3340. შენ კი, შე პირდაუბანელო, რაში არსებობ?
ვის შურში ანდა ვის მტრობაში ჩაგიდგამს ფეხი!

3341. ნუთუ დამდგარხარ და ლომის კუდს ეთამაშები,
ან ანგელოზებს აოხრებ და იკლებ თურქივით?

3342. ბოროტებას რად ეძახი ხალას სიკეთეს?
ფრთხილად, დაცემა ამაღლება ნუ გეგონება!

3343. ავი რა არის? სპილენძი, რასაც სჭირდება კნინნი,
შეიხი რაა? – უნაპირო ალქიმიაა!

3344. თუ ხშირად სპილენძს ალქიმია არ შეითვისებს,
ალქიმია სპილენძით სპილენძად ვერასოდეს იქცევა.

3345. ავი რა არის? ამბოხება, ცეცხლი კი საქმე,
შეიხი რაა? – დაუსაბამობის უნაპირო ზღვა.

3346. ცეცხლს მუდამ წყლით აშინებენ, როგორც წესია,
წყალს კი ანთების, აბა, როდის შეშინებია?!

3347. მთვარის ღაწვებზე ნაკლის ნახვა მოგდომებია?
სამოთხეში ნარეკალის კრეფა გწადია?

3348. თუ სამოთხეში შეხვალ, რათა ძებნო ეკალი,
სხვა ეკალს იქ ვერ ჰპოვებ, გარდა შენივ თავისა!

3349. მზეს ტალახსა სვრი და ტალახით გინდა, დაფარო?
სავსე მთვარის ღაწვზე ნაიარევს დაეძებ?

3350. მზე, რომელიც სამყაროსთვის გამობრწყინდება,
ერთი ღამურის გამო როგორ დაიმალება?

3351. ნაკლნი ფირთა უარყოფამ აქცია ნაკლად,
უხილავნი მათი შურით გაუხილავდნენ.

3352. შენ, მათ სამსახურს მოშორებულიც, შემწე იყავი,
მარდი იყავი სინანულში, საქმიანი იყავი!

3353. ვიდრე ამ გზით შენამდე ჯერაც აღწევს ნიავი,
მოწყალების წყალს შურის გამო რატომ აკავებ?

3354. თუმც შორზე შორს ხარ, კუდი მაინც გააქიცინე,
,,სადაც არ უნდა იყოთ, პირი ალაჰისკენ იბრუნეთ!“29

3355. როგორც ვირი, ტალახში რომ ეფლობა სწრაფად,
სულ რომ ბრუნავს და ტრიალებს წამოსადგომად.

3356. მაგრამ ადგილს როდი ტკეპნის იქ დასარჩენად,
იცის, არ არის იქ საარსებო მისი ადგილი.

3357. შენი შეგრძნება ვირის გრძნობაზე უფრო კნინია,
გული შენი ხომ ამ ჭანჭრობიდან არც წამომდგარა!

3358. ჭანჭრობში ახსნას შედგომიხარ და მას ამართლებ,
რადგან არ გინდა, რომ ამ ჭანჭრობს გული მოსწყვიტო.

3359. (ამბობ): ,,მე ამას ვიმსახურებ, ნაიძულები,
ღმერთი არ დასჯის უუნაროს სიქველის გამო.

3360. ხოლო ღმერთს უკვე დაუსჯიხარ! ვით ბრმა აფთარი,
სასჯელს ვერ ხედავ შენ შენივე ამპარტავნებით.

3361. შენზე ამბობენ: ,,აქ სად არის, აბა, აფთარი!
გარეთ ეძებეთ, რადგანაც ის ეხში არ არის!“

3362. ამას ამბობენ, მაგრამ ფეხზე ადებენ ბანდებს,
ის კი ფიქრობს, რომ ვერ მამჩნევენ, ვერა მხედავენ!

3363. თორემ ამ მტერს რომ შევემჩნიე, როგორ იტყოდა,
აბა, სად არის, (ვერა ვხედავ) ის აფთარიო.

 

როგორ იჩემებდა ერთი კაცი, მე ღმერთი ცოდვისთვის არ დამსჯისო
და რა უპასუხა მას შუყაიბმა30 (მშვიდობა მას!)

3364. ის კაცი ასე ამბობდა შუყაიბის ხანაში,
რომ ,,ღმერთს მრავლად აქვს ჩემი ნაკლი უკვე ნანახი!

3365. რამდენი ბრალი და შეცოდება უნახავს ჩემი,
მაგრამ თავისი სიკეთის გამო არა მსჯის ღმერთი!“

3366. უზენაესმა უჩურჩულა ყურში შუყაიბს,
მის საპასუხოდ, მჭევრმეტყველად, უხილავი გზით,

3367. ვითარმედ: ,,შენ რომ ამბობ, რამდენი ბრალი მიმიძღვის,
და ცოდვისათვის ღმერთი მაინც მე არა მსჯისო,

3368. უკუღმა იტყვი და პირუკუ ყველაფერს, ბრიყვო,
გზა დაგითმია და უდაბნოს გზას შედგომიხარ!

3369. რამდენჯერ გრისხავ, შენ კი მაინც ვერაფერს იგებ,
თავით ფეხამდე ბორკილებში ხარ გახლართული!

3370. შენი მური შენზედვე რჩება, შავო ქოთანო,
და ის შენი შინაგანის ხატს გიცამტვერებს!

 


29 – პერიფრაზი ყურანიდან, შდრ: ყურანი, 2; 139 (144)

30 – შუყაიბი – ერთ-ერთი მოციქულის სახელია ყურანში. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11