საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველის ორი მოქალაქის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. უკანონოდ დაკავებულ გიორგი მელაძესა და დიმიტრი კორინთელს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ საზღვრის კვეთას ედავება. ოჯახებმა ინფორმაცია დაკავებულების შესახებ წითელი ჯვრის მეშვეობით გუშინ მიიღეს. დაკავებულებმა წითელი ჯვრის მეშვეობით გაავრცელეს ცნობა, რომ თავს კარგად გრძნობენ და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდებიან.

დიმიტრი და ხვიჩა კორინთელები და გიორგი მელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 29 ნოემბერს დააკავა. ერთი კვირის წინ კი დე ფაქტო რეჟიმმა უკანონო პატიმრობიდან მხოლოდ ხვიჩა კორინთელი გაათავისუფლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, კიდევ ორი დაკავებულის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელ გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენება როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.