3232. იმ ბაღისკენ ერთ ნაბიჯსაც კი არ გადადგამ;
მეტი სურნელი ეძიე და სურდო განაგდე!

3233. რომ ის სურნელი ანდამატად გექცეს სულისა,
რომ ის სურნელი გადაგექცეს თვალის სინათლედ.

3234. თქვა იუსეფმა, ძემ იაკყუბ მოციქულისამ,
სურნელისათვის: ,,მამას სახეზე გადააფარეთ!“16

3235. ამ სურნელისთვის თქვა აჰმადმა ღვთის დიდებისას,
სულ თვალთა ჩემთა სიგრილეა17 ლოცვებისასო.

3236. ხუთი შეგრძნება ერთმანეთზე გადაბმულია,
ხუთივე მოდის უმაღლესი საფუძვლისაგან.

3237. საზრდო ერთისა დანარჩენთაც საზრდოდ ექცევათ,
ყველა დანარჩენს თითოეული მწდედ ევლინება.

3238. თვალით დანახვა ტრფობას უფრო გააძლიერებს,
ტრფობა თვალებში გულწფრელობას ამრავალწილებს.

3239. გულწრფელობა ყველა გრძნობის ღვიძილი ხდება,
ხოლო შეგრძნებებს გემოვნება უმეგობრდება.

 

დასაწყისი არეფის გაბრწყინებისა უხილავის მხედველი სინათლით

3240. როცა ერთ-ერთი გრძნობა, სვლისას, ბანდს გამოიხნის,
დანარჩენი შეგრძნებებიც სხვანაირდება.

3241. თუკი ერთ-ერთმა გრძნობამ იხილა შეუგრძნობელნი,
მაშინ ფარული ყველა შეგრძნებას გამოუჩნდება.

3242. როდესაც ფარის ერთი ცხვარი რუში ჩახტება,
იმის კვალდაკვალ იქ ყველა ცხვარი გადაეშვება.

3243. შენი გრძნობების ცხვარი საბალახოდ გარეკე
იმ იალაღზე, ,,მან რომ საძოვრად ამოიყვანა.“18

3244. რათა ძოვონ მათ იქ სუმბული და რეჰანი,
გზა გაიკვალონ სიმართლეთა ყვავილნარისკენ.

3245. ყოველი შენი შეგრძნება ხდება მოციქული სხვა შეგრძნებათა,
რომ სათითაოდ გაეშურონ იმ წალკოტისკენ.

3246. შეგრძნებები შენს შეგრძნებებს საიდუმლოს ანდობენ,
უსინამდვილოდ, უენოდ და უქარაგმებოდ.

3247. რომ ეს ჭეშმარიტება განმარტებათა ქვემდებარეა
და ეს ხილვა წარმოსახვათა საფუარია.

3248. ჭეშმარიტებას კი, რაც აშკარა და ხილულია,
ვერანაირი განმარტება ვერ გარემოიცავს.

3249. როს ყველა გრძნობა ენი შეგრძნების მონა გახდება,
ზეცის ჩარხს შენგან გასაქცევი აღარ ექნება.

3250. როდესაც დავა ატყდება კანის მფლობელობაზე,
ვისაც შეხვდება გული, კანიც იმას დარჩება.

3251. როცა გაწევ-გამოწევაა ბზის ხელეურზე,
მარცვალი ვისაც ეკუთვნის, შენ იმას შეხედე!

3252. აჰა, ცარგვალი კანია, სულის შუქი კი -გული,
ეს მოჩანს, ის დაფარულია, ამის გამო ნუ დაბრკოლდები.

3253. ტანი ხილული, ხოლო სული უხილავია,
ტანი სახელოს ჰგავს, სული ხელივითაა.

3254. გონის მიმინო სულისგან უფრო მალულად დაფრენს,
მაგრამ შეგრძნება სულისკენ გზას უფრო მალე გაიგნებს.

3255. როს რამე მოძრავს ხედავ, იცოდე, რომ ცოცხალია,
მაგრამ გონებით დაპენტილიც ნუ გეგონება.

3256. ვიდრე ძვრას არ შეუდგება გამოზომილად,
ცოდნით, სპილენძის მოძრაობას ოქროდ გარდაქმნის.

3257. სათანადოდ ქცევა ხელის მოძრაობათა
გაგაგებინებს შენ იმას, რომ არსებობს გონი.

3258. გამოცხადების სული გონზეც კი ფარულია,
იმიტომ, რომ უხილავი და იმ თავისაა.

3259. აჰმადის გონი არავისთვის იყო ფარული,
თუმც მისი გამოცხადების სულმა ყველა სიცოცხლე როდი განმსჭვალა!

 


16 – შდრ: ყურანი, 12: 93

17 –  არაბ: კურ’ათ ალ-‘აინ (თვალის სიგრილე, თვალის სიამე) სამოციქულო ჰადისზე (მუჰამადის გამონათქვამზე) მინიშნება: ,,საყვარელია ჩემთვის ქალები და კეთილსურნელება და ჩემთა თვალთა სიამეა ლოცვა“

18 – შდრ: ყურანი, 87: 4.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11