საპროტესტო აქცია სომხეთში

სომხეთში რამდენიმე ათასმა ადამიანმა აზერბაიჯანთან საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზის გახსნას ითხოვდნენ. საპროტესტო აქცია კორნიძორში გაიმართა, რომელიც ლაჩინის დერეფნის საზღვარზე მდებარეობს. ლაჩინის დერეფანი სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, რომელზეც გასულ თვეში აზერბაიჯანმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყო. დემონსტრაციაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადას უარყოფს და აცხადებს, რომ საგუშაგოს მოწყობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სომხურმა მხარემ დერეფანი იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა.