ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ის 9 ნოემბერს დააკავეს. ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. ქართველ ექიმს ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ე. წ. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზეა და არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთავს. თითქმის თვენახევრის განმავლობაში ქართული საზოგადოება აქტიურად ითხოვდა ქართველი ექიმის გათავისუფლებას, იმართებოდა აქციები, მათ შორის აქცია და მსვლელობა მოეწყო საოკუპაციო ხაზთან, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებმა და ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქართველი ექიმი ოკუპანტების უკანონო პატიმარია. გაიმართა თეთრი ხალათების აქცია თბილისში და საქართველოს რეგიონებში, რითაც ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
საერთაშორიო თანამეგობრობის მხრიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აყენებდა ამ საკითხს ყველა დონის შეხვედრაზე.
ვაჟა გაფრინდაშვილის ბოლო ე. წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 20 დეკემბერს გაიმართა. მას ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.