***

 

მე ვუყურებდი ყოველდღე მის ჯვარს.

და მის მკერდს და ვუყურებდი და ვუყურებდი და ვგრძნობდი პრიალა კანთან შეხებას.

ვგრძნობდი უცაბედ, დაწნულ სიგრილეს ყელთან, როგორ მებჯინებოდა.

მე ვუყურებდი ისევ მის ჯვარს, კვლავ მასავით შორსა და უცხოს.

მე ვუყურებდი ხოლმე მის თვალებს, მე ვუყურებდი ხოლმე მის მხრებს, მის მკლავებს

და თითებით თითქოს ვფურცლავდი.

და მე ვხედავდი უცხო ცხოვრებას, უცხო დილას უცხო მშვიდობის. უცხო კოცნებს, უცხო კამათს, უცხო სიყვარულს.

და ვეხებოდი თითქოს თმას, ხელებს,

მივუყვებოდი მისი მხრების დაქანებას ფაქიზად მზერით.

ვტიროდი, საით გაემგზავრა ერთ ცხელ შუადღეს,

პოლონეთში, თუ ესპანეთში, თუ რომელ ტბებში რომელ დახრჩობის.

და ან რომელი თვითმფრინავის რომელ რეისის,

რომელი ტრაპის საფეხურზე ფეხი ამოდგა.

მე ვნახულობდი ბნელ სიზმრებში მის მუხლებს, დილის ექვს საათებს, შორ გზას და ტკივილს.

და არ მჯეროდა, რომ ოდესმე, რომ ის ჯვარი, რომ ჩემს ყელზე, რომ დილა, წვიმა, მაღვიძარას ტკბილი დუდუნი:

რეკავს. ბუმბალა! ხილვებია. შტრიხი – თენება,

გენეტიკური კოდის სუნი.

ათასწლეული იწურება ჩაის ლამბაქზე. ფრთხილად,

ტკბილია.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10