წიგნი მეორე

(ფრაგმენტი)

“არსთა მესნევის” ხელნაწერი

 

ცნობილი ფაქტია, რომ ნაყშბანდიას სუფიური ორდენის ერთ-ერთმა მეთაურმა, დიდმა სპარსელმა პოეტმა აბდ ორ-რაჰმან ჯამიმ (გარდ. 1492წ.) რუმის ამ პოემას “სპარსული ყურანი” უწოდა.

ამ ეპითეტში ჩანს, ერთი მხრივ, თვითონ პოემის მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, ის, თუ როგორი პატივისცემით იყო გარემოსილი მისი ავტორი აღმოსავლეთის სულიერ-ინტელექტუალურ სამყაროში.

ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ედ-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით “მოულანა” (“ჩვენი ბატონი”), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) და გარდაიცვალა კონიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე).

“მასნავი-ე მა’ნავი” (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული “ზნეობრივი მესნევი”, ჩვენი თარგმანით კი – “არსთა მესნევი”) პირველად გამოიცა ლონდონში, 1925-1940 წლებში, რვა ტომად. გამოცემას თან ახლდა პოემის ინგლისური თარგმანი და 25 632 ბეითს მოიცავდა.

ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 “დაფთარად” (რვეულად) სანაისა (გარდ. 1131წ) და ფარიდ ად-დინ ათარის პოემათა ყაიდაზე. რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა. ბოლო საავტორო რედაქცია კი შესრულდა 1272 წელს. მადლიერების ნიშნად რუმიმ პოემა სწორედ ჰოსამ ედ-დინს მიუძღვნა და მოულავიას ორდენის ტრადიციაში მას “ჰოსამ-ნამეს” (“ჰოსამის წიგნსაც”) უწოდებენ.

“მესნევი” – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედია სუფიზმისა – რუმის შემოქმედების და საერთოდ სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალია. თვითონ რუმის მიაჩნდა, რომ პოემის მეშვეობით ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა. ტრადიციულად მიღებული თვალსაზრისით, პოემა იმპულსურად, წინასწარი გეგმის გარეშე იქმნებოდა და მას არც კომპოზიციური ჩარჩო და არც ერთიანი სიუჟეტური ხაზი არ გააჩნია.

ძირითად აზრობრივ დატვირთვას პოემაში ნამდვილად ატარებს იგავი, რომელიც რუმის უამრავი თეორიული გააზრებით არის შეფუთული, ასოციაციური და ზოგჯერ საგანგებოდ ვუალიზებული კავშირის საფუძველზე. მაგრამ ამასთანავე, პოემაში განვითარებულია მისტიკური ან თუნდაც მორალურ – ეთიკური მოცემულობის განმარტების ერთი და იგივე სქემა, რომელიც ძალზე დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებისათვის: თეზისი (მისტიკური პოსტულატი) – დამტკიცება (აია ან ჰადისი) – ამ უკანასკნელის თარგმან-კომენტარი – საილუსტრაციო მაგალითი (დიდაქტიკური მოთხრობა, იგავი) – დასკვნა – სენტენცია. ანდა, პირიქით: იგავი ადგილს უცვლის კანონიკურ ბლოკს (აია, ჰადისს) და მაშინ დადასტურების ფუნქციას სწორედ ეს უკანასკნელი იტვირთებს.

რუმის პოეტური სტილი რთული და არაერთგვაროვანია. თხრობისას მისი ენა სადაა და იმ ეპოქის სალაპარაკო ენასთან მაქსიმალურად მიახლოებული, თუმცა ეს სისადავე უცებ ქრება, როგორც კი ავტორი ფილოსოფიურ მსჯელობაზე ან, მით უფრო, მისტიკურ ჭეშმარიტებათა ახსნაზე გადადის.

ცნობილი ფაქტია, რომ სუფიზმის გაჩენისა და განვითარების პირველი ეტაპისთვის ირანელი მისტიკოსები თავიანთ პოეტურ ტექსტებში საგანგებოდ მიმართავდნენ ხალხურ მეტყველებას და საამისოდ, ძირითადად, რობაის გამოიყენებდნენ, რომელიც აღმოსავლურ სალექსო ფორმებში ყველაზე უფრო სხარტ და დემოკრატიულ ფორმად ითვლებოდა.

დროთა განმავლობაში მისტიკოსი ავტორების პოეტური სტილი სავსებით შეიცვალა და ზოგჯერ ისეთი ღვლარჭნილი გახდა, რომ მისი აღქმა არათუ ჩვეულებრივ ადამიანებს, საგანგებოდ მომზადებულ საზოგადოებასაც კი გაუჭირდა.

ეს ღვლარჭნილობა ალაგ-ალაგ ჟონავს რუმის “მესნევიშიც”, თუმცა, ცხადია, მისი პოეტური ნიჭიერება და გემოვნება, საბოლოოდ, მაინც გადასძალავს და პოემა მთლიანობაში სიტყვიერების არაჩვეულებრივ ნიმუშად წარმოგვიდგება.

მეორე თავისებურება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ტექსტის აღქმას, არის პოემის გარკვეული ბილინგვიზმი. “არსთა მესნევი” ყურანიდან, ჰადისებიდან თუ სხვა ტექსტებიდან მოხმობილ იმდენ არაბულ ციტატს შეიცავს, რომ მთლიანობაში მკითხველს და, მით უმეტეს, მთარგმნელს ამ ორივე ენის თანაბარი ცოდნა მოეთხოვება.

გარდა უბრალოდ მოხმობილი ციტატებისა, ტექსტი სავსეა შუა საუკუნეების ყოფის, სულიერი თუ ინტელექტუალური ცხოვრების უამრავი რეალიით და ამ ეპისტემის ცოდნისა და გააზრების გარეშე შეუძლებელია გავიგოთ ამა თუ იმ პასაჟის შინაარსი. შეიძლება ითქვას, რომ “არსთა მესნევი” ყველაზე “ეპისტემური ტექსტია” ამავე ჟანრისა და დანიშნულების სხვა ტექსტებთან შედარებით.

ამ პოემის ხუთ “დაფთარი” უკვე თარგმნილია და არსებითად მზად არის გამოსაცემად. თარგმანი წარმოადგენს ფილოლოგიურ პწკარედს, სადაც მაქსიმალურად არის გადმოცემული შინაარსი და ამავე დროს, დაცულია გარკვეული რიტმიც. მას თან ახლავს ვრცელი კომენტარი, რომლის მიზანია ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გაუიოლოს რუმის პოემის რთულად აღსაქმელი ნიუანსების გაგება.

წინამდებარე პუბლიკაცია მეორე “დავთრის” ერთი მცირე ნაწილია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11