3260. გამოცხადების სულს აქვს შესაბამისობანი,
და გონი მას ვერ შეიცნობს, ის ძლიერია.

3261. ხან სიშლეგედ ჭვრეტს (გონი ამ სულს), ხან თვით შტერდება,
რადგანაც მხოლოდ მაშინ შეიცნობს, როცა თვითონაც იმად იქცევა.

3262. მსგავსად, ხიზრის19 საქმეთა შესაბამისობისა
მუსას გონთან, რომლისთვისაც ბუნდოვანი იყო (ეს საქმენი). 20

3263. შეუსაბამო მოჩანდა მისი საქმეები მუსასთვის,
რადგან მუსას მისი ჰალი (მდგომარეობა) არ გააჩნდა.

3264. თუ უხილავში მუსას გონიც კი იხლართება,
თაგვის გონებას რაღა მოუვა, პატვიცემულო?!

3265. ბაძვითი ცოდნა გასაყიდი საქონელია,
როცა იშოვის მუშტარს, ხალისით წამოენთება.

3266. ღვთით ბოძებული ცოდნის მუშტარი თავად ღმერთია,
მისი ბაზარი დუღს და გადმოდის მარადიულად.

3267. აღებმიცემობით მთვრალია ბაგემდუმრიად,
უსაზღვროების მუშტარია, რადგან ,,ალაჰმა გამოისყიდა“. 21

3268. ანგელოზია მუშტარი ადამის გაკვეთილისა,
მისი გაკვეთილის მესაიდუმლე არც დევია და არც ფერია.

3269. ,,ადამ, აცნობე მათ სახელებით“22 მოჰყევ გაკვეთილს,
სულ ნაცეც-ნამცეც განმარტე უფლის საიდუმლონი.

3270. იგი, ვინაც ახლომხედველი და ბეცია,
ფერთა ცვალებას ჩაუთრევია, არამყარია!

3271. თაგვი ვუწოდე, რადგან მიწაა ადგილი მისი,
თაგვისთვის მიწა არის ადგილი თავის რჩენისა.

3272. გზები კი იცის, მაგრამ ყველა გზა მიწის ქვეშ იცის,
ყოველი მხრიდან შემორტყმია ზღუდენი მიწის.

3273. და სამშვინველიც თაგვისა მხოლოდ ლუკმის დევნაა,
ჭკუას თაგვს (მისი) საჭიროების შესაბამისად მიუბოძებენ.

3274. რადგანაც ღმერთი ძლევამოსილი, თუ არ სჭირდება,
ისე არავის უწყალობებს რამეს ამქვეყნად.

3275. სამყაროს რომ არ დასჭირვებოდა, დედამიწასაც
სამყაროთა უფალი არასოდეს შექმნიდა.

3276. და ამ მღელვარე მიწას მთა რომ არ დასჭირვებოდა,
(უფალი მთებსაც) არ შექმნიდა ასე დიდებულთ!

3277. და კაბადონთა საჭიროება რომ არ მდგარიყო,
შვიდ ზეციურ თაღს არყოფნიდან არ ამოიყვანდა.

3278. მზე, მთვარეცა და ეს ვარსკვლავებიც დაუჭირვებლად
თვალდასანახად, აბა, როგორ შეიქმნებოდნენ?

3279. მაშასადამე, საჭიროება არის არსთა ქამანდი,
ღმერთი იარაღს კაცს საჭიროების მიხედვით აძლევს.

3280. გაჭირვებულო, მაშ, გაჭირვება იმრავლე ჩქარა,
რათა აღელდეს მოწყალებით ზღვა სიუხვისა!

3281. ეს მათხოვარნი შარაგზაზე და გაჭირვებულნი
ხალხს აჩვენებენ გაჭირვებას თვისას, ნაირგვარს:

3282. სიბრმავესა და მკელობლობას, სნებას და ტკივილს,
რათა ამითი იძრას ხალხის გულმოწყალება.

3283. როდესმე იტყვის, ხალხო, ცოტა პური მომეცით,
რადგან ქონება მაქვს, ბეღელი და სუფრა გაშლილი?

3284. ღმერთმა თხუნელას იმიტომ არ მისცა თვალები,
რომ სარჩოსათვის მას თვალები არა სჭირდება.

3285. ძალუძს იცხოვროს თვალისა და ხედვის გარეშეც,
გრილ მიწაში თავს უთვალოდაც გრძნობს დიდებულად.

3286. მხოლოდ საქურდლად თუ ამოვა მიწიდან ზემოთ,
ვიდრე უფალი არ განწმენდს მას ქურდობისაგან.

3287. ამის შემდეგ კი ფრთას შეისხამს, იქცევა ჩიტად,
ვით ანგელოზნი, ცის თაღისკენ მიეშურება.

3288. ყოველ წამს უფლის მადლიერების ვარდების ბაღში,
როგორც ბულბული, ასი ათასს იტყვის გალობას.

 


19 – მუსლიმურ გადმოცემათა პერსონაჟი, რომელიც მოხსენიებულია ყურანში, როგორც ,,ღვთის მონათაგანი“. ყურანში აღწერილია, როგორ სთხოვს მუსა (ბიბლ. მოსე) ხიზრს, თან ეახლოს მას მოგზაურობებისას, თუმცა ხიზრი გააფრთხილებს, რომ მუსა მის ქცევას ვერ გაუძლებს. მართლაც, ხიზრი ძირს უხვრეტს ხომალდს, რომლითაც მგზავრობენ, კლავს მუსას მხლებელ ჭაბუკს და შეაკეთებს კედელს სოფელში, სადაც თავშესაფრის მიცემაზე უარი მიიღეს. მუსას არ ესმის მისი საქციელი და ეს ხდება კიდეც მიზეზი მათი განშორებისა (შდრ: ყურანი, 18: 59-81).

20 – ანუ მუსა ჯერ კიდევ არ იყო ღვთივშთაგონებული, ჯერ კიდევ არ იყო მოციქული.

21 – შდრ: ყურანი, 9: 112.

22 – შდრ: ყურანი, 2: 31

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11