სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. მხარეები სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და სამხედრო შეტაკებების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, დაწყებულია კონტრშეტევა. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ეკიპაჟი ცოცხალია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მთიანი ყარაბაღის არ აღიარებულმა ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. არსებული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება გამოაცხადა ნიკოლ ფაშინიანმაც. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოქალაქეებს მიმართა და სომხური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულა.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან