***
ჩემი სამსახურიდან ჩემს ტელევიზორამდე
4022 მეტრია.
ასე მიჩვენებს ტელეფონში ჩამონტაჟებული მართვის პულტი.
მე შემიძლია მხოლოდ საგნები ვაკონტროლო.
“თუ ქართველი სვამს ჩაის – მხოლოდ ამხელა ჭიქით”. –
ატრიალებს ნახევარლიტრიან ჭიქას ქერათმიანი გიდი ამაყად.
მაოცებს ყველა სტერეოტიპი:
როდის ჩატარდა სოც.გამოკითხვა ჭიქის ზომებთან დაკავშირებით? მე არასოდეს მეკითხებიან.
მხოლოდ: როგორ ხარ? – ზრდილობის გამო.
წუხელ ისევ მხოლოდ ოთხი სთ.მეძინა.
ვიღვიძებ. სამი წუთი საწოლის პირას უხმოდ ვზივარ: გამოფხიზლება.
ჩემმა პაპამ და ბებომ დაამარცხეს ფაშიზმი და რაღაც “იზმები”.
დედა და მამა აშენებდნენ კომუნიზმს და ნათელ მომავალს.
მე მხოლოდ პატარა სახლი მინდა.
საკუთარი. რძისფერი ჭერით. ხის იატაკით. ადამიანით.
უნდა ვიყო ძლიერი ქალი, რომელსაც სძინავს ოთხი საათი.
სწორედ იმდენი, მოასწრო და რომ არ მოკვდე – გამოიძინო.
დროც ზუსტად მყოფნის, ფულიც, ნერვებიც.
მეგობრებსაც ესმის ჩემი: არ მემდურიან.
მე კი მაშინებს, რომ თანდათან ყველა დამტოვებს.
თუ ვერ მხედავენ – აღარ ვახსოვარ.
გაჩერებაზე რკინის კედელს მიყრდნობილი ვდგავარ და ვუსმენ
ყურსასმენებში საკუთარ გულის ბაგაბუგს.
ვერ გაექცევი, პათეტიკა ერთხელ მაინც მოგერევა. ვერსად წაუხვალ.
სულ უფრო ხშირად ვფიქრობ მათზე ვინც წავიდა, ან არ მოვიდა.
ვისაც ყოველდღე ვხედავ და ან ვესაუბრები.
მე მხოლოდ საგნებს ვაკონტროლებ.
ვუჩენ ადგილს ქურთუკს, ჩანთას, ტელეფონის დამტენს, ფეხსაცმელს.
ვხურავ კარს და მუყაოსგან გაშენებულ ტყეში შევდივარ.
მარტოობა სითხესავით უფორმო და წებოვანია. ლამაზ, მყარ ხაზებს ვერასდროს მისცემ.
მთელი ცხოვრება არის თითო დღის ქრონოლოგია.
ორ დღეს თანაბრად ვერ იცხოვრებ.
ვერც ორ ცხოვრებას, ან ადამიანს.
ჩვეულებრივი დღე იყო დღესაც.
ვზივარ საწოლზე,
ტელევიზორს ახლა 20 მეტრი მაშორებს.
მხოლოდ საგნებს ვუახლოვდები.