ყვითელჟილეტიანების მორიგი აქცია საფრანგეთში დაკავებებით დასრულდა.
პარიზსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში აქციის მონაწილეები მეცხრამეტეჯერ გავიდნენ ქუჩებში. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება საფრანგეთის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
საფრანგეთის ხელისუფლებამ აქციის გამართვა ელისეს მინდვრებზე აკრძალა. ამიტომ ყვითელჟილეტიანები მონმარტზე შეიკრიბნენ.
16 მარტს გამართული აქციისგან განსხვავებით, დემონსტრაციამ და შემდეგ მსვლელობამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად ყვითელჟილეტიანებს მაღაზიები არ დაურბევიათ, თუმცა პოლიციას რამდენიმე კანონდამრღვევის დაკავება მაინც მოუწია. მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს. სულ დაკავებულია დაახლოებით 70 ადამიანი. კიდევ 40 მომიტინგე სამართალდამცავებმა დააჯარიმეს, რადგან მათ პოლიციის მიერ განსაზღვრული ზონა დატოვეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით აქციებში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, თავად ყვითელჟილეტიანები აცხადებენ, რომ ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ.
აქციის უსაფრთხოებას ექვსი ათასი პოლიციელი იცავდა. მობილიზებული იყო სპეცტენიკაც.