ღია სტუდია - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
ღია სტუდია - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
  • სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციამ დაადასტურა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა და გამწვავებები კიდევ შეიძლება მოხდეს.
    რონდელის ცენტრის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციამდე, მსგავსი გართულებებისგან დაზღვეული არავინ იქნება, რაც, თავის მხრივ, აისახება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
    დაძაბულობის კიდევ ერთი ცენტრია შექმნილი უკრაინაში, სადაც საზღვარზე 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ზურაბ ბატიაშვილის ვარაუდით,ამჯერად დასავლეთი გაცილებით რეალისტურად აღიქვამს რუსეთის მიზნებს უკრაინის მიმართ. „ სავარაუდოდ, ზამთარში საომარი მოქმედებები არ უნდა იყოს მოსალოდნელი – ეს ომის დაუწერელი კანონია. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის სამხედრო ძალების სერიოზული მოდერნიზაცია მიმდინარეობს და სადღაც 2 წელიწადში უკრაინას ძლიერი თანამედროვე არმია ეყოლება, შესაძლოა, ახლავე საომარი მოქმედებების დაწყება პუტინისთვის ბოლო შანსი იყოს“ – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.
    მისივე აზრით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ოკუპაციაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრისას, თითქმის არ ისმის საქართველოს მაგალითი, რაც, მკვლევარის მოსაზრებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურებად“ უნდა ჩაითვალოს. ზურაბ ბატიაშვილი თვლის, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებით, საქართველო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

სტუმარი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: