ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ - გამოხმაურება თბილისში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. წერილში ნათქვამია, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, „აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“. აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, დაიკარგა წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან. საქმე გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევასთან არა საომარ, არამედ მშვიდობიან დროს“, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მის გაუქმებას ითხოვს ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობა. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება გუშინ დაამტკიცა. აგარაკი რუსეთის საკუთრება გახდა. კომპლექსის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოსკოვს 49-წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია – წელიწადში 1 რუბლი. დოკუმენტს, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს, ხელი ე.წ. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ფაქტს გმობს და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად განიხილავს სალომე ზურაბიშვილი. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს სახალხო დამცველი. საგარეო უწყება კი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედებაა და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკას აგრძელებს. გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის მორიგ აგრესიულ ქმედებას უწოდებენ და ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ყველა იმ აქტის მიმართ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან თავსებადი არ არის.