი ზღვას დაუწყებს მეტოქეობას,
არსებობის ფესვიდან თავს თვითონ მოითხრის!

ზღვა არ არსებობს, რომელსაც თუნდ ჰქონდეს ნაპირი,
რომ აიმღვრეს და შეიბილწოს თქვენი გვამებით.)27

3320. ურწმუნოებას ზღვარი აქვს და ზომა, იცოდე!
შეიხსა და მის ნათელს კი არ აქვს ნაპირი!

3321. უსაზღვროებას არად უჩანს, რაც დასაზღვრულია,
ალაჰის სახის გარდა, ყოველი წარმავალია!28

3322. სადაც ის არის, არც რწმენაა, არც ურწმუნობა,
რადგანაც იგი შიგთავსია, ხოლო ეს ორი – ფერი და გარსი.

3323. ეს წარმავალნი იმ ხატს ფარდად ჩამოეფარნენ,
როგორც ჩირაღდანს, ტაშტის ქვემოთ რომ გადამალეს.

3324. მაშ ამ სხეულის თავი არის იმ თავის ფარდა,
იმ თავისთვის ეს – სხეულის – თავი ურწმუნო არის!

3325. და ურწმუნოც ვინ არის? – შეიხის რწმენის მიმართ ღაფალი,
ვინ არის მკვდარი? – ვისაც არ ესმის შიხის სულის.

3326. არაფერია სული, გარნა შეცნობა ცდისას,
ვისაც შეცნობა ემატება, სულიც ეზრდება.

3327. ჩვენი სულები ცხოველთა სულს აღემატება;
რითი? – იმით, რომ უფრო მეტი გვაქვს გაგება, ცნობა.

3328. ხოლო ჩვენს სულზე აღმატებულა ანგელოსთ სული,
რადგან მათ ღმერთმა ჩვეულებრივი შეგრძნებები ჩამოაცილა.

3329. და გულთა მპყობელს სული ანგელოზზე მეტი აქვს,
მაგ გაკვირვებას ხელი ჰკარ და ჩამოიშორე!

3330. ამიტომ არის ადამი მათგან თაყვანცემული,
ადამის სული იმათ ყოფნას აღემატება.

3331. თორემ მდაბალის თაყვანისცემა უკეთესისა
(სრულებითაც) არ საჭიროებს უფლის ბრძანებას,

3332. ყოვლადმოწყალის სამართალს და ლმობიერებას.
ვინ მოიწონებს, თუ ვარდი მუხლს მოუყრის ეკალს?

3333. როს მოიმატებს სული და კიდეს გადასცილდება,
ყოველი რამის სული იმას დამორჩილდება.

3334. ჩიტის და თევზის, ფერიისა და ადამიანის,
რადგანაც იგი მატებაშია, თვითონ -კლებაში.

3335. თევზები ნემსით დაუწყებენ ჯუბაჩის კემსვას,
ნემსებს კი კვალში მიჰყვებიან ძაფის პირები.

 

ზღვის სანაპიროზე ებრაჰიმ ადჰამის ზღაპრის გაგრძელება

3336. როს იმ ემირმა შეიხის ბრძანების აღსრულება იხილა,
თევზების მოსვლამ იგი დიდად აღაფრთოვანა.

3337. თქვა: უი, ფირებს თევზებიც კი იცნობენ თურმე!
ფუი იმას, ვინც ღვთის კარისგან დაწყევლილია!

3338. თევზები ცნობენ ფირებს, ჩვენ კი (მათგან) შორსა ვართ,
ჩვენ ამ ბედით უბედურნი, ისინი ბედნიერნი არიან.

3339. თაყვანი სცა და გაეცალა მტირალ-ტიალი,
გაშლეგდა კარის გამოღების ეშხით და ტრფობით.

 


26 – კომენტატორთა აზრით, აქ იგულისხმება: თუკი ახალბედებს მეცნიერებათა საფუძვლების შესწავლას აწყებინებს, ანუ თუკი უწვრთნელთა, უვიცთა, ახალბედათა დონეზე ეშვება.

27 –  ფრჩხილში მოცემული ბეითები არ არის ,,მასნავიე მა’ნავის“ იმ ვერსიაში, საიდანაც ითარგმნა ძირითადი ტექსტი. ეს ბეითები შესულია პოემის მეორე ნუსხაში.  

28 –  შდრ: ყურანი, 2: 151

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11