უკვე ცნობილია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში მოსახვედრად იბრძოლებენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სია ოპოზიციის და უფლებადამცველთა მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. ოპონენტების მხრიდან განსაკუთრებული პროტესტი სიაში იმ მოსამართლეების აღმოჩენას მოჰყვა, რომლებიც დეკემბრის ბოლოს პარლამენტისთვის წარდგენილ 10-კაციან ჩამონათვალშიც ფიგურირებდნენ.
უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესება სურს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესაც, რაც ოპოზიციაში კითხვებს აჩენს. ოპონენტები იუსტიციის საბჭოში დაწყებულ კონკურსს ფარსად მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ 144-დან შესარჩევი და პარლამენტისთვის წარსადგენი 20-კაციანი შემადგენლობა წინასწარ უკვე შეთანხმებულია. პასუხად მმართველი გუნდი ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს იშველიებს და საკონკურსო პროცედურების სრულ გამჭვირვალობაზე მიუთითებს.