3289. ,,ჰოი, დამხსნელო ჩემი ავი ბუნებისაგან,
ჰოი, სამოთხედ მქცევო ჩემი ჯოჯოხეთისა!

3290. ერთს ქონს დაატან შენ, სინათლით გამაბრწყინებელს,
ძვლებს მიუბოძებ სმენას, ჰოი, ყოვლად მდიდარო!

3291. იმ შინაარსებს აბა, სხეულთან რა კავშირი აქვს,
რა კავშირი აქვს საგანთა აღქმას მათ სახელებთან?

3292. სიტყვა ჰგავს ბუდეს, შინაარსი მისი – ჩიტია,
სხეული არის კალაპოტი, სული – წყალი იქ მომდინარი.

3293. ის მიდის, ხოლო შენ ამტკიცებ, ადგილზე დგასო,
ის მირბის, ხოლო შენ ამტკიცებ უძრავიაო!

3294. წყლის მოძრაობას თუ ვერ ხედავ ღრიჭოებიდან,
მაშინ მის თავზე ახალ-ახალი ჩეჩქი რაღაა?!

3295. შენი ჩეჩქი კი აზროვნების სურათებია,
მოდის და მოდის ხატები სულ ახალ-ახალი.

3296. წყლის ზედაპირი, სანამ აზრის რუ მიედინება,
არ იქნება საყვარელი და შემაშინებელი ჩეჩქის გარეშე!

3297. კანთა ნაფრცქვენს ამ მედინი წყლის ზედაპირი
უხილავის წალკოტიდან მოატივტივებს.

3298. კანთა ნაფრცქვენის გული ბაღის წიაღ ეძიე,
რადგანაც რუში წყალი სწორედ იმ ბაღიდან მოდის.

3299. თუკი ვერ ხედავ მდინარებას სიცოცხლის წყლისას,
ხეში იხილე მცენარეთა ეს მდინარება!

3300. გასასვლელისკენ წყალი რაც უფრო უხვად აწყდება,
მასზე სურათთა კანი უფრო ჩქარა გაივლის.

3301. როს მეტისმეტად აჩქარდება ეს ნაკადული,
ღვთის მეცნიერთა არსს ნაღველი აღარ შერჩება.

3302. როს მეტისმეტად ჩქარი იქნება და ჩქარზე ჩქარი,
წყლის გარდა, მასში არაფერი არ დაეტევა.

უცხოსაგან შეიხის გაკიცხვა და პასუხის მიგება შეიხის მიმდევრისგან

3303. ერთ შეიხს ერთმა უცხო კაცმა ბრალი დასდო, რომ
ცუდი კაცია და ჭეშმარიტ გზაზე არა დგასო.

3304. ღვინის მსმელია, მრუშია და ბილწია მეტად,
მის მიმდევართა საშველი სად იქნება, ნეტავ?!“

3305. მავანმა უთხრა: ,,დაიცავი ზრდილობის წესი!
მცირე არ არის დიდთა მიმართ ასეთი ეჭვი!

3306. შორს იყოს მისგან და შორს მისთა მიმდევართაგან,
რომ წყალდიდობამ აამღვრიოს მისი სიწმინდე!

3307. ჭეშმარიტების ხალხს ასეთ რამეს ნუ დააბრალებ,
რადგან ეს შენი წარმოდგენაა და ფურცელი გადმოაბრუნე!

3308. ასე არ არის ეს, მაგრამ თუნდ ასეც რომ იყოს,
წითელ ზღვას განა ერთი ლეშის შიში აქვს, ბრიყვო!

3309. არც ორ კულაზე ცოტაა და არც მცირე ავზი,
რომ ერთადერთმა წვეთმა მისი წახდენა შეძლოს!

3310. ცეცხლი იბრაჰიმს ვერანაირ ზიანს ვერ მისცემს,
ვინც ნიმრუდია, იმას უთხარ, გეშინოდესო!23

3311. სამშვინველი ნიმრუდია, გონი და სული არის ხალილი,24
სული, რაც ხდება იმაშია, სამშვინველი კი ამის გარეგნულ მაჩვენებელში.

3312. მეგზური იმ მგზავრს ეყოლება, ვისაც ყოველ წამს
უდაბნოში გზასავალი დაეკარგება.

3313. ხოლო მიზანთან მისულთ მხოლოდ თვალი და ჩირაღდანი აქვთ,
მეგზურიცა და გზაც უკან აქვთ მოტოვებული!

3314. და შერწყმის კაცმაც,25 თუ მეგზური ახსენა სადმე,
მოკამათეთა აღსაქმელად მოიხსენია.

3315. მამა ჩვილისთვის დაიძახებს ,,აღუ-აღუო!“ –
მისი გონი კი მთელ სამყაროს დააგეგმარებს!

 


23 – მრავალღმერთიანებმა (გადმოცემის თანახმად მეფე ნიმრუდის (ბიბლ. ნებროთის) ბრძანებით), იბრაჰიმის (ბიბლ. აბრაამის) კოცონზე დაწვა გადაწყვიტეს, მაგრამ ალაჰმა აქცია კოცონი იბრაჰიმისათვის სიგრილედ და სიამედ, ისე რომ არანაირი ზიანი არ მისდგომია (შდრ: ყურანი, 21: 68-70).

24 – ხალილი – მეგობარი, ან: ხალილ ალ-ლაჰ (მეგობარი ალაჰისა) – იბრაჰიმის (აბრაამის) ეპითეტი ყურანში. 

25 – კომენტატორთა მიხედვით: აქ იგულისხმება ადამიანი, რომელმაც მიზანს მიაღწია და ღერთს შეერწყა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11