საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა განიხილეს პრემიერმა და ჩინეთის ელჩმა შეხვედრაზე. დისკუსიისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას, საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია და აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან. ის არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ზიანს აყენებს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს და არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.