***

 

და როცა მიხვდი,

აღარ დარჩა რომანტიკის სადმე ადგილი –

გადაუარეს მოთქარუნე ცხენების ჯოგმა,

აუტანლად მოხმაურე ქარებმა და წვიმებმა და თოვლის ფიფქებმა.

გაფერმკთალებამ, გახუნებამ.

გამომშრალი, ნაზი სიტყვების მტვრის ნაწილებმა

წარიყოლეს სასოობანი –

როგორც იტყოდნენ ძველ წიგნებში,

სიყვარულისგან მიბნედილი ბანოვანები.

როცა იგრძენი,

აღარ დარჩა რომანტიკის წვეთიც, ნამცეციც,

აღარ დარჩა ჩახლართული თითების ჯვარი –

დაღლილი და მასიური ხის წაქცევა შუაგულ ტყეში.

იჯექი და დასტიროდი საკუთარი თავის სიკვდილს.

დასტიროდი მარტოობას, გზაჯვარედინზე

შუაღამის გამოქცევას თბილი სახლიდან,

სადაც მთვარე, ბებერი და აძაღლებული,

მოთარეშე ყველა ლექსში, ყველა განცდაში,

იყო ყველაზე დამცინავი ავადმყოფობა –

შემოდგომის ყვრიმალების ჩუმი სიყვითლე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10