უმრავლესობის შეთავაზება ოპოზიციას

შეთანხმდებიან თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის საკითხზე. „ქართული ოცნების“ შეთავაზება და ოპონენტების განსხვავებული პოზიცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კოლეგებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ. შეხვედრები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი წევრი უკვე შეარჩია, დანარჩენ ორ პოზიციაზე კი ოთხი კანდიდატია წარდგენილი. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში შედგება, თუ მართველი გუნდი მის მიერ შერჩეული ოთხი კანდიდატის კენჭისყრას ჩააგდებს და პროცესს ხელახლა დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების“ ყველა შეთავაზებას ისინი ფარსს უწოდებენ. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, თითქმის ორი წელია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ.