***

 

ბოდიში, რომ ჯერ ცოცხალი ვარ,

რომ არ გახსოვართ.

მოულოდნელად გულს რომ არ გატკენთ ჩემი უცაბედი გარდაცვალების ცნობა.

რომ არ მოგიწევთ ამოქექოთ მოგონებები,

ფოტოები,

გაიხსენოთ ერთმანეთი როგორ გვიყვარდა. რა კარგი ვიყავი,

რა თბილი და თავაზიანი.

როგორ ვწუხვარ, რომ ცოცხალი ვარ,

როგორც ყველა, ვდგები დილით, ყავას ვსვამ და “ფეისბუქზე” ფოტოსაც ვტვირთავ.

სტატუსებსაც ვწერ –

ზოგჯერ მხიარულს, ზოგჯერ სევდიანს – ერთი სიტყვით –

ცხოვრება მიდის.

ჩვეულებრივად მიუყვება თავის კალაპოტს.

შენც მიჰყვები და ხშირად ისე უსახური, გამჭვირვალე ხარ,

თითქოს რაღაცას ხმამაღლა ამბობ და

არავის ესმის.

სიცოცხლეს სულ სხვა გასაჭირი სჭირს, სულ სხვა სენი, სულ სხვა კიბო, სხვა სიკვდილი, სხვა დავიწყება.

სიცოცხლეს სულ არ შეუძლია რომ შეანჯღრიოს, შეაზანზაროს, შენი თავი მოანატროს, გაახსენოს და აატიროს.

ჩვენ სად მივალთ ცოცხლები მკვდრებთან.

რა შეგვიძლია, ვაგრძნობინოთ,  გარდა იმისა,

რომ არაფერი შეგვიძლია:

არც ჩვენი თავის შეხსენება, არც სინანული.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10