ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები, შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლები დაიკითხნენ. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პროექტში ცვლილებების საქმის კურსში არ იყვნენ და მათი ბეჭედი და ხელმოწერები გაყალბებულია. მისივე მტკიცებით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი ვალდებული იყო პროექტში ცვლილებებისათვის ექსპერტიზა ჩაეტარებინა, რაც არ გააკეთა და სამუშაოები ექსპერტიზის გარეშე ჩაიბარა. გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. გიგაშვილის ადვოკატი კი პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომლითაც გიგაშვილს ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება ჰქონდა. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართება, შადრევნის პროექტის ავტორი შალვა ქურიძე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ჯამში 11 პირია ბრალდებული.