
ჯუჰასა1 და იმ ყმაწვილის ამბავი, მამის ცხედრის წინ მოთქმით რომ ტიროდა
3116. ერთი ყმაწვილი მამამისის კუბოს წინ იდგა,
მოთქმით ტიროდა და თავპირში ხელებს იშენდა.
3117. საით მიჰყავხართ, მამაჩემო, ცრემლით ნაბანო,
რომ შავი მიწის მდუმარებას გადაგაბარონ?
3118. შენ წაგიყვანენ ერთ ვიწრო და დახუთულ ბინას,
იქ კი ვერც ფარდაგს მოიძიებ და ვეღარც ჭილოფს.
3119. იქ არც პურია დღისით და არც სასანთლე ღამით,
არცა სუნია სიტყვების და არც ნიშანწყალი.
3120. არც შიგნით არის მოწყობილი, არც გზა აქვს ბანზე,
არც მეზობელი, რომ მიადგე საშველად კარზე.
3121. შენი თვალები, ალერსით რომ კოცნიდა ხალხი,
როგორ წავიდეს სიბნელის და წყვდიადის სახლში?!
3122. ულმობელობის ვიწრო სახლში, რომ არ აქვს ჭერი,
სადაც არც სახე დარჩება და აღარცა ფერი.
3123. ასეთნაირად, იმ სამყოფლის ნიშნებსა თვლიდა
და თვალებიდან სისხლშერეულ ცრემლებსა ღვრიდა.
3124. და თქვა ჯუჰამ და მწუხარებას უნახა ფონი:
,,უნდათ, ჩემს სახლში წაიყვანონ ეს კაცი, მგონი!“
3125. და მამას უთხრა: ,,არ გაბრიყვდე, მოითქვი სული!
ჯერ გირჩევნია, სახლის ნიშნებს დაუგდო ყური!
3126. რაც ამ ყმაწვილმა ჩამოთვალა, ყველა ნიშანი,
სულ ჩემი სახლის აღწერაა, სწორედ ის არის!
3127. არც ჭილოფი მაქვს და არც ლუკმა ღარიბ-ღატაკის,
არც კარი ვარგა მისი, არც ჭერი, არც იატაკი!
3128. სწორედ ამგვარი თვითონაც აქვს ნიშანი ასი,
თუმც როდი ამჩნევს ამას უფლის მებრძოლი კაცი!
3129. იმ უმთენარო გულის სახლი, სადაც არ ღვივის
უზენაესის ჩახჩახა მზის არც ერთი სხივი.
3130. ვიწრო და ბნელი, ისე, როგორც ურიის სული,
მოწყალე მეფის მადლზე იმედგადაწურული.
3131. იმ გულს მზის სხივი არ ადგება თავზე ჯიღებად,
არც შიგნითა აქვს სივრცე და არც კარი იღება.
3132. ასეთ გულს შენთვის საფლავი სჯობს, მოყვასო ჩემო,
მო, შენი გულის საფლავიდან ამოდი ზემოთ!
3133. ცოცხალი ხარ და ცოცხლის შვილი და ასე მთუთქავ,
ამ ერთიბეწო სამარეში არ გეკვრის სუნთქვა?
3134. ხარ ჩვენი დროის იუსეფი, მზე მოჩახჩახე,
მაგ დილეგიდან გამოდი და გვიჩვენე სახე!
3135. უფლის სტომაქში ჩაიხუთა შენი იონა,
უფლის დიდებით თუ დაიხსნის თავს ის იოლად.
3136. ღვთის მეხოტბე რომ არ ყოფილიყო ვეშაპის წიაღ,
იქ დარჩებოდა, ვიდრე ,,მკვდრეთით არ ღსდგებიან“*2
3137. ღვთის განდიდებით გამოუსხლტა სტომაქს თევზისას,
ღვთის განდიდება რაა? ნიშანი – ,,არა ვარ?!“3 – დღისა.
3138. თუ დაგავიწყდა განდიდება სულთა სულისა,
ყური დაუგდე უფლის ხოტბას თევზთა გულიდან.
3139. ვინაც იხილა ღმერთი, ისიც არის ღვთიური,
ვინაც იხილა ის ზღვა, სწორედ ის არის თევზი!
3140. წუთისოფელი ზღვაა, სხეული კი ვეშაპია,
სული – იონა, ამ ვეშაპს რომ ჩაუყლაპია.
3141. თუ განადიდებს უფალს, ვეშაპს გადაურჩება,
თუ არა, მასში გაიხრწნება და განიმქრევა.
3142. სავსეა ეს ზღვა სულის თევზით, გასაოცარით,
შენ კი ვერ ხედავ, რადგან ბრმა ხარ, ო, უჟანგავო!
3143. შენ გეხლებიან ეს თევზები ფრთხიალ-ფრთხიალით
თვალი გახსენი! დაინახე ცხადად ისინი!
3144. და თუ თევზებს ვერ დაინახავ ასე აშკარად,
ყურს მათი უფლის განდიდება მაინც მოგწვდება.
1 – აღმოსავლური ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის ენაკვიმატი პერსონაჟი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მრავალი ანეკდოტი, შემდგომ ხოჯა ნასრედინად, ან მოლა ნასრედინად (ქართულ ფოლკლორში – მოლა მასრუდინად) ტრანსფორმირებული.
2 – შდრ: ყურანი 37: 139-144.
3 – დღისა, როდესაც ითქმება ,,განა არა ვარ უფალი შენი?!“ ანუ განკითხვის დღისა. შდრ: ყურანი: ,,და ჰკითხავს ალაჰი მაშინ მკვდრეთით აღმდგართ, განა არა ვარ უფალი შენი“ (74: 51)