უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა. დიდთოვლობის გამო, შეზღუდულია გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავტომობილო გზებზე. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის დაყრა.
ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გარკვეულ მონაკვეთზე კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის მიზეზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.