3204. ბოლო ჟამის გაიძვერა კაცმაცუნები
თავს მიიჩნევენ გარდასულებზე აღმატებულად.
3205. ხერხთა მსწავლელებს გულ-ჯიგარი დაუფლეთიათ,
ქცევები და ილეთები შეუსწავლიათ.
3206. მოთმინება და თავგანწირვა, სულის სიუხვე
და სულგრძელობა ქარს გაატანეს, რაც სარგებლის ელექსირია.
3207. ფიქრი ის არის, ახალი გზა გახსნას, გაკვალოს,
გზა ის იქნება, ხელმწიფეს რომ შემოუძღვება,
3208. მეფეც ის არის, ვინც მეფეა შთამომავლობით,
არა – განძის ან ლაშქრის ძალით გამეფებული.
3209. რათა შემორჩეს უკუნისამდე მისი მეფობა,
როგორც სიმტკიცე აჰმადის სჯულს – სამფლობელოში.
ებრაჰიმ ადჰამის14 (ალაჰიმც წმინდა ჰყოფს მის საიდუმლოს!) სიქველენი ზღვის სანაპიროზე
3210. როგორც ებრაჰიმ ადჰამისგან გადმოუციათ,
იგი ერთ გზაზე თურმე ზღვის ნაპირას ჩამოჯდა.
3211. თავის ყაბაჩას იკემსავდა სულის სულტანი,
როცა უეცრად ერთი ემირი მიახლებია.
3212. ის ემირი იყო შეიხის მსახურთაგანი,
იცნო შეიხი და მის წინაშე მსწრაფლ დაიჩოქა.
3213. მერე შეიხს და მის ყაბაჩას ჩააშტერდა და
მოულოდნელად შეეცვალა ზნე და ბუნება.
3214. ,,რომ დაუთმია მას ქონება გასაოცარი,
სიღარიბე და გასაჭირი აურჩევია.
3215. ზურგი აქცია შვიდი იკლიმის15 სამფლობელოს და
ახლა ყაბაჩას კემსავს ნემსით, ვით უპოვარი.”
3216. მიხვდა შეიხი, იმ წამს, რასაც ფიქრობდა იგი.
შეიხი არის ლომი, ხოლო გულნი – ხეობა.
3217. რადგან იმედი და ღვთის შიში გულებს გაივლის,
მას სამყაროს საიდუმლონი არ ემალება.
3218. გულს მოუარეთ (გული თან გქონდეთ), უნაყოფონო,
იმ ბრწყინვალე გულიანთა თანდასწრებისას.
3219. სხეულის ხალხის წინ ზრდილობა გარეგანია,
რადგანაც ღმერთი მოაფარებს მათგან იდუმალს.
3220. გულის ხალხის წინ კი ზრდილობა შინაგანია,
რადგანაც მათი გული ხვაშიადთა მწვდომია.
3221. შენ კი, პირიქით, ბრმათა წინაშე დიდებისათვის
გამოჩნდები და ზემო თაროს წამოსკუპდები!
3222. ხოლო მხედველთა წინაშე კი დათმობ ზრდილობას,
ხორციელ ვნების შეშად ამიტომ გადაქცეულხარ!
3223. რადგან სწორი გზის შუქი და წვდომა არ გაგაჩნია,
სახეს ბრმათათვის იმიტომაც გაიპრიალებ!
3224. მხედველთ წინაშე იცხე სახეს ფერუმარილი
და გაინაზე ეგრერიგად აყროლებული!
3225. შეიხმა ნემსი გადააგდო სასწრაფოდ ზღვაში
და მერე იმ ნემსს ხმამაღლა კვლავ თავისკენ უხმო.
3226. ასი ათასი, აურაცხელი ღვთიური თევზი –
და ყოველ მათგანს ლაყუჩით ეპყრა ბაჯაღლოს ნემსი –
3227. ჭეშმარიტების ზღვიდან თავს მაღლა, ჰაერში სწევდა:
,,აჰა, შეიხო, აიღე ნემსნი ჭეშმარიტების!“
3228. პირი იბრუნა მისკენ და ჰკითხა: აბა, ემირო,
გულის ქონება სჯობს თუ ასეთი კნინი ქონება?
3229. ეს გარეგნული ნიშანია, არაფერია.
დაფარულში რომ შეხვალ, იქ ასეთს ოცს დაინახავ!
3230. ქალაქში ბაღის ნიშნად ერთ ტოტს ჩამოიტანენ,
რომ სადაც ბაღი, წალკოტია, იქით წავიდნენ.
3231. განსაკუთრებით ბაღი, რომლის ერთი ფოთოლიც
არის ეს ზეცა. ის არის გული, ეს სამყარო – მისი ნაჭუჭი.
14 – შუა საუკუნეთა ცნობილი სუფი მისტიკოსი.
15 – იკლიმი – (ბერძნული კლიმატისაგან) შუა საუკუნეების მუსლიმურ წარმოდგენაში, სამყარო შვიდ თანაბარ ნაწილად, იკლიმად იყოფოდა.