არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მისამართით იერიშს განაგრძობდნენ. სომხური მხარის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა დასახლებულ პუნქტებზე, ასევე ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარედ შექმნილ ვითარებაზე, ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებები ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. აზერბაიჯანის თავდაცის უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები გააფართოვეს. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ განადგურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი რაოდენობა.