თვენახევარზე მეტი გაატარა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში.
პაციენტის დასახმარებლად ჩასულ ექიმს, დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა, რასაც ქართველი მედიკოსი არ აღიარებდა. სასჯელის ზომად ე.წ. სასამართლომ, ცნობილ ტრავმატოლოგს წელიწადი და 9 თვე განუსაზღვრა.
თუმცა გუშინ მოულოდნელად, შეწყალების საფუძველზე, ექიმი გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. მოკლე კომენტარების შემდეგ, მედიკოსმა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილმა მადლობა მხარდაჭერისათვის ოს ხალხსაც გადაუხადა.