„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში - შეფასებები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. შეხვედრების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მომავალზე მსჯელობაა. დისკუსიები უკვე გაიმართა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. მაღალი რანგის შეხვედრები პეკინის გარდა, დაგეგმილია შანხაიშიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ჩინეთში მმართველი პარტიის ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია, თუმცა, ამ შეხვედრებმა შესაძლოა, მეგობარ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.