3145. მოთმენა არის შენგან უფლის დიდების სული,
ითმინე, რადგან ეს არის უფლის ნაღდი დიდება!

3146. არც ერთ დიდებას უფლისას არ აქვს ასეთი ფასი,
ითმინე, რადგან თმენა შვების გასაღებია!4

3147. თმენა სირატის ხიდია.5 სამოთხე იმის მიღმაა,
ყველა ლამაზმანს ჰყავს ერთი სახეგონჯი გადია.6

3148. სანამ გადიას არ გაექცევი, ვერ ჰპოვებ შერწყმას,
რადგან გადია ლამაზმანს ახლავს თან განუყრელად.

3149. შე შუშისგულავ, შენ რა იცი მოთმენის გემო,
განსაკუთრებით, იმ ჩაგელური7 ხატისთვის თმენის?

3150. კაცი სიამეს ჰპოვებს ომში, დიდება ხიბლავს,
მამათდედალს კი სიამეს ჰგვრის მარტოდენ შიბლა.

3151. შიბლის გარდა არც სჯული ახსოვს, არც ღვთისთვის ლოცვა,
თავისი ფიქრით, მუდამ ქვემოთ, უფსკრულში ცოცავს.

3152. მაგრამ ზეცაშიც რომ ავიდეს, ნუ შეგაშინებს
ის, ვინაც მდაბლის სიყვარულში განსწავლულია.

3153. ის დაბლობისკენ მიაქანებს თავის ბედაურს,
თუმც ზარ-ზანზალაკს მუდამ მაღლა-მაღლა მიიქნევს.

3154. მათხოვართ ალმებს რა შიში და ზარი ეგების?-
ეს ალმები ხომ მხოლოდ გზაა ლუკმაპურისა!

 

ყმაწვილის შეშინება იმ ზონზროხა კაცისგან, რომელმაც უთხრა:
ნუ გეშინია, მე არაკაცი ვარო

3155. ერთმა ზონზროხა მეტრაკემ ბიჭი დაიმარტოხელა და
სულ გადაყვითლდა ბიჭი შიშით, ისე ღელავდა.

3156. კაცმა კი უთხრა: მშვიდად იყავ, ლამაზო ჩემო,
რა გაშინებს? მე-ქვემოთ, შენ იქნები ზემოთ!

3157. თუმც საზარელი ვჩანვარ, მდედრად მცანი და ხენეშს,
ვითარცა აქლემს, შემომახტი და გამაჭენე!

3158. სახით კაცები არიან და არსით ამგვარნი,
გარეთ – ადამი, ხოლო შიგნით – დევი წყეული.8

3159. იმ დოლსა ჰგავხარ, ზონზროხელავ, შე ადის9 მისხო,
ქარმა ზემოდან ერთი-ორჯერ ტოტი რომ მისცხო.

3160. ერთმა მელიამ მიატოვა ნანადირევი,
ტიკივით ქარით გაბერილი იმ დოლის გამო.10

3161. როცა ვერ ჰპოვა დოლის შიგნით სიმსუქნე, ქონი,
თქვა: ამ ტიკივით ცარიელ დოლს ღორი სჯობს, მგონი.

3162. მელიებს აფრთხობთ, შეაშინებთ დოლის ბრახუნი,
გონიერი კი იმდენს ურტყამს, რომ ნუ იკითხავ!

 

ამბავი მოისრისა და მისი შეშინებისა იმ მხედრის გამო, ხევში რომ მიდიოდა

3163. ერთი მხედარი, იარაღით, ძრწოლის მომგვრელი,
ერთ ხეობაში მიდოდა ჯიშიან რაშით.

3164. ერთმა ჩუბინმა მოისარმა მას ჰკიდა თვალი
და მისი შიშით ზარგანხდილმა მოზიდა მშვილდი.

3165. რათა ესროლა მისთვის ისარი. მხედარმა უთხრა:
,,სუსტი ვარ, თუმცა ვებერთელა კი მაქვს სხეული!

3166. ჰაი-ჰაი! ნუ უმზერ ჩემს ახოვანებას,
რადგან ბრძოლისას დედაბერსაც კი დავუვარდები!“

3167. უთხრა: ,,წადი და კარგი ჰქენი, რომ გამაფრთხილე,
თორემ ჩემივე თავის შიშით გტყორცნიდი ისარს.

3168. მრავალი ვინმე მოუკლავთ ბრძოლის იარაღებით,
ვაჟკაცობა რომ არ ჰქონიათ, თუმც ხელში დაშნები ეპყრათ!

3169. როსტომიანთა11 იარაღითაც რომ აღიჭურვო,
დაიღუპები, თუკი ამის კაცი არა ხარ!

3170. სული იფარე ფარად, მახვილი ჩააგე, ბიჭო!
ამ ხელმწიფეს თავს ის დააღწევს, ვინც უთავოა!

3171. და იარაღი შენია შენივ ხერხი და ხრიკი,
შენშივე იშვა იგი და შენვე დაგიჭრა სული.

3172. თუ ეს ხრიკები ვერასოდეს გამოიყენე,
დათმე ხრიკები, რომ წინ იღბალი წამოვიდეს!

3173. თუ ოსტატობის ნაყოფი ერთხელ არ გაგისინჯავს,
თავი ანებე ოსტატობას და წყალობას უფალს ევედრე!

 


4 – ფართოდ გავრცელებული სამოციქულო ჰადისი (მუჰამადის გამონათქვამი), რომელიც შემდგომ ფრთიან გამოთქმად იქცა.

5 – მუსლიმური წარმოდგენით, ხიდი სიცოცხლესა და სიკვდილს შუა (სამოთხისაკენ), რომელიც თმის ბეწვზე წვრილი და მახვილზე ბასრია. მასზე დგება გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული და თუ ჩაუწყდა, ჯოჯოხეთში ვარდება.

6 – სპარსული ანდაზა. იგულისხმება, რომ თითო ნაკლი ყველასა აქვს, ან: რომ ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.

7 – ჩიგილი, ჩაგელი – ქალაქი თურქისტანში, რომლის მცხოვრებლებიც დიდი სილამაზით გამოირჩეოდნენ.

8 -დევი წყეული (სპარს: დივ-ე ლა’ინ) ფიგურალურად იგულისხმება შეიტანი, სატანა.

9 – ადის ტომი, ადის ტომელნი – ყურანის მიხედვით, ტომი, რომლის მცხოვრებლებიც ალაჰმა დასაჯა უზნეობისათვის. ,,ადის მისხში“ იგულისხმება ამ ტომის შთამომავალი, ამ ტომელთა საქციელისა.

10 – აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ- მუკაფფას ,,ქალილასა და დიმნას წიგნის“ ერთ არაკზე მინიშნება.

11 – როსტომი (რუსთამი) – ირანულთა ეროვნული ეპოსის აბოლ ყასემ ფირდოუსის ,,შაჰნამეს“ გმირი, ,,როსტომიანნი“ აქ უებრო მეომრებს გულისხმობს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11