“არსთა მესნევის” კონიაში დაცული ხელნაწერი, რომლის კრიტიკული გამოცემის მიხედვითაც შესრულებულია ქართული თარგმანი

 

3371. გულზედაც ჟანგი მოგდებია კეცად და კეცად
და საიდუმლოს ვეღარ ხედავს, ქცეული ბეცად.

3372. ის კვამლი ახალ ქოთანს თუ დაჰკრავს, კვალს გამოაჩენს
(ახალი ქვაბი), თუნდ იყოს ის ქრთილისოდენა.

3373. რადგანაც ყოველს ამჟღავნებს მისი მოპირმდებარე,
სითეთრეზე ეს სიშავე აუგად მოჩანს.

3374. როცა ქოთანი კვამლის კვალით გადაშავდება,
ამის შემდეგ მას მალიმალ ვინღა შეხედავს?

3375. მჭედელი კაცი, ზანგი თუა, მაშინ კვამლიც კი
იმისი სახის ფერი არის; ერთი ფერი აქვთ.

3376. ხოლო რუმელ კაცს, მაშინ, როცა მჭედლობას იწყებს,
სახე უმალ საბერველით გაემურება.

3377. მაშასადამე, სწრაფად შეიტყობს კვალს ცოდვისას და
სწრაფად დაიწყებს ჩივილს, ,,ვაი, ღმერთოს“ ღაღადისს.

3378. თუ გაჯიუტდა და ხელი ავ ხელობას მიჰყო,
ამით საკუთარ ფიქრებს აყრის ნაცარს თვალებში.

3379. მონანიებას აღარც იფიქრებს და გაუტკბება
გულში ის ცოდვა, ვიდრე ურჯულო არ შეიქნება.

3380. წავა მისგან ის სინანული და ,,ჰოი, უფალო!“
სარკის ზედაპირს ხუთპირი ჟანგი მოეკიდება.

3381. იმის რკინასაც მალე ჟანგი დაუწყებს ჭამას,
იმის ლიბოსაც მალე ჟანგი შეჭამს და განლევს.

3382. როს თეთრ ქაღადზე დაწერ რამეს, ის ჩანაწერი
მზერისათვის საკითხავად გასარჩევია.

3383. ხოლო როდესაც ერთხელ ნაწერზე ზედ გადააწერ,
ვეღარ გაარკვევ და წაკითხვა მცდარი გამოვა!

3384. რადგან სიშავე სიშავეზე დაემატება,
ორივ ნაწერი დაბრმავდება და აზრს ვეღარ მოგცემს.

3385. და თუ მესამედ, თავზე ისევ გადააწერე,
გადააშავებ ისე, ვით სულს, სიავით სავსეს.

3386. მაშ, სხვა რა ხსნაა, გარდა მხსნელის მფარველობისა,
უიმედობა სპილენძია, მზერა კი მისი ელექსირია.

3387. ყოველი თქვენი უიმედობა მის წინ დააწყვეთ,
რომ უკურნებელ სნეულებას გამოერიდოთ!

3388. რაც შუყაიბმა გაუზიარა მას ეს აზრები,
იმ წამიდან სული მის გულში ყვავილივით გადაიშალა.

3389. იმისმა სულმა გაიგონა ზეციური ზეშთაგონება,
თქვა: თუ დამსაჯა, მაშ სად არის ამის ნიშანი?

3390. უთხრა: უფალო, მიგერიებს სიტყვებით იგი
და იმ სასჯელის ნიშანს ეძებს ჩემგან და ითხოვს.

3391. ბრძანა: რადგანაც მფარველი ვარ, არ გავამხელ მის საიდუმლოს,
გარდა ერთი ნიშნისა, მის გამოსაცდელად.

3392. ერთი ნიშანი იმისა, რითაც მე მას ვსჯი, ის არის რომ
მორჩილება აქვს, ლოცულობს და მარხულობს.

3393. ასევე ლოცვას აღასრულებს და ზაქათს31 გასცემს,
სხვა საქმეთაც იქმს, თუმც სულით გემოს ვერაფერს ატანს!

3394. უფალს მორჩილებს და სანაქებო საქმეებსაც იქმს,
თუმცა სიამე არ აქვს ამით ერთი მისხალიც.

3395. ღვთის მორჩილება მისი კარგია, თუმც მისი არსი არ არის კარგი,
მრავალი ნუში არის, თუმცა კი იმათგან არც ერთს არა აქვს გული.

3396. ტკბობა სჭირდება, რომ მორჩილებამ ნაყოფი მოგცეს,
გული სჭირდება, რომ მარცვალი ხედ აღმოცენდეს.

3397. ყველა მარცვალი ნერგად როდი აშრიალდება,
უსულო ხატი არაფერია, ზმანების გარდა.

 


   31 – ყოველი მუსლიმისათვის სავალდებულო რელიგიური ქველმოქმედება. 

 

რუმის მავზოლეუმი კონიაში

 

სპარსულიდან თარგმნა და  განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11