***

 

დილით დღეები ამერია. კვირა მეგონა და სანამ სამსახურიდან არ დარეკეს, წასვლაზე არც კი მიფიქრია. დავაგვიანე.

ვერ წარმოიდგენთ, ცხოვრება რამდენ სტერეოტიპს აგიყირავებთ – წიხლით, მუშტით, ქირქილით, ჯიქურ – დამცინავადაც.

წარმატებაში მართალი უნდა იყო-

სხვანაირად ჩალის ფასი აქვს ყველა ხმაურს.

როხროხს მაგონებს. მსუქანი და ქონიანი ხორცის შეხებას. ცხიმის ანაბეჭდს.

ადამიანში შეგიძლიათ რომ გაიაროთ – სულით სულში. კანით კანში. ძვლებით. სუნთქვით. ენით. თვალებით. სულ სხვანაირი სუბსტანციაა როცა გიყვარს. როცა შენია. როცა სრულიად მილიონიდან ერთი შანსი. ერთი დამთხვევა.

ჩემო მზეო. სულო ჩემო. ძვლებო ჩემო. ენის სიტკბოვ. კანის სისველევ.

წვიმა მოდისო. ქარი მოდისო. შენი ამინდი. ჩემი ამინდი. ბინდი. საღამო.

რახანია რაც ეჩვევი – არ იქნება ამ ცხოვრებაში, ისე, როგორც უნდა იყოს. როგორც გინდა, როგორც მინდა, როგორც გვინდოდა. როგორც მხოლოდ გვემახსოვრება, როცა მოვა სხვა საუკუნე და ღრჭიალით სხვა პლანეტას ჩამოაგორებს.

ბამბის რიგი. რკინის რიგი. ვერცხლის რიგი. ქვები, კიბე, საფეხურები.

ყოველი დღე სიგიჟეა, დავიწყების მორიგი ცდა. გოგირდის სუნი. ხავსი. სიყვითლე. კვდომა. ხველება.

ყელში ამოსვლას მინდა ერქვას ყვავილები, თხელი ფურცლებით.

ვიტყოდი:

სიცოცხლე მელნისფერი ყვავილებია ჩემ თიხის ტანში.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10