ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - შეფასებები

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტი ემსახურება, მათ შორის, ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე, ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ.