3174. რაკიღა მეცნიერებანი არ გაყრის ხეირს,
გაიუვიცე თავი და შარს გამოერიდე!

3175. ვით ანგელოზთ თქვეს, შენც იძახე: ,,არა გვაქვს ცოდნა,
იმის გარდა, რაც შენ გვასწავლე, უფალო ჩემო!“12

 

ამბავი ბედუინისა, კენჭების ტომარაში ჩაყრისა და მავანი ფილოსოფოსისგან მისი გაკიცხვისა

3176. ერთმა არაბმა თავის აქლემი დაასაპალნა,
ორი ვეება ტომრით, მარცვლით რომ იყო სავსე.

3177. თვითონ წამოჯდა არხეინად ტომრების თავზე,
ერთმა საუბრის წამომწყებმა შეკითხვა მისცა.

3178. ჯერ სამშობლოზე ჰკითხა, ბაასში აიყოლია
და იმ კითხვისას მრავლად ხვრიტა მარგალიტები. 13

3179. შემდეგ კი ჰკითხა: ეს ტომრები რით გაგივისია? –
ნუ დამიმალავ ოღონდ, მართალი ამბავი მითხარ!

3180. მიუგო: ,,ერთში ხორბალია, ხოლო მეორე
ტომარაში კი ქვიშაა და არა – საზრდელი.“

3181. ჰკითხა: ,,ეს ქვიშა ტვირთად რაღად აგიკიდია?“
უთხრა: ,,მეორე ტომარა ცალად რომ არ მქონოდა!“

3182. უთხრა: ,,იმ მჭიდრო ტომრის ნახევარი ხორბალი
ამ მეორეში გადმოყარე მოხერხებულად,

3183. რომ შემსუბუქდეს ტვირთიცა და თვითონ აქლემიც!“
მიუგო: ,,კაცო, ბრძენო, აზატო და ღირსეულო!

3184. ეს რა ბრწყინვალე ფიქრია და ზუსტი აზრია!
შენ კი შიშველი, ქვეყნად დახვალ, დაოსებული!“

3185. შეებრალა ის ბრძენი და გაიზრახა, რომ
აქლემზე უკან შემოესვა იმ კაცს, გულკეთილს.

3186. მერე კვლავ უთხრა: ,,ბრძენო, საამოდ მოუბარო,
ახლა ცოტა რამ მომიყევი შენს ყოფაზედაც!

3187. ასეთი ტვინი და… ეს სარჩო, რაც გაბადია?!
ან ხელმწიფე ხარ ან ვეზირი, ცხადზე ცხადია!“

3188. უთხრა: ,,ამ ორში არც ერთი ვარ, დაბალი წრის ვარ,
აბა, შეხედე ჩემს ყოფას და სამოსელს ჩემსას!“

3189. ჰკითხა: ,,აქლემი რამდენი გყავს, რამდენი ძროხა?“
მიუგო: ,,არც ეს და არც ის მყავს, ნუ მეძიები!“

3190. ჰკითხა: ,,სარჩო რა გაბადია? დუქანში ტვირთი?“
უთხრა: ,,სადა მაქვს ან დუქანი ანდა ადგილი!“

3191. ჰკითხა: ,,აბა, მაშ, ფულზე გკითხავ: ფული რამდენი?
რადგან შენ მარტოდ მავალი ხარ, რჩევაკეთილი!

3192. სოფლის სპილენძის ალქიმია შენა გცოდნია,
გონის და ცოდნის მარგალიტი შენზეა, შენი!“

3193. უთხრა: ,, ალაჰის მადლმა, არ მაქვს მთელ ქონებაში
საღამოს ვახშმის ნასახიც კი, არაბთა მეფევ!

3194. ფეხშიშველი და ტანტიტველი დავიარები,
ვინაც პურს მაძლევს, მეც იმისკენ მივეშურები.

3195. ამ სიბრძნემ, მადლმა და უნარმა არა მომცა რა,
გარდა ამაო ოცნების და თავისტკივილის!“

3196. მაშინ კი უთხრა ბედუინმა: ,,მომშორდი ჩქარა!
რომ უიღბლობა შენი მეც არ გადმომეღვაროს!

3197. გამარიდე ეგ დანავსული სიბრძნეც, რაკიღა
შენი სიტყვაც კი ავს უქადის თანამედროვეთ!

3198. ან შენ იმ მხარეს გასწი, მე კი აქეთ გავქუსლავ,
თუ შენ წინ გიდევს გზა, მე უკან გავეშურები!

3199. ერთი ხორბლით და ერთი ქვიშით სავსე ტომარა
მთელ შენს მაგ ნარიყ ხერხ-ხრიკებზე უკეთესია!

3200. სულელი ვარ და დაილოცოს ეს სისულელე,
გული მშვიდად მაქვს და სული მაქვს უფლის მოშიში.

3201. ხოლო თუ გსურს, რომ შეგიმცირდეს გაწამაწია,
შეეცადე, ეგ შენი სიბრძნე ნაკლები გქონდეს!

3202. სიბრძნე, რაც ზნისგან და ოცნებისგან წარმოიშვება,
ღვთისგან შუქივით მოფენილი სიბრძნე არ არის.

3203. სიბრძნე სოფლისა მოგიმატებს ეჭვს და ვარაუდს,
სჯულისმიერი სიბრძნე კი ზეცის თავზე აგიყვანს.

 


12 – შდრ: ყურანი, 2: 30

13 – ენაწყლიანობისა და  გონივრული საუბრის გავრცელებული მეტაფორა შუა საუკუნეების აღმოსავლურ ლიტერატურაში. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11